“პარლამენტის წინ აზბესტის ნაწილაკები დაფრინავს! არ გაიაროთ რუსთაველის გამზირზე, არ გააღოთ ფანჯრები. შეიმოწმეთ ფილტვები!” - დაწერა ფეისბუკზე რამდენიმე დღის წინ ანთროპოლოგმა ირაკლი ფიფიამ, რომლის ყურადღებაც გადათხრილ რუსთაველზე, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, მეცნიერებათა აკადემიის, პირველი სკოლის წინ და მელიქ აზარიანცის სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, აზბესტის შემცველმა, დამტვრეული მილების ნარჩენებმა მიიქცია.
“მაშინვე ერთი ვიდეო გამახსენდა, ბრიტანეთში როგორ გაჰქონდათ აზბესტის მილები. ვიფიქრე, რომ ეს მილებიც, რუსთაველზე, თან, უკვე დაზიანებული, სავარაუდოდ, აზბესტის შემცველი იქნებოდა და განსაკუთრებით საშიშიც, რადგან დამტვრეული იყო".
საჯარო პოსტს სოციალურ ქსელში მან ფოტოც დაურთო:
იმ დღის შემდეგ ირაკლი ფიფია რუსთაველზე გავლას ერიდება და თუ მაინც მოხვდება იქ, მხოლოდ პირბადით დადის. იმავეს ურჩევს სხვებსაც - სულ ცოტა იქამდე, სანამ დაზუსტებული პასუხები არ იარსებებს.
“მთელი მსოფლიო ცდილობს აზბესტისგან გათავისუფლებას, ისევე როგორც, მაგალითად, პლასტიკისგან. საქართველოში კი, განსაკუთრებით, სოფლებში, ყოველი მეორე სახლი ან სათავსო, რომელიც შიფერითაა გადახურული, აზბესტს შეიცავს. სანამ ის მყარია, ისე სახიფათო არ არის, მაგრამ როგორც კი დაფშვნას იწყებს, ტყდება და ჰაერში იფრქვევა, ვინც ჩაისუნთქავს, მისი სადარდებელი ხდება. ჩვენ კი ისიც არ ვიცით, აქ ნამდვილად არის აზბესტი თუ არა, რისი დიდი ალბათობაც არსებობს”, - გვეუბნება ირაკლი ფიფია.
მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა სწორედ ამ ეჭვის გასაქარწყლებლად გადაწყვიტა ძველი მილების ნარჩენები ლაბორატორიულად შეემოწმებინა და ნიმუშების გერმანის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გასაგზავნად, სოციალურ ქსელში ფულის შეგროვებაც დაიწყეს.
“გვინდა ვიცოდეთ სიმართლე! არა ვარაუდები და არა მხოლოდ ოფიციალური განცხადებები, არამედ დამოუკიდებელი ლაბორატორიული პასუხი გავიგოთ, რას ვსუნთქავთ”, - დაწერა ფეისბუკზე ემიგრაციაში მყოფმა სამოქალაქო აქტივისტმა, “პარტიზანმა მებაღემ”, ნატა ფერაძემ.
მან გვითხრა, რომ როგორც კი საკმარისი თანხა შეგროვდება, 3 სხვადასხვა ადგილიდან აღებულ ნიმუშს გერმანიაში გააგზავნიან.
აზბესტის მტვერი სიცოცხლისთვის საშიშია. ის ფილტვის კიბოს და სასუნთქი გზების სხვა არაერთ დაავადებას იწვევს - ეს ნამტვრევები რუსთაველზე დღესაც ყრია. გადათხრილ ადგილებშიც ბევრგან მოჩანს მსგავსი, ოღონდ დაუზიანებელი მილები. და თუ ისინი ნამდვილად ამ მავნე მინერალების შემცველია, მაშინ ყველა, ვინც ამ მტვერს ხანგრძლივად სუნთქავს, საფრთხის წინაშეა.
რუსთაველზე, სხვადასხვა ადგილას დაყრილი ნამტვრევები ვაჩვენეთ გარემოსდაცვითი ადმინისტრირების სპეციალისტს, პლატფორმა „არა აზბესტს საქართველოს“ დამფუძნებელ გიორგი გარდავასაც, რომელმაც გვითხრა, რომ ის, რაც ჩანს კადრებში სავარაუდოდ, ფიბროცემენტის მილებია - ლაბორატორიული დასკვნის გარეშე მტკიცება რთულია, არის თუ არა მათში აზბესტი, თუმცა ექსპერტი ამბობს, რომ საბჭოთა დროს, როცა სავარაუდოდ ეს მილები რუსთაველზე ჩააწყვეს, ისინი აზბესტნარევი ცემენტით მზადდებოდა.
ირაკლი ფიფიას საჯარო პოსტის და ფეისბუკზე აზბესტის თემის გააქტიურების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მერიას ამ ამბის გადამოწმებისკენ მოუწოდა და რეკომენდაციაც მისცა, რომ თუ რუსთაველზე მიმოფანტულ ნამტვრევებში აზბესტი აღმოჩნდებოდა, მისი მშრალი ჭრა და მტვრევა უნდა შეეჩერებინა, დასაქმებულებისთვის დამცავი აღჭურვილობა მიეცათ, ნარჩენები კი საგანგებოდ შეეფუთათ.
თბილისის მერიაში ჩვენ გვიპასუხეს, რომ აზბესტის მილებთან მუშაობდა “სილქნეტის” ჯგუფი - რუსთაველის რეაბილიტაციის პროცესში ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი და რომ მათ, 27 აგვისტოს, ეს მილები (რომელშიც გადის საკომუნიკაციო კაბელები) გამზირიდან გაიტანეს. და რომ მათივე პასუხისმგებლობაა, შეამოწმონ, შეიცავს თუ არა ისინი აზბესტს. მერიაში ასევე გვითხრეს, რომ ეს მილები იქ ათეული წლების წინ არის ჩადებული.
რადიო თავისუფლებამ კომპანია “სილქნეტთანაც” სცადა დაზუსტება - თუ დაინტერესდნენ ამ ამბით, იციან თუ არა, რომ ეს შესაძლოა საფრთხილო იყოს, ნამდვილად წაიღეს თუ არა ეს მილები ადგილიდან, სად წაიღეს და როგორ გაანადგურეს.
პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
რა არის აზბესტი და რატომ არის საშიში?
აზბესტი ბუნებრივი ბოჭკოვანი მინერალების ჯგუფია, რომელსაც ახასიათებს განსაკუთრებული ცეცხლგამძლეობა, არის მტკიცე, უძლებს მაღალ ტემპერატურას (დნობის ტემპერატურა არის დაახლოებით 1500°C).
აზბესტს ფართოდ იყენებდნენ მშენებლობაში (შიფერში, იზოლაციაში, მილებში) საბჭოთა პერიოდში. მას ასევე იყენებდნენ ავტომობილების მუხრუჭებსა და ცეცხლგამძლე ტანსაცმლის დასამზადებლად.
აზბესტის ძირითადი ნაირსახეობაა ქრიზოტილი (თეთრი აზბესტი) და კროკიდოლიტი (ცისფერი აზბესტი). სხვა ნაირსახეობებია: ამოზიტი, ანტოფილიტი, ტრემოლიტი და აქტინოლიტი.
აზბესტის მტვრის ჩასუნთქვა იწვევს აზბესტოზს (ფილტვების დაზიანება, რასაც სუნთქვის უკმარისობა მოჰყვება) და ფილტვის კიბოს.
მომაკვდინებლად საშიში ის მაშინ ხდება, როდესაც მისი მასალა ზიანდება, იშლება, იჭრება ან იფრქვევა ჰაერში - მისი მიკროსკოპული ბოჭკოები შეუიარაღებელი თვალით უხილავია.
დაავადების სიმპტომები კი, შესაძლოა, ნივთიერებასთან კონტაქტიდან 20-40 წლის შემდეგაც კი გამოვლინდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, სამუშაო ადგილზე აზბესტთან ზემოქმედების გამო, წლიურად 200 000-ზე მეტი ადამიანი კვდება. ეს სამსახურთან დაკავშირებული კიბოთი გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების 70%-ზე მეტია.
საქართველო და აზბესტი
საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება თითქმის 20 წელია რაც შეწყდა, თუმცა მისი იმპორტი გრძელდება და მას დღესაც იყენებენ მშენებლობაში, როგორც სამშენებლო, საიზოლაციო, საჰერმეტიზაციო, გადასახურ საშუალებად.
ასევე, საქართველოში, აზბესტი ფართოდ გამოიყენება მანქანის მუხრუჭებსა და ფეხსაცმელებში, ხანძარსაწინააღმდეგო იზოლაციაში, ცეცხლმაქრობ საფარებში, მეხანძრეების ცეცხლგამძლე ტანსაცმელში, სამშენებლო მასალებში, აზბესტო-ცემენტის ფირფიტებში (მათ შორის გოფრირებულ გადახურვის პანელებში), მილგაყვანილობაში, წყლის ავზებში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ არ არსებობს ინფორმაცია საქართველოში აზბესტის წლიური მოხმარებისა და იმპორტის მოცულობების შესახებ (ჯამური და გამოყენების ძირითადი ფორმებისა და ცალკეული სახეობების გამოყოფით). ისევე როგორც არ არსებობს მონაცემები საქართველოში აზბესტშემცველი მტვრის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მომუშავეთა რიცხვის შესახებ.
2026 წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველმა აზბესტის შესახებ სპეციალური ანგარიშიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ:
- საქართველოში სრულად არ არის დანერგილი აზბესტის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები;
- აზბესტის ზოგიერთი სახეობა, მათ შორის ქრიზოტილი (თეთრი აზბესტი), საქართველოში კვლავ დაშვებულია;
- არ არის მიღებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებდა სამუშაო სივრცეში აზბესტის ზემოქმედებისგან დასაქმებულთა დაცვას;
- არ არსებობს აზბესტის შემცველი მასალების სისტემური გამოვლენისა და აღრიცხვის მექანიზმები;
- მუნიციპალიტეტების პრაქტიკა აზბესტის შემცველი ინფრასტრუქტურის მართვასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია;
- მოსახლეობის ცნობიერება აზბესტის საფრთხეებზე დაბალია.
აზბესტი ყველგანაა?
კი, მისი პოვნა საქართველოში ძალიან ბევრ ადგილას შეიძლება და როგორც გიორგი გარდავაც გვეუბნება, ვინც ამ სფეროს იცნობს, მისთვის არც გადათხრილ რუსთაველზე აზბესტის შემცველი მილების ნახვაა გასაკვირი ამბავი.
“აზბესტი ყველგანაა - ძველ, საბჭოთა დროს აგებულ საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საავადმყოფოებში, რომელთა ნაწილი დაინგრა, ნაწილის დემონტაჟი ახლაც გრძელდება. აზბესტი არის სახლის სახურავებზე, შიფერში, საიზოლაციო მასალაში.
უბრალოდ, ჩვენ არასოდეს დაგვითვლია, არასოდეს გაგვიკეთებია მონაცემთა რუკა, არ ვიცით რა წილი აქვს აზბესტის ჩასუნთქვას სიმსივნეების მიზეზების სტატისტიკაში, არ გვაქვს ლიცენზირების სისტემა, გვაქვს მხოლოდ მოდელები ამ სფეროს მკაცრი რეგულირებისთვის და წლებია, ვართ მკვდარ წერტილში გაჩერებულები”.
2019 წელს, ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებასთან” ერთად ჩატარებული გამოკვლევის დროს, ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ აზბესტის დაშვებულ ნორმაზე მეტი რაოდენობა აღმოჩნდა საქართველოში მოხმარებულ სამუხრუჭე ხუნდებსა და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ბაზარზე ნაყიდ სამშენებლო მასალებში.
გიორგი გარდავა გვეუბნება, რომ ევროპა ყოველწლიურად ამკაცრებს აზბესტის დასაშვები ზღვრული ნორმების წესს. მაგალითად, თუ 2023 წელს, ეს ნორმა 1 კუბურ სანტიმეტრზე იყო 0.1 ბოჭკო აზბესტი, ეს მაჩვენებელი უკვე 0,001 გახდა და 2029 წლისათვის კიდევ ამ წესის უფრო გამკაცრებაა დაგეგმილი.
“ჩვენც ამას უნდა მივდიოთ და აქეთ მივდიოდეთ, თუმცა მანამდე ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. სრულად ვერც კი ავკრძალავთ, რადგან ამისთვის საჭიროა მზად იყო - იცოდე რა მასშტაბზეა ლაპარაკი, გქონდეს ლიცენზირების მექანიზმები, დადგენილი გქონდეს რამდენი ასეთი შენობა გაქვს, სადაც სპეციალური წესით დემონტაჟია საჭირო “, - უთხრა გიორგი გარდავამ რადიო თავისუფლებას.
აზბესტის შემცველი მასალისგან ნაგები შენობების დანგრევას თავისი წესი აქვს და ამ მხრივ, ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულად ბრიტანეთი ითვლება, სადაც ამ პროცესს წინასწარი ღრმა კვლევა უსწრებდა წინ.
“იქ "აზბესტის მენეჯერიც" კი ჰყავდათ”, - ამბობს გიორგი გარდავა, თუმცა ამ პარალელის გავლებისას იმასაც შენიშნავს, რომ საქართველოში ლაბორატორიული დასკვნებიც კი არ არსებობს (ან ხელმიუწვდომელია) მაგალითად, რომელიმე ძველი სკოლის თუ საავადმყოფოს დემონტაჟის დროს იქ გაფრქვეული მასალის მტვერი რა რაოდენობის აზბესტს შეიცავდა და რამდენ ხანს სუნთქავდნენ მას მუშები.
აზბესტი, საქართველოში და მოქმედი კანონმდებლობა
“კეთილსინდისიერმა მოქალაქემ რა უნდა ქნას, რომ დასჭირდეს, როგორ და სად უნდა გაიტანოს ეს ნარჩენები?” - იკითხეს ამ დღეებში ფეისბუკზე.
არსებობს მთავრობის #145 დადგენილება - სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ ამბობს, როგორ უნდა ხდებოდეს მავნე ნარჩენების, მათ შორის, აზბესტის შეგროვება, ტრანსპორტირება, დროებით შენახვა, დამუშავება.
აზბესტის ნარჩენებს ამ დადგენილებაში ცალკე თავი ეძღვნება და მასში წერია, რომ:
- აზბესტის დემონტაჟის დროს აუცილებელია აზბესტის ნარჩენების წყლით დანამვა.
- დემონტაჟისას ადგილზე ხალხი დამცავი სპეცტანსაცმელი უნდა ეცვათ.
- აზბესტის ნარჩენები წარმოქმნის ადგილზე ინახება დროებით, სხვა ნარჩენებისგან განცალკევებით;
- აზბესტის ნარჩენები დაუყოვნებლივ უნდა შეიფუთოს და დაილუქოს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პლასტიკატის ფენით;
- შეფუთულ აზბესტის ნარჩენებზე უნდა გაკეთდეს აღნიშვნა სახიფათო ნარჩენების - აზბესტის შემცველობის შესახებ;
- აზბესტის ნარჩენების ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ დახურული ტრანსპორტით;
- შეფუთული აზბესტის ნარჩენები არ მიიჩნევა სახიფათოდ და შესაძლებელია მისი განთავსება არასახიფათო ან სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე, მხოლოდ ასეთი ნარჩენებისთვის გამოყოფილ შესაბამის სექტორში/უჯრედში;
- ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია აღრიცხოს აზბესტის ნარჩენების ადგილები;
- დაუშვებელია აზბესტის ნარჩენების აღდგენა.
თუმცა გიორგი გარდავას შეფასებით ეს დადგენილება მხოლოდ ქაღალდზე გაწერილი ზედაპირული ინსტრუქციაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვკითხეთ, ხომ არ ჩართულა უწყება რუსთაველის რეაბილიტაციის დროს ნაპოვნი ნარჩენების შესწავლის პროცესში - გვიპასუხეს, რომ “დარღვევებზე ცხელ ხაზზე შეტყობინება მათთან არ შესულა და შესაბამისად, პროცესში არც გზად ჩართულაო”.
გვაინტერესებდა დღეს აკრძალული თუ არა აზბესტის ნარჩენების გადაყრა ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე და თუ ეს ასეა, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი სერტიფიცირებული ნაგავსაყრელი მაინც? მოქალაქეს რომ მოუწიოს აზბესტის შემცველი შენობის დანგრევა, სად შეძლებს ასეთი ნარჩენების გადაყრას? ნაგვის ურნასთან ამ ნარჩენებს ვერ დაყრის - ის დაჯარიმდება, მაშ, ვის უნდა მიმართოს? თუ ის თავადაა ამ პროცესზე პასუხისმგებელი თუ ვინმეს უნდა მიმართოს? ასევე გვაინტერესებდა როგორია ამ მხრივ სახელმწიფოს პოლიტიკა დღეს, როცა ქვეყანაში აზბესტს ისევ იყენებენ.
მიგვითითეს მთავრობის 2015 წლის 421-ე დადგენილებაზე ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", სადაც აღწერილია როგორი უნდა იყოს ნაგავსაყრელი და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ის. იქვე წერია, რომ:
“ნარჩენები, რომლებიც დაბინძურებულია ან შეიცავს სხვა მასალებს ან ნივთიერებებს, როგორიცაა ლითონები, აზბესტი, პლასტმასა, ქიმიური ნივთიერებები და სხვა, ისეთი მოცულობით, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ნარჩენებთან დაკავშირებულ რისკებს და მათ შესაბამისობას სხვა კატეგორიის ნაგავსაყრელთან, ასეთი ნარჩენები არ მიიღება ინერტული ნარჩენებისთვის განკუთვნილ ნაგავსაყრელზე”.
აზბესტი აკრძალულია
აზბესტის ტოქსიკურობა მთელ მსოფლიოშია აღიარებული.
უკვე 20 წელია, რაც ქრიზოტილი იგივე თეთრი აზბესტი, როტერდამის კონვენციის სახიფათო ნივთიერებების სიაშია.
აზბესტის აკრძალვის საერთაშორისო სამდივნოს მონაცემებით კი, აზბესტზე ეროვნული აკრძალვა დაახლოებით 70 ქვეყანას აქვს დაწესებული.
მათ შორის ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-სა და სხვ.
ამ სიას 2026 წლის დასაწყისში აზერბაიჯანი და საუდის არაბეთიც დაემატა.
ბევრ ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი წესები.
პირველად აზბესტის გამოყენება 1972 წელს, დანიაში აკრძალეს და მას შემდეგ სხვა ქვეყნების მოჰყვა.
ქვემოთ ნახავთ სიას იმ ქვეყნებისა, რომლებიც ბოლო 50 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ეტაპობრივად კრძალავდნენ აზბესტის გამოყენებას.
დღესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) მოუწოდებენ ყველა სახელმწიფოს, უარი თქვან აზბესტის ნებისმიერი ფორმის (მათ შორის ე.წ. „თეთრი აზბესტის“ ანუ ქრიზოტილის) გამოყენებაზე, რადგან უსაფრთხო ზღვარი ამ ნივთიერებისთვის არ არსებობს. თუმცა, მიუხედავად გლობალური ტენდენციისა, აზბესტის მომპოვებელი და ექსპორტიორი რამდენიმე მსხვილი ქვეყანაა (მაგ. რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი), სადაც ის ჯერ კიდევ იწარმოება და მოხმარდება.
აზბესტი და მსოფლიო - რამდენიმე ფაქტი
- 2025 წელს, მსოფლიოში სავარაუდოდ, დაახლოებით 960 000 ტონა აზბესტი მოიპოვეს, რაც ოდნავ მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე (949 000 ტონა).
- ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2024 წელს, 306 900 ტონა აზბესტის მოპოვებით, რუსეთი მსოფლიოს უდიდეს მწარმოებელი იყო - ეს გლობალური მოპოვების დაახლოებით ერთი მესამედია და მსოფლიოს დაახლოებით 150 მილიონი ტონა აზბესტის მარაგის 73% სწორედ რუსეთზე მოდის.
- რუსეთთან ერთად, ყაზახეთი, ჩინეთი და ბრაზილიაც მსოფლიო წარმოების თითქმის მთელ მოცულობას შეადგენენ. ჩინეთი და ყაზახეთი დაახლოებით 250 000-250 000 ტონას აწარმოებენ. ბრაზილიამ კი, შიდა აკრძალვის მიუხედავად, 2024 წელს მაინც გაიტანა ექსპორტზე - 166 890 ტონა.
არსებობს გამოსავალი?
სპეციალისტების აზრით, საჭიროა საქართველოში ეროვნული სტანდარტის შექმნა, კვლევის ჩატარება, რომ სრული სურათი არსებობდეს, რუკის გაკეთება და აღრიცხვა ყველა ობიექტის, სადაც ეს საფრთხე არსებობს. ლიცენზირების სისტემის ჩამოყალიბება და რაც მთავარია, დროის დათქმა - როდის იტყვის საქართველოც საბოლოოდ უარს მომწამვლელ აზბესტზე.