Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაჯანსაღი და სახიფათო მოვლენა საქართველოს მომავლისათვის


იან კელი, დევიდ კრამერი
იან კელი, დევიდ კრამერი

პოლიტიკური კულისებიდან ვითარების მართვის არაჯანსაღი პრაქტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს, პოლიტიკური კრიზისის ყოველი დღე საქართველოს შესაძლებლობებისათვის დაკარგული დღეა და საქართველოში სწრაფად თუ ვერ მოხერხდა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა, ფასის გადახდა საქართველოს ხალხს მოუწევს, - ასეთი იყო ის ძირითადი პოლიტიკური მესიჯი, რომელიც „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ (German Marshall Fund) 23 მარტს ორგანიზებულ ონლაინ-დისკუსიაზე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გარშემო საუბრის დროს წარმოთქვეს ამერიკელმა დიპლომატებმა იან კელიმ და დევიდ ჯ. კრამერმა.

„ჩვენ არც ერთის მხარეზე არ ვართ, არც ოპოზიციის და არც მთავრობის. ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ, თუ როგორ იტანჯება საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, იმისათვის რომ საქართველომ შეძლოს წინსვლის გაგრძელება. ეს არის საქართველოს ინტერესი და ეს არის აშშ-ის ინტერესიც“, - განაცხადა დევიდ კრამერმა.

აღსანიშნავია, რომ იან კელი და დევიდ კრამერი არიან ავტორები საქართველოს შესახებ გასულ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშისა „ზღვარზე მყოფი ქვეყანა: საქართველოს დახმარების საქმე“.

მასში გაანალიზებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ნაჩვენებია ქვეყნის ადგილი ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და საუბარია იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს, როგორც „რეგიონში დემოკრატიის კუნძულის“ რეპუტაციას.

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის მეცნიერ-თანმშრომელი დევიდ ჯ. კრამერი კარგად იცნობენ საქართველოს, მიაჩნიათ, რომ სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა სტრატეგიული მნიშვნელობისაა დასავლეთისთვის, ხოლო, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, საქართველოს შეუძლია „მოდელის როლი ითამაშოს“ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.

ზემოხსენებულ ანგარიშში მოტანილი ეს შეფასება დევიდ კრამერმა 23 მარტს გამართული დისკუსიის დროსაც გაიმეორა და კვლავ მოუწოდა აშშ-ს უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. ეს შეეხება როგორც კონსულტაციებს, ისე კონკრეტულ ნაბიჯს, რაც კელისა და კრამერის რეკომენდაციებში აისახა.

  • მეტი ყურადღების ჩვენება საქართველოს წარმატებების მიმართ, მათ შორის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მეშვეობით.
  • საქართველოს წახალისება, დარჩეს დემოკრატიულ, პროდასავლურ გზაზე.
  • საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის კარების ღიად დატოვება.
  • საქართველოსთვის დახმარების გაწევა თავდაცვაში.
  • საქართველოს მიმართ რუსეთის მუქარების მოგერიება.
  • საქართველოს დახმარება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების - მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის - ჩამოყალიბებაში.
  • თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შეძლებისდაგვარად სწრაფი ხელმოწერა და სხვ.

საქართველოში უნდა დარულდეს კულისებიდან მართვის პრაქტიკა

„2021 წელს საქართველო სტრატეგიულ შემოტრიალების წერტილშია - ის იმყოფება ზღვარზე პლურალიზმსა და ერთპარტიულ მმართველობას, დასავლეთის დემოკრატიულ თანამეგობრობასთან ინტეგრაციასა და რუსეთთან მორგებას შორის“, წერენ კელი და კრამერი. მათი თქმით, საქართველოს მომავალი, „უპირველეს ყოვლისა, თავად ქართველების ხელთაა“.

შესაბამისად, ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდანაც თავად საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოძებნონ კომპრომისის გზით გამოსავალი, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას პოლიტიკური კულისებიდან მართვის პრაქტიკას და დასრულდეს „პერსონიფიცირებული პოლიტიკა“ , რასაც დევიდ კრამერმა 23 მარტს გამართული დისკუსიის დროს „არაჯანსაღი“ ვითარება უწოდა.

“ვისაც სურს მოიპოვოს გავლენა და ძალაუფლება საქართველოში, მან ან არჩევითი თანამდებობა უნდა დაიკავოს, ან თანამდებობაზე პარლამენტის მხარდაჭერით დაინიშნოს. მაგრამ როდესაც არსებობს ვიღაც, ვინც კულისებიდან მართავს მოვლენებს, ეს არ არის ნორმალური საქართველოს განვითარებისთვის. ვიცი, რომ ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს პოლიტიკას, მაგრამ აშკარაა, რომ ის კულისებიდან მართავს პროცესებს. საქართველოს სჭირდება უარი თქვას ამ ერთობ პერსონიფიცირებულ პოლიტიკაზე, იქნება ეს სააკაშვილი თუ ივანიშვილი. საქართველოს სჭირდება ფართოდ მხარდაჭერილი პოლიტიკური პლატფორმები. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალაუფლების იმისთვის გამოყენება, რომ ოპოზიციამ ვეღარასოდეს შეძლოს ხელისუფლებაში დაბრუნება, ასეთი აზროვნება არაჯანსაღია“, - განაცხადა დევიდ კრამერმა 23 მარტს ონლაინ გამართულ დისკუსიაში, რომელსაც დისტანციურად ოცზე მეტი ექსპერტი და ჟურნალისტი ადევნებდა თვალს, მათ შორის საქართველოდან.

ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა შესაძლო სანქციებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაზეც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების, განსაკუთებით მთავარი ოპიზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას, ძალის გამოყენებით დაპატიმრების შემდეგ ისმის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი მიიჩნევს, რომ სანქციებზე უფრო მეტად ახლა საჭიროა პოლიტიკური კომპრომისი, ურომლისოდაც საქართველო ვერ შეძლებს თავისი უმთავრესი საერთაშორისო პოლიტიკური პრიორიტეტის რეალიზებას.

„მე ვფიქრობ, რომ ახლა არ არის საჭირო სანქციებზე საუბარი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ამჟამინდელ სტატუს-კვოზე, რომელიც დაბრკოლებას უქმნის საქართველოს მისი უმთავრესი საერთაშორისო პრიორიტეტის მიღწევის გზაზე, მაშინ, ჩემი აზრით, ეს საკმარისი სტიმული უნდა იყოს ორივე მხარისათვის კომპრომისის მისაღწევად. ვფიქრობ, რომ ამ საკითხში ნატოს პოზიცია რეალურად ბევრად უფრო მკაფიო იყო. მინდა მოვისმინო, რომ ევროკავშირი მარტივად იტყვის: „ეს დაუშვებელია“. რომ არსებული სიტუაცია ვერ მიგიყვანთ თქვენი სგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტამდე, ევროკავშირში გაწევრიანებამდე“, - განაცხადა იან კელიმ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში, საბოლოოდ, წარმატებით დასრულდება ევროკავშირის მედიაციით დაწყებული პოლიტიკური დიალოგის პროცესი. მის ამ ოპტიმიზმს იზიარებს დევიდ კრამერიც.

ყოველი მომდევნო დღე - შესაძლებლობებისათვის დაკარგული დღე

საქართველოს, რომელიც ესწრაფვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას, კარგად ასრულებს როგორც ნატოს პარტნიორი, ნაკისრ ვალდებულებას, განსაკუთებით ალიანსის საერთაშორისო ოპერაციებში შეტანილი წვლილით, აღნიშნა 23 მარტს გამართულ დისკუსიაში დევიდ კრამერმა, რომელსაც მხედველობაში ჰყავდა ავღანეთში ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცების გვერდით მყოფი 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

მაგრამ როცა საქმე შეეხება დემოკრატიას, აქ საქართველომ ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ აგრძელებს ამ გზით სიარულს, რისი დასტურიც უნდა გახდეს არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარება.

„ჩვენ არც ერთის მხარეზე არ ვართ, არც ოპოზიცის და არც მთავრობის. ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ, როგორ იტანჯება საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, იმისათვის რომ საქართველომ შეძლოს წინსვლის გაგრძელება. ეს არის საქართველოს ინტერესი და ეს არის აშშ-ის ინტერესიც. ამიტომ გვჯერა, რომ რადაც არ უნდა დაჯდეს, ეს პრობლემა სწრაფად გადაიჭრება. კრიზისის ერთი ზედმეტი დღე საქართველოს შესაძლებლობისათვის დაკარგული დღე იქნება. ეს კრიზისი უნდა გადაიჭრას, რადგან არ არის ნორმალური ქვეყნისა და საქართველოს მოსახლობისთვის, რომელიც პანდემიას ებრძვის და რომელსაც ფასის გადახდა მოუწევს, თუ კრიზისი სასწრაფოდ არ გადაიჭრა“, - განაცხადა კრამერმა.

23 მარტს გამართული დისკუსიის განმავლობაში რამდენჯერმე გაესვა ხაზი ევროკავშირის ინიციატივით საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ მიმართული მედიაციის პროცესს, რომელიც ამ კვირის ბოლოს კვლავ განახლდება.

იან კელიმ და დევიდ კრამერმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი მოუთმენლად მოელიან აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს დაგეგმილ ღონისძიებას. სენატის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების ქვეკომიტეტი გამართავს მოსმენას საკითხზე "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში".

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხდომას უხელმძღვანელებს ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი. ის ერთ-ერთი იყო იმ ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შორის, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის გამო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG