Accessibility links

site logo site logo

ან ბოდიში, ან სიკვდილი: ვინ და რატომ ემუქრება გიორგი გაბუნიას საქმის მოწმე ჰასან ხალიტოვს


ჰასან ხალიტოვი

საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ბიზნესმენი ჰასან ხალიტოვი, როგორც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის მომზადების მოწმე, საქართველოს სპეცსამსახურებმა შარშან ზაფხულში დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღესვე გაათავისუფლეს, ხალიტოვის ცხოვრება ამის შემდეგ ნამდვილ კოშმარად იქცა.

რუსული სპეცსამსახურები საქართველოს ტერიტორიაზე ჩემს მოკვლას გეგმავენო, ამბობს ხალიტოვი, რომელიც თავს საქართველოს აფარებს. მან აუდიოჩანაწერიც მოიპოვა, სადაც, ხალიტოვის მტკიცებით, უცნობი ქალი და მამაკაცი სწორედ მისი მოწამვლის შესაძლებლობას განიხილავენ.

ხალიტოვი საქართველოში ავტომობილის ბიზნესით იყო დაკავებული - ფლობდა ავტომომსახურების სალონს, ყიდდა სათადარიგო ნაწილებს და გზავნიდა ავტომობილებს რუსეთში.

მაგრამ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე საქართველოში დაპატიმრებული ვასამბეკ ბოკოვის მოქმედების შედეგად, ჰასან ხალიტოვი იძულებული გახდა, დამალულიყო - დაკარგა ბიზნესი და აღმოჩნდა სასიკვდილო რისკის წინაშე, ვინაიდან, როგორც ამტკიცებს, მას და მისი ოჯახის წევრებს ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მხრიდან ახლაც ემუქრება ანგარიშსწორების საფრთხე.

რადიო თავისუფლების პროექტ „კავკაზ რეალიისთან“ ინტერვიუში ჰასან ხალიტოვმა თქვა, თუ ვის და როგორ სურდა მისი მოწამვლა, რატომ განაგრძობს იგი რამზან კადიროვის მხილებას და როგორ აღმოჩნდა დაკავშირებული ჩეჩენ კრიმინალურ ავტორიტეტთან, რომელთან ნაცნობობაც მისთვის კინაღამ საბედისწერო შეიქნა.

„პოლიციას მე თავად შევატყობინებდი“

საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ბიზნესმენი ჰასან ხალიტოვი ქართველმა სამართალდამცველებმა შარშან 15 ივნისს დააკავეს კიდევ ორ ჩეჩენთან ერთად, რომელთა ვინაობასაც, მათივე თხოვნით, ხალიტოვი არ ასახელებს. ისინი მეორე დილითვე გამოუშვეს. გაირკვა, რომ სამივე დაკავებული მოწმედ გადის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მიზნით ჩაფიქრებული თავდასხმის საქმეზე.

2020 წლის 12 ივნისს საქართველოს სპეცსამსახურებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც, გავრცელებული ცნობით, რამზან კადიროვის მიერ იყო გამოგზავნილი გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იმ უცენზურო გამონათქვამებისთვის, რომლითაც მან 2019 წელს პირდაპირ ეთერში მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

მკვლელობის შემსრულებელი, ანუ კილერი, აღმოჩნდა ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც ჰასან ხალიტოვს გაეცნო, როგორც ახმედი. სინამდვილეში კი მისი ნამდვილი სახელია მაგომედ გუციევი, რომელთანაც ხალიტოვი მისმა უკრაინელმა ნაცნობმა, ვინმე ბაშლამმა, დააკავშირა.

„თავდაპირველად ახმედმა მითხრა, რომ მას სჭირდება „ბეემვეს“ მარკის ავტომობილის მოტორი უკრაინაში გასაგზავნად, რადგან საქართველოში იაფია. მე მას ამაში დავემხმარე. შემდეგ ჩამოფრინდა და მთხოვა მანქანის ყიდვაში დავხმარებოდი. იყიდა, გაფრინდა, ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა და დარჩა აქ (საქართველოში) რამდენიმე თვით“, - ჰყვება ჰასან ხალიტოვი, რომელიც ფიქრობს, რომ კადიროვის მიერ გამოგზავნილი სავარაუდო კილერი მასთან ურთიერთობას იყენებდა, როგორც ერთგვარ შირმას.

„მის მიმართ ეჭვი რომ გაფანტულიყო, ის მე მიყენებდა, ბიზნესსაქმიანობის იმიტაციას ახდენდა... მე სულელმა კი ეს არ ვიცოდი და ვენდობოდი. იმთავითვე რომ მცოდნოდა, რისთვის იყო ჩამოსული „ახმედი“, პოლიციას ამას მე თავადვე შევატყობინებდი“, - ამბობს ჰასან ხალიტოვი, რომელიც დასძენს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ჩეჩენი ხელისუფლებას კონტროლზე ჰყავს აყვანილი და მას რაიმე კავშირი რომ ჰქონოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელთან, ის და მისი მეგობრები თავს ვერ დააღწევდნენ საქართველოში სულ მცირე 15-წლიან პატიმრობას.

ამჟამად ჰასან ხალიტოვი რამზან კადიროვის კრიტიკითა და ინტერნეტში შესაბამისი ვიდეორგოლების გავრცელებითაა ცნობილი, რადგან დარწმუნებულია, რომ კადიროვს მისი მოშორება სურს.

„კადიროვის ხალხი ფიქრობს, რომ გაბუნიას მკვლელობა მე ჩავფუშე, როცა პოლიციასთან მათი კაცი დავასმინე. შესაძლოა, ისინი ამაში თავად ვასამბეკმა დაარწმუნა, რათა ჩემთვის გადმოებრალებინა ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ისინი შეეკითხნენ, თუ რატომ ჩავარდა ოპერაცია“, - ამბობს ხალიტოვი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თუ ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელი რამზან კადიროვის დაახლოებულმა გარემოცვამ გამოგზავნა საქართველოში, მისი, როგორც მოწმის, მოშორებით მოსკოვის უშიშროების სამსახურის თანამშრომელია დაკავებული.

ახმედის, ანუ ბოკოვის, დაპატიმრების შემდეგ ჰასან ხალიტოვს უკრაინიდან კვლავ დაუკავშირდა ბაშლამი, რომელმაც, როგორც ზემოთ ითქვა, გააცნო მას რამდენიმე თვის წინ გაბუნიას მკვლელობის განზრახვაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი. ბაშლამი ცდილობდა დაერწმუნებინა ხალიტოვი იმაში, რომ ბოკოვი არავითარი კილერი ან კადიროვის კაცი არ არის და ის მხოლოდ სხვებმა გამოიყენეს, ისევე როგორც ჩეჩნებს ყველგან იყენებენ.

„იმ მომენტში მე მას დავუჯერე. ბაშლამმა მთხოვა ნებართვა, რომ ჩემი ნომერი მიეცა ახმედის ბიძაშვილისთვის. ამის შემდეგ დამიკავშირდა „მაირბეკი“. შემდგომში გავარკვიე, რომ ეს არის კაზბეკ დუკუზოვი, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი. პირველი დარეკვის შემდეგ მან მთხოვა, ვინმე გამეგზავნა მასთან გროზნოში, რომ [ვასამბეკ ბოკოვის] ადვოკატის მისაცემი ფული გამოეტანებინა. მე ასეც მოვიქეცი და ჩემს ნაცნობს 5 000 დოლარი ნაღდი ფული გადასცეს. საბოლოოდ მე მოველაპარაკე ადვოკატს, მაგრამ ვერ მოვასწარი მისი დაქირავება. ფულის მიღებიდან მეორე დღესვე ჩემგან თანხა ამოიღეს - [პოლიციელები] პირდაპირ სახლის გვერდით დამხვდნენ“, - ამბობს ჰასან ხალიტოვი.

ჩეჩენი დისიდენტის თქმით, საქართველოს პოლიციამ ამ თანხის შესახებ მარტივად შეიტყო, რადგან საქართველოში ეჭვის შეტანა შეუძლიათ თუნდაც ისეთ ადამიანში, რომელიც უბრალოდ დაელაპარაკება კრიმინალურ ავტორიტეტს. ჰასან ხალიტოვი ფიქრობს, რომ პოლიცია და სპეცსამსახურები საქართველოში მასაც უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ.

კაზბეკ დუკუზოვი, ილეზი და ხალიტოვის მოწამვლის გეგმა

მაგრამ, როგორც ჩანს, ხალიტოვსაც ჰყავს თავისი წყაროები რუსეთის ფედერალურ და ჩეჩნეთის ადგილობრივ ხელისუფლებებში.

მათი საშუალებით ხალიტოვს ხელთ ჩავარდნია აუდიოჩანაწერი, რომელზეც მის მოკვლაზე საუბრობენ მამაკაცი და ქალი. როგორც ხალიტოვი აცხადებს, კაცის ხმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე") თანამშრომელს, სახელად ილეზს, ეკუთვნის, ხოლო ქალის ხმა დაღესტნელი ჩეჩენი მილანა აბდუსალიმოვასია, რომელიც ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება და რომელსაც, სავარაუდოდ, კრიმინალური გეგმის შესრულება დაევალა.

„ჩანაწერზე ილეზი და ეს ქალი დაშიფრულად საუბრობენ. „შხამის“ ნაცვლად ისმის სიტყვა „ბრილიანტი“. ილეზი ეუბნება: თუ მას ფეხსაცმელი მოერგება, მაშინ ფეხსაცმელს მივყიდით“. როგორც მე მივხვდი, ის სთავაზობდა ქალს, საწამლავი საჭმელში ჩაეყარა ან ფეხსაცმელში. ის კი უპასუხებს, რომ მოამზადებს რაიმე საჭმელს და სტუმრად დამპატიჟებს. შესაძლოა, ეს ყოფილიყო შხამი, რომელიც კანიდან შედის. ვიცი კიდევ ის, რომ შხამი მისთვის უკვე თბილისში უნდა გადაეცათ“, - ჰყვება ჰასან ხალიტოვი.

ამ ინტერვიუში ნახსენები ქალის, მილანა აბდუსალიმოვას, შესახებ ინფორმაცია კი ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა, „1ადატ“-მა, გამოაქვეყნა.

სწორედ აბდულასიმოვას უამბია ჰასან ხალიტოვისთვის მისი მოწამვლის გეგმის შესახებ. უცნობი ქალის საქციელს საქართველოში მცხოვრები ყოფილი ჩეჩენი ბიზნესმენი „სინდისის კარნახით“ ხსნის.

„ილეზი მას ასევე ეუბნება, რომ ვასამბეკმა მე გამანდო ჟურნალისტის მკვლელობის ჩანაფიქრი, მე კი ეს ამბავი სპეცსამსახურებს შევატყობინე და ვითომ მე მათზე ვმუშაობ. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. ქალი ამ ყველაფერს იწერდა. არ ვიცი, თუ რატომ მიამბო მან ეს ყველაფერი. როგორც განმარტა, ამიერიდან სურს სინდისის კარნახით იცხოვროს“, - ამბობს ჰასან ხალიტოვი.

ხალიტოვი მიიჩნევს, რომ როგორც გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის, ისე მისი სავარაუდო მოწამვლის უკან პირადად ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი დგას.

იგი შიშობს, რომ ჩეჩნეთში მყოფ მის მამაზე, ძმასა და დაზე სპეცსამსახურები ზეწოლას მოახდენენ და, იქ გავრცელებული ტრადიციის თანახმად, მათ, სავარაუდოდ, აიძულებენ ბოდიში მოუხადონ კადიროვს და საჯაროდ უარყონ მოწამვლის ვერსია.

„მათ სურთ, რომ გავჩუმდე და უკან წავიღო ჩემი სიტყვები ვასამბეკსა და თავდასხმაზე, ვაღიარო, რომ ეს იყო ფეიკი. როგორც ფილმ „სახელმწიფოს მტერშია“, მე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი სპეცსამსახურებთან, კადიროველებსა და მათ ჯაშუშებთან მტრობაში. მე ეს სრულიადაც არ მინდოდა. კარგადაც არ მესმის, თუ რა ხდება იქ. მაგრამ კადიროვის ხალხი ჭკუას კარგავს პატიების თხოვნაზე. ვინც ისინი გალანძღა, ან აუცილებლად უნდა ითხოვოს პატიება, ან უნდა მოკვდეს“, - ამბობს ჰასან ხალიტოვი.

იგი არ გამორიცხავს, რომ ვასამბეკ ბოკოვის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო მასზე შურისძიება სცადოს პირადად კაზბეკ დუკუზოვმა.

მით უფრო, რომ ბოკოვსა და დუკუზოვს, როგორც შვედეთში მცხოვრები ცნობილი ჩეჩენი დისიდენტი ტუმსო აბდურახმანოვი წერს, მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებთ ერთმანეთთან დანაშაულებრივი საქმიანობა.

ვასამბეკ ბოკოვმა 2000-იან წლებში ჩხუბის დროს მოკლა საკუთარი თანაკურსელი და მიიმალა. მან შეძლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადასვლა, სადაც ასევე აღმოჩნდა კაზბეკ დუკუზოვი, რუსული გამოცემა „ფორბსის“ მთავარი რედაქტორის, პოლ ხლებნიკოვის, მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი და შემდეგ სასამართლოს მიერ გამართლებული.

2010 წელს ორივე, ბოკოვი და დუკუზოვი, დუბაიში გაასამართლეს და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აზერბაიჯანელ ბიზნესმენზე თავდასხმის გამო, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ისინი ამნისტიის საფუძველზე საპატიმროდან გამოვიდნენ და ჩეჩნეთში დაბრუნდნენ.

ჩეჩნეთში ისინი ცხოვრობდნენ ე.წ. ნეფტოპოლკის ტერიტორიაზე, სადაც, ტუმსო აბდურახმანოვის თქმით, მათ არავინ ეძებდა.

მოგვიანებით დუკუზოვმა კავშირი დაამყარა კადიროვის გარემოცვასთან. თავისუფლად ცხოვრობდა, ააშენა სახლი და ძვირად ღირებული „მაიბახით“ დადიოდა, ხოლო გუციევი გადაკეთებული პასპორტით უკრაინაში გაემგზავრა საცხოვრებლად.

აბდურახმანოვის ვერსიით, გუციევ-ბოკოვი შარშან დააკავეს თბილისში უკრაინული სპეცსამახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის კვალობაზე (უკრაინაში მის მიმართ ასევე არსებობს პრეტენზიები), ხოლო დუკუზოვი ჩეჩნეთში წაახალისეს იმ მკვლელობებისთვის, რომლებიც რამზან კადიროვის ხელისუფლების ინტერესებს უპასუხებდა.

ბლოგერის თანახმად, დუკუზოვი უნდა იდგეს, ასევე, შარშან ივლისში ვენაში მოკლული დისიდენტის, ანზორის, იმავე მამიხან უმაროვის, მკვლელობის უკან.

თავის გარემოცვაში დუკუზოვი არაერთხელ შეუქია ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, რომელმაც ქართველ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG