Accessibility links

არასამთავრობოები პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს არ შესთავაზებენ


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეთანხება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ. 20 აგვისტოს ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო სექტორთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე. პრეზიდენტის მრჩევლის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას კანდიდატურასთან დაკავშირებით.

"მთელი ამ პროცესის განმავლობაში შევხვდით უამრავ აქტორს და ყველა მათგანი, ვინც მართლმსაჯულების თემაზე მუშაობს, ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სწორედ ამ მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო ძალისხმევა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად და პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ ამ პროცესში ჩართულიყო სამოქალაქო წრეების ფართო წარმომადგენლობა და დაესახელებინა შესაბამისი კანდიდატი. სამწუხაროდ, ამ ფორმატთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი უახლოეს მომავალში მიაწვდის საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

განსაკუთრებით გაშიშვლდა ეს პრობლემა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა. გადადგომა არ არის პრობლემა, მაგრამ ფონი, რომელიც წინ უსწრებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ ის იყო ზეწოლის მსხვერპლი, ამ ფაქტის მიმართ გულგრილს ვერ დაგვტოვებდა.
გიორგი მარგველაშვილი

ის, რომ სამოქალაქო სექტორი საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატს არ შესთავაზებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. ეკა გიგაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ პროცესის მონიტორინგს განახორციელებენ: "ჩვენ ვაწარმოებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად, ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ კანდიდატურას. გარდა ამისა, ეს არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, მან უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ადამიანზე, რომელიც წარდგენილი იქნება პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის უნიკალური შანსი, შეირჩეს ისეთი ადამიანი სასამართლოში, რომელიც მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც არის ამ სისტემაში. თუ შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხდება, ჩვენ დავკარგავთ დიდ შანსს, რომ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც გვაქვს სასამართლოში".

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს: „განსაკუთრებით გაშიშვლდა ეს პრობლემა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა. გადადგომა არ არის პრობლემა, მაგრამ ფონი, რომელიც წინ უსწრებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ ის იყო ზეწოლის მსხვერპლი, ამ ფაქტის მიმართ გულგრილს ვერ დაგვტოვებდა. მინდა ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, რომ განახორციელოს რეფორმა", - განაცხადაგიორგი მარგველაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა. სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნინო გვენეტაძე მიზეზად ასახელებდა ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც მოითხოვს „რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ.“ ნინო გვენეტაძემ დატოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაც.

2017 წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა. მაშინ სასამართლოს თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ საბჭოს წევრების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა. იმავე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დაპირისპირების გამო გვენეტაძემ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.

ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2015 წლის 20 მარტიდან ხელმძღვანელობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG