Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2018: უცხოელები აკვირდებიან საქართველოს ხელისუფლებას


ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლებზე ზემოქმედება პარტიული აქტივისტების მხრიდან, შემოწირულებათა ძალიან მაღალი ზღვარი და არათანაბარი დაფინანსება, დიდი ფულის ხარჯვა ღარიბ ქვეყანაში თუ პოლარიზებული და არაუსაფრთხო გარემო - ეს და სხვა შეფასებებია ასახული საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში. წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის საერთო სურათის დადებითად შეფასების მიუხედავად, ტექსტში დასმულია არაერთი მწვავედ კრიტიკული აქცენტი. ანგარიში შედგენილია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა (OSCE/ODIHR) და მისი პარტნიორების (EP, NATO PA, OSCE PA, PACE, ) მეთვალყურეთა დაკვირვების საფუძველზე. საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები გმობენ ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის ფაქტებს. მეტად კრიტიკულია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშიც.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში დასმულია არაერთი კრიტიკული აქცენტი.
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში დასმულია არაერთი კრიტიკული აქცენტი.

OSCE/ODIHR-ისა და მისი პარტნიორების წინასწარ ანგარიშში კენჭისყრის პროცესი დახასიათებულია როგორც ძირითადად „კარგად ორგანიზებული“, „კონკურენტულ გარემოში ჩატარებული“ და „გამჭვირვალე“, როდესაც ამომრჩეველმა არჩევნის გაკეთება ძალადობის გარეშე შეძლო. თუმცა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროსაბჭოს ასობით (გრძელვადიანმა თუ მოკლევადიანმა) მეთვალყურემ არაერთი გასაკრიტიკებელი შემთხვევა აღრიცხა. არჩევნების დღეს შეინიშნებოდა ფაქტები, რომლებიც შეშფოთების საფუძველს იძლევა:

  • ამომრჩეველთა სიებით შეიარაღებული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები საარჩევნო უბნების გარეთ აღრიცხავდნენ, თუ ვინ მივიდა ხმის მისაცემად და ვინ არა;
  • დადასტურდა „კოორდინატორების“ პრაქტიკა, რომლებიც აგროვებდნენ იმ ამომრჩეველთა სიებს, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ მათ კანდიდატს;
  • იყო ამომრჩევლებზე ზემოქმედების მცდელობა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების, პარტიების სახელით მოქმედი მეთვალყურეებისა და მედიასაშუალებების მხრიდან;
  • დაძაბულობა და არეულობა დაფიქსირდა სამ საოლქო კომისიაში, ხოლო პროცესის ჩაშლის მცდელობა - ერთ საოლქო კომისიაში.

რაც შეეხება გრძელვადიანი მეთვალყურეების მიერ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეგროვილ ინფორმაციასა და შთაბეჭდილებებს, კრიტიკისა და შეშფოთების საფუძველი აქაც არსებობს:

  • ხელისუფლება იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს;
  • მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში;
  • არათანაბარ გარემოს ქმნიდა კანდიდატების შემოწირულებებს შორის ძალიან დიდი სხვაობა და უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს შეუგროვდა;
  • არაადეკვატურად მაღალია შემოწირულებათა წლიური ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის, რადგანაც 60 ათასი ლარი საქართველოში 4,5 წლის საშუალო ხელფასს უტოლდება;
  • სალომე ზურაბიშვილზე ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ კამპანიისთვის მან, ერთადერთმა, აიღო მილიონი ლარის სესხი და აიღო ბანკიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს უკავშირდება;
  • მკვეთრად პოლარიზებული იყო გარემო როგორც პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში, ასევე მედიასაშუალებების მუშაობის ჭრილშიც.

29 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არაერთგზის დაგმეს მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ვერბალური თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაიმა ანდრიკიენემ აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართ გამოყენებული სიტყვა „ფაშიზმი“ არ არის ის ლექსიკა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ. ის, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართ ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია, 29 ოქტომბერს არაერთხელ აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემაც, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. მედიასთან შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ:

  • თუკი საქართველოს წარმატებული რეფორმატორისა და ლიდერის როლის შენარჩუნება სურს, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ყველა იმ დარღვევის აღმოფხვრაზე, რომლებიც საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია ასახული;
  • ხელისუფლება უნდა შეეცადოს, რომ ხარვეზებისა და დარღვევების ნაწილი უკვე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის აღმოიფხვრას.

კრიტიკულია ასევე ანგარიში, რომელიც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ასევე 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ორგანიზაციას ჩამოყალიბებული აქვს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნების მეორე ტურამდე უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის:

  • მთავრობის ლიდერებმა და სახელმწიფო თანამდებობის პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა უნდა შეწყვიტონ და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელშემწყობ გარემოს უნდა დაუჭირონ მხარი;
  • საჯარო მოხელეების ქცევის რეგულირებისთვის მთავრობამ კიდევ ერთი დირექტივა უნდა გამოსცეს და ამ დირექტივას მისი უზრუნველყოფისთვის მკაცრი სანქციები და ზედამხედველობის მექანიზმები დაამატოს.

კრიტიკულია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშიც.
კრიტიკულია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშიც.

საერთაშორისო მეთვალყურეები არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურად ემზადებიან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG