Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ანტიევროპული იმპიჩმენტი" თუ კონსტიტუციის დაცვა? - პრეზიდენტის ბედი მალე გადაწყდება


1 სექტემბერს, საზღვარგარეთ მყოფმა პრეზიდენტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო - მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღო.
1 სექტემბერს, საზღვარგარეთ მყოფმა პრეზიდენტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო - მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღო.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სამართლებრივი ნაწილი ბევრისთვის მოსალოდნელი შედეგით დასრულდა - საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის საფუძველი დაადგინა. პროცესი პარლამენტში გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ექვსმა მოსამართლემ გაიზიარა „ქართული ოცნების“ დეპუტატების პოზიცია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, როცა ის გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში მთავრობის უარის მიუხედავად გაემგზავრა.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის საკითხი მარტივია - „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისთვის სჯის.

„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ომი“ საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო, დამარცხდა და ახლა გადადგომაზე უნდა ფიქრობდეს.

„არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 16 ოქტომბერს, გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე.

  • როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

რა დაარღვია პრეზიდენტმა?

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის მოთხოვნა, როცა მთავრობის თანხმობის გარეშე ჩავიდა ევროპის სამ ქვეყანაში, ევროინტეგრაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებული დეკლარირებული მიზნებით და კონსტიტუციის დარღვევა ვერ გამართლდება იმ საფუძვლით, რომ „დარღვევა კეთილ მიზანს ისახავდა“.

„სასამართლო ადასტურებს, რომ ხსენებული კონსტიტუციური დანაწესის დარღვევა გულისხმობს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში შეჭრას და ამ მიზეზით, საფრთხის შემცველია ხელისუფლების დანაწილების, მმართველობის საპარლამენტო მოდელის ქმედითი ფუნქციონირებისა და არსებული კონსტიტუციური სისტემის მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით“, - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელიც უკვე ძალაშია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი „მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას“.

იმპიჩმენტის პროცედურაზე მსჯელობისას, ექსპერტები რადიო თავისუფლებასთან, სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ, რომ - „ოცნების“ მიმართ ლოიალური შემადგენლობით, საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, როგორიც 16 ოქტომბერს გამოცხადდა.

„არანაირი ზეწოლა არ ყოფილა... არ გვჭირდება ზეწოლა... ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, - უთხრა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივაციასა და ტენდენციურობას ხედავს - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში, ცხარე განხილვების დროს, პრეზიდენტის პოზიციას წარმოადგენდა.

16 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების [„ქართული ოცნების“ დეპუტატები] მოსაზრებები“ ისე, რომ „ცვლილებაც კი არ შეიტანა ტერმინებით“ და „სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ მიდგომებს“.

გამოქვეყნებულ დასკვნაში საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ ავალდებულებს პარლამენტის წევრებს იმპიჩმენტურ ვერდიქტს დაუჭირონ მხარი“ და „პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტისას მათ უნდა იმოქმედონ იმპიჩმენტის იდეისათვის შესატყვისი პოლიტიკური კრიტერიუმებით და ამის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება“.

გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე, თავად სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც“ და „დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება“ ქვეყანა, სადაც შტოებს შორის ბალანსი არ არსებობს.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა რცხვენოდეს და „პრეზიდენტის გარდა“ ამ ქვეყანაში აღარ არსებობს „დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი“.

შედეგით კმაყოფილია „ქართული ოცნება“.

პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს აღნიშნა, რომ, კონსტიტუციის დარღვევით, „ომი დაიწყო“ სალომე ზურაბიშვილმა და „მან ეს ომი წააგო". „მე მის ადგილზე რომ ვიყო, საერთოდ გადავდგებოდი“, „ის დღეიდან მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად“, - თქვა კობახიძემ.

„სადაც შენ თვალს დახუჭავ კონსტიტუციის უზენაესობაზე, იქ მთავრდება ევროპა, ამიტომ ჩვენ არ გვქონდა არავითარი უფლება თვალი დაგვეხუჭა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე, იმიტომ ეს იქნებოდა ჩვენი უპასუხისმგებლობა არა მარტო კონსტიტუციის მიმართ, არამედ ჩვენი ევროპული გზის მიმართაც“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

პროცესი პარლამენტში გაგრძელდება

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს შეუძლია საერთოდ არ უყაროს კენჭი იმპიჩმენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის არსებობის მიუხედავად. მაგრამ „ოცნება“ კენჭისყრას მიმდინარე კვირაში გეგმავს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს განხილვისთვის ორკვირიანი ვადა აქვს, თუმცა, რადგან პარლამენტში სხდომები ამ კვირაში ტარდება, აჯობებს, რომ საკითხი ამ კვირაში გადაწყდეს.

გეგმის თანახმად, 17 ოქტომბერს, ბიუროს სხდომაზე წარადგენენ საკითხის განხილვის გრაფიკს.

რეგლამენტის თანახმად, საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომლის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში მივა, „პატარა კაცებთან“ დასადგომად მხარდამჭერი არ სჭირდება და ოპოზიციას ურჩია, რომ ძლიერი სურათის შესაქმნელად „გარეთ დადგნენ“ და „დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ“.

პრეზიდენტს არ უსარგებლია საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლებით. მის პოზიციას მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი გამოხატავდნენ.

საიას ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოახერხა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაზიანება, რადგან ეს საკითხი ზრდის პოლარიზაციას, რომლის დაძლევაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციაშია გაწერილი.

„ისინი [„ოცნების“ წარმომადგენლები] თავს დაესხნენ იმ პოლიტიკურ ფიგურას [პრეზიდენტს], რომელიც ცდილობდა ხელი შეეწყო ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. როგორც არ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც მიდის „ქართული ოცნების“ საგარეო-პოლიტიკურ კურსთან. იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრაც კი იყო ამ პროცესის დაზიანება“, - ეუბნება სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას.

რა მოხდება მაშინ, თუკი სალომე ზურაბიშვილი დარჩება პოსტზე და საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებსაც გააგრძელებს?

იურისტის განმარტებით, „ოცნებას“ თეორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ნებისმიერ დროს ისევ დააყენოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, როგორც სხვა ვიზიტების, ასევე საერთაშორისო ლიდერების მასპინძლობისა თუ სატელეფონო საუბრების გამო, თუკი სალომე ზურაბიშვილს მთავრობის ნებართვა არ ექნება.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, ნიკა სიმონიშვილის თქმით, „არავინ არის ვალდებული, რომ გაითვალისწინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“.

ოპოზიციაში „სახელმწიფოს მიტაცებასა“ და კონსტიტუციური ორგანოების ნგრევაზე ლაპარაკობენ. მათი პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტს „ქართული ოცნება“ ევროპელ ლიდერებთან - ემანუელ მაკრონთან, ოლაფ შოლცსა და შარლ მიშელთან სტუმრობისთვის სჯის.

იმპიჩმენტის პროცედურას ბიძინა ივანიშვილის მიერ მოწყობილი და ქვეყნის დამაზიანებელი „პოლიტიკური ცირკი“ უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ და თქვა, რომ ეს ყველაფერი „ევროინტეგრაციის საბოტაჟს ემსახურება“. მსგავსი შეფასებებია სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.

გროვდება 100 ხმა?

იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მიიყვანოს - „ქართულ ოცნებას“, სულ ცოტა, 100 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება, რაც ამ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენია. „ოცნებისა“ და მისი განაყოფის - „ხალხის ძალის“ ერთობლივ საპარლამენტო უმრავლესობაში სულ 84 დეპუტატია. იმპიჩმენტის პროცედურისთვის მათ 16 მანდატი აკლიათ.

ამ ხმების მობილიზების ნიშნები არ ჩანს, თუმცა ოპოზიციასა და ექსპერტულ წრეებში კვლავ არაფერს გამორიცხავენ.

წინასწარი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, იმ დღეს სხდომათა დარბაზში საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი და მოუწოდებს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მათაც იგივე გააკეთონ.

„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ ამ ეტაპზე 20 დეპუტატს ითვლის. ნაკლულ პარლამენტში ამჟამად სულ 140 დეპუტატი ირიცხება.

16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არაერთი წარმომადგენელი მიანიშნებდა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანის იმედი არა აქვთ.

„იმპიჩმენტი ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა... ჩვენ მიზანი გვქონდა, ყველასთვის გვეთქვა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და მან ეს უნდა იცოდეს“, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

უმრავლესობის წარმომადგენელი კიდევ ერთი დეპუტატის - გიორგი კახიანის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, „რათა [პრეზიდენტს] განმეორებით ასეთი ქმედებების ჩადენა თავში არ მოუვიდეს“.

ექსპერტთა წრეში იმპიჩმენტის პროცედურას თავიდანვე მარცხისთვის განწირულად თვლიდნენ.

ნიკა სიმონიშვილი გვეუბნება, რომ საკითხის ჩავარდნის შემთხვევაშიც კი, „ქართული ოცნება“ მიაღწევს შედეგს, რომელსაც „მსუსხავი ეფექტი“ ექნება ყველა მომავალი პრეზიდენტისთვის - „რომ უნდა იყოს ჩუმად და დაემორჩილოს მკაცრ პარტიულ ვერტიკალს“.

სალომე ზურაბიშვილი ბოლო არჩეული პრეზიდენტია და მას უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის ბოლოს ეწურება.

თუკი პარლამენტში მისი იმპიჩმენტი მაინც შედგება, მომავალ პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიის 300-წევრიან შემადგენლობაში შედიან როგორც დეპუტატები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები. ტარდება ღია კენჭისყრა, დებატების გარეშე.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG