Accessibility links

„ეს არ არის ფესტივალი, სადაც ადამიანი მოდის, უყურებს და მიდის"


არჩილ ხეთაგური, CinéDOC-Tbilisi-ს დირექტორი

8-13 მაისს თბილისში მეშვიდედ გაიმართება დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi, რომლის სლოგანი წელს არის - „დააკავშირე ფიქრები“. ფესტივალის დირექტორი, არჩილ ხეთაგური „დილის საუბრების“ ეთერში ამბობს:

„ეს არ არის ფესტივალი, სადაც ადამიანი მოდის, უყურებს და მიდის. აქ ყველა ჩვენების შემდეგ ფილმის შემდგომი დისკუსიებია ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ყველა მაყურებელი თავის აზრს გამოთქვამს. ამიტომაც მოვიფიქრეთ ეს სლოგანი - „დააკავშირე ფიქრები““.

ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს წელს შეეცვალათ მიდგომა პუბლიკის მიმართ, ფილმების შეთავაზების პრინციპი და საკონკურსო სექციებს მიღმა, თემატურად დააჯგუფეს ფილმები:

“გამოვყავით 12 თემა: მაგალითად, „უპირობო სიყვარული“, რომელიც აერთიანებს ფილმებს სიყვარულზე; „წითელი სული“ არის გამორჩეული თემებში, სადაც ისეთი საინტერესო ფილმებია, როგორიცაა ვერნერ ჰერცოგის „შეხვედრა გორბაჩოვთან“, რომელიც მისი ბოლო ფილმია და ნაჩვენები იყო ლაიფციგის ფესტივალზე. ვერნერ ჰერცოგი ცოცხალი ლეგენდაა გერმანული კინოსი და ასევე ჰოლივუდის, მაგრამ ეს სულ სხვა მიმართულების ფილმია, გამორჩეული ფილმია და სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ ჩვენების უფლება მოვიპოვეთ“.

„წითელი სულის“ ჯგუფშია ვიტალი მანსკის ფილმი - „პუტინის მოწმეები“. ავტორმა ფილმის გადაღება დაიწყო, როცა პუტინი მოდიოდა ხელისუფლების სათავეში. არჩილ ხეთაგური გვიყვება:

„იღებდა პუტინისთვის საპრომოციო ფილმებს. როცა ნახა, რომ შეცდა და პროცესები სხვა მიმართულებით მიდიოდა, გააკეთა ფილმი წლების დაგროვებული მასალით - „პუტინის მოწმეები“ და დატოვა რუსეთი. ასევე გადაიტანა ლატვიაში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი. ეს ფილმი არის არა პუტინის, არამედ მთელი რუსეთის პორტრეტი“.

ვიტალი მანსკი თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოვა და ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასსაც ჩაატარებს. როგორც არჩილ ხეთაგურმა გვითხრა, ვიტალი მანსკის ბებიას თავის დროზე თბილისში უცხოვრია და მას პირადი ინტერესიც აქვს საქართველოს მიმართ.

თემებს შორისაა აგრეთვე: „მარად ახალგაზრდა“, „რწმენის მიღმა“, „უპირობო სიყვარული“, „კონფლიქტის შემდეგ“, „ცვალებადი ქალაქები“ და სხვა.

ფილმების ერთი თემატური ჯგუფი - CinéDOC Young ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. მათი ნაწილის ქართულად გახმოვანებაში თავად ბავშვებმა - ნიქოზის ანიმაციური ფესტივალის ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალის მიმდინარეობისას (8-13 მაისს) არაერთი მასტერკლასია დაგეგმილი, მათ შორის - დოკუმენტური ფილმის გადაღებით დაინტერესებული ბავშვებისთვის.

ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანსა“ და ეროვნული არქივის კინოდარბაზში.

არჩილ ხეთაგური CinéDOC-Tbilisi-2019-ზე
please wait

No media source currently available

0:00 0:21:55 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG