Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა აფხაზეთი „კრაუზეს“ ნუმიზმატიკურ კატალოგში?


ელენა ზავოდსკაია, „ეხო კავკაზა“, სოხუმი

თვითაღიარებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის ცნობით, აფხაზური მონეტები - „აფსარები“ - ამერიკული გამომცემლობა „კრაუზეს“ ნუმიზმატიკურ კატალოგში მოხვდა, თუმცა ფეისბუკის ზოგიერთმა მომხმარებელმა ეს ინფორმაცია გამონაგონად მიიჩნია.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ბესლან ბარათელია ამტკიცებს, რომ „კრაუზეს“ ილუსტრირებულ 2019 წლის გამოცემაში წარმოდგენილია აფხაზეთის ბანკის მონეტები შესაბამისი წარწერით: „აფხაზეთის რესპუბლიკა“ (The Republic of Abkhazia).

აფხაზმა მოხელემ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა კატალოგის გარეკანის ფოტოები, რომლებიც წითელი ფერისაა. ერთ-ერთ ფოტოზე, ბარათელიას მტკიცებით, გამოსახულია აფხაზეთის რუკა, ტერიტორია გამოყოფილია საქართველოსგან და სხვა ფერითაა გაფორმებული.

სოციალური ქსელის აფხაზი მომხმარებლები ეროვნული ბანკის ინფორმაციას დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ, როგორც გამარჯვებას. „აფსარებზე“ მასალა ფერადია და კატალოგის პირველიდან მერვე გვერდს მოიცავს , საქართველო კი ამავე კატალოგში შავ-თეთრ ვარიანტშია და მხოლოდ 584-ე გვერდზეა წარმოდგენილი.

"კრაუზეს" ნუმიზმატიკური კატალოგი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

ამ ინფორმაციას ფეისბუკში აქტიურად განიხილავდნენ. ერთ-ერთ ჯგუფში ცნობას აფხაზური მონეტების ამერიკულ კატალოგში შეტანის შესახებ „ცრუ“ უწოდეს. ამის დასტურად სკეპტიკურად განწყობილმა მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს კატალოგის გარეკანის გვერდის ფოტოები, რომლებიც ლურჯია. „აფხაზეთის მცხოვრებლები თავს იტყუებენ“, - წერდნენ ფეისბუკის ქართველი მომხმარებლები.

სიტუაცია განმარტა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, რომლის თანახმად, აფხაზური მონეტები მოხვდა წითელი ფერის იმ კატალოგში, რომელშიც შესულია 2001 წლიდან 2019 წლამდე გამოსული სხვა მონეტები, ხოლო ლურჯი ფერის კატალოგში თავი მოიყარა იმ მონეტებმა, რომელთა გამოშვების თარიღია 1901-2000 წლები.

აფხაზეთის ისტორიაში პირველი ფული „აფსარები“ ორი თვის წინ მოიჭრა. ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ბესლან ბარათელიას თქმით, მონეტების გარდა არსებობს ბანკნოტებიც. ათი ათასიდან 2 ათასი ბანკნოტი უკვე გაყიდულია. 500 აფსარის ნომინალური ღირებულება ხუთი ათას რუსულ რუბლს უტოლდება.

ბარათელია ვარაუდობს, რომ 1 იანვრიდან 500 აფსარის ღირებულება 6 ათას რუბლამდე აიწევს. აფხაზურ ბანკნოტებს იძენენ არა ანგარიშსწორებისათვის, არამედ იგი აინტერესებთ, პირველ ყოვლისა, ნუმიზმატებს. თვითგამოცხადებული აფხაზეთის პირველი ბანკნოტები, ბარათელიას თანახმად, გავრცელდა ევროპაში, ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ისინი გამოფინეს რამდენიმე ნუმიზმატიკურ გამოფენაზეც. „ჩვენ ეს მოვახერხეთ დიდი შრომის ფასად - დაუსრულებელი გამოფენებით, მოგზაურობებით, სხვადასხვა ნუმიზმატიკურ გამოფენებში პუბლიკაციებით“, - ასე უპასუხა ბესლან ბარათელიამ შეკითხვას, თუ როგორ მოახერხა აფხაზეთის ბანკმა აფხაზური მონეტები მოხვედრილიყო ამერიკულ კატალოგში, სადაც აფხაზეთი წარმოდგენილია როგორც ცალკე სახელმწიფო, თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით.

განმარტება:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განმარტება გააკეთა რადიო თავისუფლებისთვის, სადაც წერია: "სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა, თითქოს კატალოგის ქვეყნების ინდექსში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით იყოს შეტანილი მონეტები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან, სინამდვილეს არ შეესაბამება. მსოფლიო მონეტების 2019 წლის კატალოგის ელექტრონულ ვერსიაში მოხსენიებულიც კი არ არის აფხაზეთის რეგიონი. კატალოგი არის ონლაინ გაყიდვაში და ხელმისაწდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის."

ნუმიზმატიკური წითელყდიანი კატალოგის ის ვერსია, რომელიც ვიდეოში ჩანს, 2001 წლიდან დღემდე არსებულ მონეტებს აერთიანებს. ეს მეცამეტე გამოცემაა და მართლაც იყიდება ონლაინ. ამ გამოცემის პირველიდან მერვე გვერდამდე განთავსებულია სარჩევი, წინასიტყვაობა, ტერმინების განმარტება და ტექსტური ინფორმაცია. საქართველო ამ გამოცემაში მართლაც 584 გვერდზეა "შავ-თეთრ ვარიანტში" განთავსებული, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანა. აფხაზეთი ამ სქელტანიან გამოცემაში, რომელიც 1000-ზე მეტ გვერდს მოიცავს, არ იძებნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG