Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კეთილი ინებოს, წარადგინოს“ - კობახიძე და პროკურატურა პრეზიდენტისგან არჩევნების გაყალბების სამხილებს ელიან


პრეზიდენტი ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე, ხმის მიცემის პროცესში - 26 ოქტომბერი, 2024 წელი.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე, ხმის მიცემის პროცესში - 26 ოქტომბერი, 2024 წელი.

სალომე ზურაბიშვილმა პროკურატურას ურჩია - მიხედოს „თავის საქმეს“ და „პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას“. პრეზიდენტი მიანიშნებს კრემლის მიერ გაცემულ მითითებებსა და „უცნაურ დამთხვევაზე“.

პროკურატურაში დაბარებულმა სალომე ზურაბიშვილმა 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურა მტკიცებულებებს მისგან არ უნდა ელოდებოდეს.

პროკურატურაში პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იბარებენ. გამოძიება მალევე დაიწყო - ცესკოს მიმართვის საფუძველზე. ცესკოს ტექსტში პრეზიდენტიც იყო ნახსენები.

„ვაი იმის ბრალი, ვინც აქ მტყუანი აღმოჩნდება“, - „ქართულ ოცნებაში“ ბრალდებებს უარყოფენ და ოპონენტებს გამოძიებისთვის მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებენ.

არჩევნების სავარაუდო გაყალბების მასალები მრავლად შეაგროვეს სამოქალაქო სექტორისა თუ ოპოზიციის დამკვირვებლებმა. არასამთავრობო ორგანიზაციები ასეულობით უბნის შედეგების გაბათილებასაც მოითხოვენ.

  • ვის ევალება მტკიცებულებების წარდგენა და რა პასუხისმგებლობას აკისრებს პრეზიდენტს, ოპოზიციასა თუ მესამე სექტორს პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება?

პასუხი პროკურატურას

30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტს პირდაპირ არ უთქვამს უარი პროკურატურაში მისვლაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ - პროკურატურა მტკიცებულებებს მისგან არ უნდა ელოდებოდეს.

„მტკიცებულებებს თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება. მე ასე ვიცოდი, რომ საერთოდ პირიქით იყო - საგამოძიებო ორგანოს თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და არ გამიგია სხვა მსგავსი პრეცედენტი“, - სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა ასევე, რომ პროკურატურა, როგორც ჩანს, არ ეცნობა გასაჯაროებულ მასალებს, რომელთა მიხედვითაც, „26 ოქტომბერს მოხდა მრავალფეროვანი, მასშტაბური გაყალბება, რომელმაც მოიცვა, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი“. მასალების ერთი ნაწილი პრეზიდენტმა ბრიფინგზეც წარმოადგინა და კვლავ ჩამოთვალა დარღვევები, რომლებიც, მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის ყურადღების ცენტრში მოექცა:

  • ამომრჩევლის მოსყიდვა
  • დაშინება
  • ძალადობა
  • პირადობების ჩამორთმევა, კარუსელი

პრეზიდენტი საგანგებოდ გამოყოფს ასევე - ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევას ელექტრონული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო“, „რაზედაც საიას წინასწარ ჰქონდა საჩივარი შეტანილი და ცესკოს უნდა შეეცვალა ისინი“.

აქვეა პრეზიდენტის ბრალდება ემიგრანტების საარჩევნო უფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციის შესახებ - „როცა ერთ მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს“, არ შესრულდა მათი მოთხოვნა დამატებითი უბნების გახსნის თაობაზე და „ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მხოლოდ 34 [ათას] ადამიანს მიეცა უფლება, არჩევანი გამოხატოს“.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ:

  • ცესკოში ამ დროისთვის შეტანილია 110-ზე მეტი საჩივარი.
  • მოთხოვნილია შედეგების გაბათილება 246 უბნის შემთხვევაში - „რაც ამ ეტაპზე 400 ათას ამომრჩეველს ეხება“.
  • ამას შეიძლება ჰქონდეს „ძალიან სერიოზული“ გავლენა არჩევნების შედეგებზე.

არჩევნების დღეს [26 ოქტომბერი] თუ შემდგომ დღეებში, ასეულობით სხვადასხვა დარღვევის შესახებ ლაპარაკობდნენ როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე პოლიტიკური პარტიები და საქართველოს მოქალაქეები - სოციალურ ქსელებში.

რა სურს ცესკოს, პროკურატურას?

საქმე პროკურატურაში სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით აღიძრა, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ხმების არასწორად დათვლას ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამებას შეეხება და მაქსიმალური სასჯელი ორ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში პრეზიდენტს იბარებენ და ის, სავარაუდოდ, ერთადერთი დაბარებული არ იქნება.

როდესაც ცესკომ პროკურატურას მიმართა, აღნიშნა, რომ „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი“.

ცესკომ პროკურატურას მოსთხოვა - დაადგინოს, „შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 30 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფაქტების წარმოდგენა დისკრედიტაცია არ არის, თავმოყრილია „უზარმაზარი მასალა“ და, რომ „ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემურ დარღვევისა და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ან პროკურატურას ევალება, ან საერთაშორისო გამოძიებას“.

ევალებათ თუ არა პრეზიდენტს, ოპოზიციასა თუ მესამე სექტორს სავარაუდო დანაშაულის დამტკიცება გამოძიების ფარგლებში? და ეკისრება თუ არა პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუკი კონკრეტული ბრალდება არ დადასტურდება?

იურისტების მოკლე პასუხია - არა.

„დანაშაულის დამტკიცების ვალდებულება არა აქვს პირს, რომელიც საგამოძიებო სტრუქტურას აწვდის ინფორმაციას დანაშაულის შესახებ... დანაშაულის დამტკიცება პროკურატურის კომპეტენციაა. არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ ადამიანს ეჭვი გეპარებოდეს გაყალბებაში, ეს გაახმაურო და ამის გამო პასუხისმგებლობა დაგეკისროს, გამორიცხულია“, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან იურისტი, ადვოკატი შოთა თუთბერიძე და, შესაბამისად, უსაფუძვლოს უწოდებს ცესკოს მიმართვას, რომ [პროკურატურამ] გაყალბების შესახებ ბრალდებები შეისწავლოს.

შოთა თუთბერიძის თქმით, [ფიზიკური თუ იურიდიული] პირის მიმართ შესაძლო ცრუ ბრალდებისა და რეპუტაციული ზიანის საკითხის განხილვა მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოებას ექვემდებარება და ეს სფერო კავშირში არ არის პროკურატურასთან.

იურისტები მიუთითებენ, რომ პროკურატურას გამოძიების დაწყება მიმართვის გარეშეც შეეძლო, რადგან მასალები საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი და პრეზიდენტის გარდა, არაერთი სხვა პირი თუ ჯგუფი მიუთითებდა სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობაზე, 26 ოქტომბერს თუ მას შემდეგ. სასამართლოს განჩინება კი პროკურატურას ძირითადად იმ შემთხვევაში დასჭირდება, თუკი მიზანია - კონკრეტული პირისგან არასაჯარო ინფორმაციის მოპოვება, გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე.

იურისტი დარწმუნებულია, რომ გამოძიებას, შესაბამისი ნების შემთხვევაში, მტკიცებულებების მოპოვება არ გაუჭირდება.

გამოძიების ოპერატიულად დაწყებისთვის - პროკურატურასა და ცესკოს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ჩვენს ქვეყანაში არჩევნები აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩატარდა“.

„კეთილი უნდა ინებოს - სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა - თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში… ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა“, - აცხადებს კობახიძე და ხაზს უსვამს, რომ „არჩევნების დელეგიტიმაციის კამპანიას“ სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს.

„ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით კი - ბრალდებებს ბოლომდე „ჩაყვებიან“, ტყუილებს გამოამჟღავნებენ და „ვაი იმის ბრალი, ვინც აქ მტყუანი აღმოჩნდება. საერთოდ დასამარდება როგორც პოლიტიკური პარტია ან როგორც პოლიტიკოსი“.

როგორც მოელიან, სალომე ზურაბიშვილის გარდა - პროკურატურაში კიდევ ბევრს დაიბარებენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ პროკურატურას არ ენდობიან, თავად არ აპირებენ საგამოძიებო უწყებაში მისვლას და არც პრეზიდენტ ზურაბიშვილს ურჩევენ. მათთვის სანდო მხოლოდ საერთაშორისო გამოძიება იქნება, ხოლო საბოლოო მიზანი - ახალი არჩევნების ჩატარება, ასევე საერთაშორისო ზედამხედველობით.

უცნაური დამთხვევა

ვიდრე სალომე ზურაბიშვილს პროკურატურაში დაიბარებდნენ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ექსპრემიერმა და ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მისი გადაყენება და დაპატიმრება მოითხოვა.

„საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა უარი თქვა ეღიარებინა არჩევნების შედეგები და წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, გადატრიალების მოწოდებით. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“, - დაწერა მედვედევმა 28 ოქტომბერს, პლატფორმა X-ზე.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში მისი დაბარება „უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს“.

მედვედევი ზურაბიშვილს დასავლეთის დირექტივებით მოქმედ „მარიონეტად“ თვლის. უცხო ძალის მიერ მართული არაერთხელ უწოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს „ქართულმა ოცნებამაც“.

ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად მიუთითებენ, რომ საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთი ჩაერია და ყველაფერი შესაბამის დონეზე უნდა იყოს გამოძიებული.

სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს წინ უსწრებდა ევროკომისიის მიერ გახმაურებული გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლების პოლიტიკის შეუცვლელად - საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.

ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ დააშორა ქვეყანა ევროკავშირს, მის ღირებულებებსა და პრინციპებს.

„[26 ოქტომბრის არჩევნები] გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, ყოველწლიური გაფართოების ანგარიშის წარდგენისას. მან ასევე ილაპარაკა „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების“ საჭიროებაზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG