Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არაფერია გაკეთებული" - "მიონის" მოზაიკა, რის დაზიანებამაც ხალხი აღაშფოთა, ისევ არ აღუდგენიათ


თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა.
თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა.

დღემდე არაფერი შეცვლილა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც საბჭოთა დროინდელი მოზაიკის დაზიანებას 8 თვის წინ საზოგადოების პროტესტი და თბილისის მერიის დაპირება მოჰყვა, რომ მოზაიკას აღადგენდნენ.

ყოფილი „მიონის“ შენობის ფასადის ერთ მხარეს ათწლეულების წინ გაკეთებული მოზაიკის დაზიანების შესახებ ცნობილი 2022 წლის 14 ნოემბერს გახდა. მაშინ აღმოჩნდა, რომ შენობის მფლობელმა კომპანიამ მოზაიკური პანოს ფასადზე ფანჯრები მერიის თანხმობით გამოჭრა. ზუსტად ორ დღეში, 16 ნოემბერს, თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაიწყეს მოლაპარაკებები დაზიანებული მოზაიკის აღსადგენად.

„არაფერი ამ ეტაპამდე არ გაკეთებულა... კომუნიკაცია მარტო მაშინ შედგა, როცა ეგ თემა იყო [აქტუალური] და მერე აღარ...“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას შენობის მფლობელი კომპანია „მონა-ლიზას“ დირექტორი, სალომე ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანის ნათქვამს ადასტურებს 2022 წლის ნოემბერსა და 2023 წლის ივლისში, გადაღებული შენობის ფასადის ფოტოების შედარება. 8 თვის შემდეგ მოზაიკური პანო კვლავ დაზიანებულია, შენობიდან მოხსნილია ხარაჩოები, ორი ფანჯრის ჩარჩო კი კერამოგრანიტით არის მოპირკეთებული.

„ხელს არ ვკიდებთ... ველოდებით შესაბამისი სამსახურის მითითებას, ეს იქნება მუნიციპალური სამსახური თუ კულტურის სამინისტრო“, - ამბობს „მონა-ლიზას“ დირექტორი. სალომე ჟორჟოლიანი მისი კომპანიის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, რადგან სამუშაოები, რომელმაც მოზაიკა დააზიანა, თბილისის მერიის გაცემული ნებართვით ჩატარდა.

„ჩვენი მიზეზით არაფერი დაზიანებულა... რა უნდა ვუყოთ, ეგ მოზაიკა ისედაც იშლებოდა, მერიის სამსახურებმაც კარგად იცოდნენ. აქამდე არავინ დაინტერესებულა. [ფანჯრების გამოჭრაზე] ნებართვა ორჯერ ავიღეთ, მერიის სამსახურმა გასცა, მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცი“, - ამბობს ჟორჟოლიანი.

რადიო თავისუფლება რამდენიმე დღეა ცდილობს თბილისის მერიის კომენტარის მოპოვებას, მათ შორის თბილისის მერის მოადგილისგან, ირაკლი ხმალაძისგან, რომელიც 9 თვის წინ მოზაიკის აღდგენის შესახებ საუბრობდა. თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, 19 ივლისს, ის ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გასაცემად არ დარჩა. პრესსამსახურში განმარტეს, რომ ვიცე-მერის გადაწყვეტილება, არ მიეცა ჟურნალისტებისთვის კომენტარი, „მიონის მოზაიკის“ შესახებ კითხვას არ უკავშირდება.

იმის მიუხედავად, რომ მოზაიკის მფლობელი კომპანია აღდგენით სამუშაოებზე მერიასთან რაიმე ტიპის კომუნიკაციას არ ადასტურებს, მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ისევ გრძელდება“.

„პროცესი დასრულებული არ არის. როგორც იცით, შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მხოლოდ მესაკუთრესთან კონსულტაციის გზით არის შესაძლებელი საკითხის გადაწყვეტა“, - აცხადებენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.

XS
SM
MD
LG