Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგავს თუ არა საქართველოს ეკლესია აფხაზეთს?


არქიმანდრიტი დოროთე (დბარი)
არქიმანდრიტი დოროთე (დბარი)

თვითგამოცხადებული "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოს" თავმჯდომარემ, არქიმანდრიტმა დოროთემ (დბარმა) რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ გაუზიარა თავისი ხედვა უკრაინის საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები აფხაზეთის საეკლესიო საკითხთან მიმართებით, თუკი უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიას მიიღებს.

ინტერვიუ არქიმანდრიტ დოროთესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:09:12 0:00
გადმოწერა

დემის პოლანდოვი: მამაო დოროთე, დღეს ყურადღების ცენტრში მოქცეულია კიევი და დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთშიც ინტერესით ადევნებენ თვალს იმას, თუ როგორ ცდილობს უკრაინის სახელმწიფო და მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი ავტოკეფალიის მიღწევას, უკრაინისთვის კონსტანტინოპოლის ტახტისგან სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის მოპოვებას. როგორ თვლით, რამდენად გამართლებულია ამგვარი მოლოდინები? რატომ უნდა შეცვალოს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დღეს თავისი პოზიცია უკრაინის საკითხთან მიმართებით?

ე.წ. მსოფლიო საპატრიარქოს ახლა სურს გაიგოს ამჟამად არსებული, 14-ვე დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. თუ მათი უმრავლესობა იტყვის, რომ, პრინციპში, თანახმანი არიან, მსოფლიო საპატრიარქო ასეც მოიქცევა, უკვე მზად არიან საამისოდ, ეს საკითხი დადებითად გადაიჭრება...
არქიმანდრიტი დოროთე

არქიმანდრიტი დოროთე: შეიცვალა შემდეგი: თუ გახსოვთ ჩვენი ინტერვიუ, რომელიც ეხებოდა კუნძულ კრეტაზე ეკლესიების საერთო მართლმადიდებელ კრებას, მაშინ ვამბობდი, რომ მასში ოთხი ეკლესიის არმონაწილეობა [რედ: ქართულის ჩათვლით] ასე არ დარჩებოდა. საერთო მართლმადიდებელი კრების დასრულებისთანავე ამ კრების მდივანი, იობი (გეჩა), კანადაში დაბადებული უკრაინელი, ფლობს უკრაინულ ენას, მსოფლიო საპატრიარქომ მიავლინა უკრაინაში მოსალაპარაკებლად ამ ქვეყნის ხელისუფლებისა და იმ სამი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან [კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია], რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე არიან. იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ვეცნობით, ჩანს, რომ ამ განხილვების შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ.

რამდენადაც მესმის, საუბარი არ არის იმაზე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ამ სამი მართლმადიდებელი ინსტიტუტის ლიდერები შეძლებენ უხელმძღვანელონ ამ ახალ დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც უკრაინის მთელ მრევლს გააერთიანებს. შესაძლოა, მას სწორედაც იობი [გეჩა] ჩაუდგეს სათავეში, უკრაინაში დღეს მყოფი ეკლესიის სხვა ლიდერების, განსაკუთრებით ფილარეტის (დენისენკოს) ოდიოზურობის გათვალისწინებით.

ამ თემის ძალიან სერიოზული განხილვა მართლაც მიმდინარეობს - მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის ისეთი ცნობილი წარმომადგენლებიც კი, როგორიცაა არქიმანდრიტი კირილე (გოვორუნი), რომელსაც ათენში აქვს ნასწავლი, წერდა, რომ უკვე მომზადებულია „ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი“ და ეს ტომოსი დაწერა ათენის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელთანაც ის სწავლობდა. არ ვიცი ეს ინფორმაცია რამდენად სწორია, მაგრამ საუბარია ძალიან სერიოზულ ავტორზე და ის ასე უბრალოდ არ წერს.

ანუ ვხედავთ ამ მოვლენებს და, ამავე დროს, ვხედავთ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები - მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი, მიტროპოლიტი ბართლომე (სამარასი) და კიდევ გარკვეული პირები სხვადასხვა სამოციქულო ეკლესიაში ჩადიან. პარალელურად, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ილარიონი მათ ვიზიტამდე ან მათი ვიზიტის შემდგომ ჩადის სხვადასხვა სამოციქულო ეკლესიაში და სასულიერო ლიდერებს უკრაინის საკითხის განხილვისთვის ხვდება.

ე.წ. მსოფლიო საპატრიარქოს ახლა სურს გაიგოს ამჟამად არსებული, 14-ვე დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. თუ მათი უმრავლესობა იტყვის, რომ, პრინციპში, თანახმანი არიან, მსოფლიო საპატრიარქო ასეც მოიქცევა, უკვე მზად არიან საამისოდ, ეს საკითხი დადებითად გადაიჭრება.

აქ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები გარკვეული თვალსაზრისით რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ - ახლა ისინი ეტაკნენ მართლმადიდებელ საზოგადოებას, რათა მან და ცალკეულმა სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მათი პოზიცია გაიზიარონ, და ამავე დროს უგულებელყვეს საერთო მართლმადიდებელი ეკლესია.

საქართველოს ეკლესიის წინაშე - რომელმაც საერთო მართლმადიდებლურ კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა - ახლა საკითხი პირდაპირ დგას და ის ურთულეს მდგომარეობაშია. არ ვიცი, ეს სიტუაცია როგორ გადაიჭრება. მაგრამ, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ის დაკარგავს აფხაზეთს, როგორც საქართველოს ეკლესიის საეკლესიო ტერიტორიას...
არქიმანდრიტი დოროთე

როცა მათ მოუწოდებდნენ - „მოდით, ერთად განვიხილოთ, მოდით ერთად შევიმუშაოთ ავტოკეფალიის მინიჭების წესები და პირობები“ - მაშინ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები არ გაემგზავრნენ, ახლა კი სურთ, რომ მართლმადიდებელი საზოგადოება მათ მხარეს იყოს. ვიცით, რომ განლაგება ასეთია:საერთო მართლმადიდებელ კრებაში მონაწილეობა მიიღო ათმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და ჩანს, რომ მათი უმრავლესობა მხარს დაუჭერს მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციას. კრებაზე მხოლოდ ოთხი ეკლესია არ იყო წარმოდგენილი. ამდენად, ერთი მხრივ, უკრაინის ეკლესიის საკითხი შესაძლოა უკვე წელს გადაიჭრას.

იმ შემთხვევაში, თუ მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა იტყვის, რომ ამ ეტაპზე უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას არ თვლის საჭიროდ და არ აღიარებს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მინიჭებულ ავტოკეფალიას, მაშინ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს, უწინარესად კი მსოფლიო პატრიარქს, შეეძლება უკრაინის პრეზიდენტის და უმაღლესი რადის,ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნის შემცველ წერილს ასე უპასუხოს - „იცით, პრინციპში ვთვლიდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ამ იდეას მხარს არ უჭერს მართლმადიდებელი ეკლესიებისა და მათი სინოდების დიდი უმრავლესობა“. ამდენად, ამ საკითხს მხოლოდ ეს ორი გადაჭრა შეიძლება მოეძებნოს - რაც აგვისტოში მოხდება.

დემის პოლანდოვი: მამაო დოროთე, მინდა საქართველოს ეკლესიის საკითხზე გადავიდეთ. როგორ თვლით, როგორ მოიქცევა საქართველოს ეკლესია უკრაინის საკითხთან მიმართებით ან ამ საკითხის გარშემო შესაძლო შიდა მართლმადიდებლურ კონფლიქტთან დაკავშირებით? გასაგებია, რომ მოსკოვსაც და კონსტანტინოპოლსაც ამ ვითარებაში გავლენის თავ-თავიანთი ბერკეტები აქვთ, მათ შორის აფხაზეთის საკითხი. და მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტის შემდეგ, ივლისის შუა პერიოდში, თბილისში კონსტანტინოპოლის დელეგაცია მიემგზავრება. საერთოდ როგორია კონსტანტინოპოლის შანსები? გავლენის რა ბერკეტები აქვს მას საქართველოს ეკლესიაზე?

არქიმანდრიტი დოროთე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უარეს სიტუაციაშია, ვიდრე მოსკოვის საპატრიარქო. წარმოიდგინეთ: სულ რამდენიმე დღის წინ, 4 ივნისს, თბილისში ჩავიდა მიტროპოლიტი ილარიონი, რომელმაც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებთან სწორედ ის განიხილა, დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ოფიციალურად ზოგადი ფორმით ისაუბრეს - ამით ითქვა კიდეც ყველაფერი - როგორც კი, ისე არა. კონკრეტული პასუხი არ ყოფილა. ივლისის შუა პერიოდში, მიტროპოლიტ ილარიონის შემდეგ, იქ ჩავლენ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები.

და ნახეთ, აქედან რა გამომდინარეობს: თუ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მსოფლიო საპატრიარქოს უარს ეტყვიან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხში, მსოფლიო საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას რიგითობის მიხედვით აფხაზეთის საეკლესიო პრობლემაც გადაჭრას. ხოლო თუ ისინი ამას მხარს დაუჭერენ და იტყვიან - „კარგი, მზად ვართ ვაღიაროთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია“ - ვითარების მთელი სირთულის გათვალისწინებით, ისინი ამით ხელ-ფეხს გაუხსნიან მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებს. და ასეთ შემთხვევაში მოსკოვის საპატრიარქო ძალიან მშვიდად, უკანმოუხედავად, გვერდზე გახედვის გარეშე შეძლებს გადაჭრას აფხაზეთის საეკლესიო საკითხი ისეთი რიგითობით, როგორადაც საჭიროდ ჩათვლის. ასეთ ვითარებაში აფხაზეთი, მისი საეკლესიო საზოგადოება, სულ მცირე, ის საეკლესიო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენთან დღეს არსებობს, ძალიან მომგებიან ვითარებაში არიან - რადგან ჩვენც დავიღალეთ 25 წელიწადის განმავლობაში ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნით. საქართველოს ეკლესია, რომელიც მთელი ეს წლები ყოყმანობდა, საქართველოს ეკლესია, რომელიც ყოველთვის ლოდინის პოზიციაში იყო - არაფერი გადავწყვიტოთ და სამომავლოდ გამოჩნდება... საქართველოს ეკლესიის წინაშე - რომელმაც საერთო მართლმადიდებლურ კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა - ახლა საკითხი პირდაპირ დგას და ის ურთულეს მდგომარეობაშია. არ ვიცი, ეს სიტუაცია როგორ გადაიჭრება. მაგრამ, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ის დაკარგავს აფხაზეთს, როგორც საქართველოს ეკლესიის საეკლესიო ტერიტორიას.

თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მსოფლიო საპატრიარქოს მხარს დაუჭერენ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნაში და შემდეგ მოსკოვის საპატრიარქო თავის ნაბიჯებს გადადგამს, ეჭვგარეშეა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა სრულად იქნება ჩვენი საკითხის დადებითად გადაჭრის მხარეს...
არქიმანდრიტი დოროთე

დემის პოლანდოვი: არსებობს ერთი ნიუანსი: რამდენადაც მესმის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს" - მახსოვს მაშინ შეკრებილი ხმები, 70 ათასი - ხელისუფლების მხრიდან კონსტანტინოპოლის მისამართით განცხადება არ ყოფილა. ვფიქრობ, ამ საკითხში რთულია მეორე პლანზე გადავიდეს ძველი ფორმულა - „ვისი ჯარიც დგას, ეკლესიაც მისია“. თუ გაქვთ იმედი, რომ რაიმე მწვავე შიდა მართლმადიდებლური კონფლიქტის შემთხვევაში აფხაზეთის ხელისუფლება მაინც გადადგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით?

არქიმანდრიტი დოროთე: აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. კონსტანტინოპოლში აფხაზეთის დელეგაციის წარმომადგენლებს გარკვეული პირობები წაუყენეს - ხალხის პოზიცია, სასულიერო პირების პოზიცია. და, აი, მესამე პირობამ - საერო ხელისუფლების პოზიციამ - შესაძლოა ძირი გამოგვითხაროს, იმიტომ, რომ აფხაზეთის საერო მმართველები სრულიად დამოკიდებულნი იქნებიან. შექმნილ ვითარებაში მათ ერთადერთი შანსი რჩებათ: თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მსოფლიო საპატრიარქოს მხარს დაუჭერენ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნაში და შემდეგ მოსკოვის საპატრიარქო თავის ნაბიჯებს გადადგამს, ეჭვგარეშეა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა სრულად იქნება ჩვენი საკითხის დადებითად გადაჭრის მხარეს. ეს ვარიანტი, ცხადია, ძალაში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG