Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიან მზია და ზეზვა ქართველები?


ავტორი: გიორგი პაპაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 26 მაისთან დაკავშირებით გადაღებულ ვიდეო რგოლში ისმის შემდეგი ციტატა: „ჩვენი ქვეყნის მეხსიერება 1.8 მილიონ წელს ითვლის“. აღნიშნული ვიდეო რგოლის რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი პოპიაშვილია. (იხ. ვიდეო)

მე არც ბიოლოგი ვარ და არც ანთროპოლოგი, თუმცა ვფიქრობ, არც არის საჭიროამ რომელიმე დარგის მეცნიერი იყო იმისთვის, რომ იცოდე, რა აღმოაჩინეს დმანისის სამარხში, ვინ იყვნენ მზია და ზეზვა და რა შუაშია მათთან საქართველოს ე.წ. „1.8 მილიონ წლიანი მეხსიერება“. ჩემი აზრით, ეს უკვე ზოგადი განათლებაა და ყველას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაზეც წარმოდგენილ ბლოგში ვისაუბრებ.

ცხოველების მიგრაცია ბუნებაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ბალახის მჭამელი ცხოველები მიგრირებენ იქ, სადაც ბალახია. მტაცებლები კი მიჰყვებიან ბალახის მჭამელ ცხოველებს. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ასე მიგრირებდა ადამიანიც. პირველი ჰომინიდის კვალი ევარიზიის კონტინენტზე დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ ჩნდება. მათ ეწოდათ „Homo erectus“ ანუ გამართული ადამიანი. აღნიშნულ სახეობას მიეკუთვნებიან თუ არა დმანისში აღმოჩენილი ნამარხები მეცნიერებს შორის დღესაც საკამათო საკითხია. საქმე იმაშია, რომ 2 მილიონი წლის წინ ჩვენთვის ცნობილი სამი სახეობის ჰომონიდი არსებობდა. ესენი იყვნენ: Homo habilis - მარჯვე ადამიანი, პირველი ჰომოს წარმომადგენელი, ფაქტობრივად ორ ფეხზე მოსიარულე მაიმუნი იყო;Homo ergaster - ადამიანი მშრომელი; და ზემოთ უკვე ნახსენები Homo erectus - გამართული ადამიანი.

  1. Homo-ს გვარის მიგრაცია აფრიკიდან ევრაზიისკენ. მარშრუტში ერთერთი ლოკაცია სწორედ დმანისია.
  2. 2 მილიონი წლის განმავლობაში Homo-ს გვარის ევლუციის მოდელი.

ამ სახეობებს შორის ყველაზე ჭკვიანი და მოხერხებული, თუმცა ჩვენთან შედარებით ბევრად პრიმიტიული, იყო გამართული ადამიანი (Homo erectus). მისი (Homo erectus) ტვინი შეადგენდა ჩვენი ტვინის მოცულობის 2/3-ს, ანუ 70%-ს. ამ სახეობის წარმომადგენლებს სხეულის აღნაგობაც სხვანაირი ჰქონდათ, კერძოდ, იყვნენ დაბლები დაახლოებით 1.5 – 1.6 მეტრი სიმაღლის, მოგრძო მუხლებამდე დაშვებული ხელებით და ჩვენთან შედარებით პრიმიტიული ხელის მტევნებით. შესაბამისად, პრიმიტიული იყო მათ მიერ დამზადებული იარაღებიც. ცეცხლის გამოყენება შეეძლოთ, მაგრამ მიღება არა. თუ შემთხვევით სადმე ცეცხლი გაჩნდებოდა იყენებდნენ, მაგრამ თუ ჩაუქრებოდათ დანთებას ვეღარ შეძლებდნენ. მოკლედ, გამართული ადამიანი (Homo erectus) რომ გენახათ, იტყოდით, რომ მაიმუნია და არა ადმიანი, ან მაიმუნსა და ადამიანს შორის გარდამავალი სახეობა. ყოველ შემთხვევაში არ იტყოდით, რომ ადამიანია და მითუმეტეს არ იტყოდით, რომ ქართველია.

რომელ ჰომონიდს მიეკუთვნებიან, დმანისში აღმოჩენილი ნამარხები (მზია და ზეზვა), როგორც უკვე აღინიშნა ანთროპოლოგებს შორის დღესაც საკამათო საკითხია და ამის მიზეზი ნამარხების სიმცირეა. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ დმანისში აღმოჩენილი ნამარხები Homo erectus-სია, ზოგი აცხადებს, რომ ისინი უფრო პრიმიტიული სახეობის Homo ergaster-ს წარმოადგენენ. ჩვენმა ქართველმა მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ ისინი აქამდე უცნობ სახეობას მიეკუთვნებიან და დაარქვეს Homo georgicus (ქართველი ადამიანი). არის თუ არა ეს ახალი სახეობა აუცილებლად გაირკვევა მომავალში, მეტი ნამარხის აღმოჩენისთანავე და დამკვიდრდება თუ არა ამ სახეობის დასახელებად Homo georgicusამასაც მომავალი გვიჩვენებს. დავუტოვოთ ეს საკითხი გასარკვევად ანთროპოლოგებს.

დმანისში აღმოჩენილი სამარხები ძალიან საინტერესო და ძალიან სასარგებლოა ანთროპოლოგიის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ეს მონაპოვარი აღნიშნული მეცნიერებით მეტი ახალგაზრდის დაინტერესების საწინდარია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არცერთ საბუნებისმეტყველო დარგში არ გვყავს მეცნიერები, რომლებიც მოახდენენ მეცნიერების პოპულარიზაციას (ნუ გია დვალი წელიწადში ერთხელ ჩამოდის და ატარებს საჯარო ლექციებს), თუმცა ეს ვრცელი საკითხია და ამაზე ცალკე ბლოგში ვისაურბებ.

რაც შეეხება ჩვენს სახეობას, Homo sapiens (გონიერი ადამიანი), აფრიკიდან ევრაზიის კონტინენტზე მათი პირველი კვალი ჩნდება დაახლოებით 50-60 ათასი წლის წინ. ევროპაში მათ ხვდებათ ქერათმიანი და ცისფერთვალება Homo neanderthalensis (ნეანდერტალელი) ხოლო აზიაში Homo sapiens denisovan (დენისოველი), რომლებთან შეჯვარების შედეგად წარმოქმნილ ჰიბრიდულ გენებს დღესაც მრავალი ჩვენგანი ვატარებთ, თუმცა ეს უკვე სულ სხვაისტორიაა.

ამ ბლოგის მთავარი მიზანია მივაწვდინო ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩემი აზრით, ასეთი მნიშვნელოვანი ვიდეო რგოლის გადაღებამდე აუცილებელია საჭირო ინფორმაციის მოძიება. ამ შემთხვევაში რომელიმე უნივერსიტეტის კათედრაზე კონსულტაციების გავლაც საკმარისი იქნებოდა.1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომინიდების საქართველოს ისტორიასთან დაკავშირება, რბილად რომ ვთქვათ, უმეცრებაა...

გარდა ამისა, ისიც მინდა ავღნიშნო, რომ ტვ-1-ის ინტერნეტ გვერდზე ახალ ამბებში არის განყოფილება „მეცნიერება“, სადაც ქვეყნდება ძალიან საინტერესო სამეცნიერო სიახლეები.

ბლოგის დაწერაში დამეხმარა ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაცია, რისთვისაც ვუხდი უღრმეს მადლობას.

მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ბმულები.

  1. Homo habilis - მარჯვე ადამიანი
  2. Homo ergaster – ადამიანი მშრომელი
  3. Homo erectus - გამართული ადამიანი
  4. Homo neanderthalensis - ნეანდერტალელი
  5. Homo sapiens denisovan - დენისოველი

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG