Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არც საფლავები, არც ხსოვნა! - ბანდერას დების ტრაგიკული ისტორია


ოქსანა და მარტა ბანდერები
ოქსანა და მარტა ბანდერები

უკრაინელი ნაციონალისტი პოლიტიკოსის, სტეპან ბანდერას დებმა თითქმის 50 წელიწადი დაჰყვეს კრასნოიარსკის ოლქში მდებარე სუხობუზიმსკოეს საკონცენტრაციო ბანაკსა და გადასახლებაში.

მოხუცი მამაკაცი თავისი სახლის წინ გზაზე შეშას ხერხავს. შეკითხვაზე, თუ სად ცხოვრობდნენ აქ ბენდერას დები? - სერიოზულად გვპასუხობს:

- ჩვენთან ბევრი ბენდეროველი იყო, ვის არ ასახლებდნენ აქ. ისინი ახლაც არიან, ოღონდ დაიმალნენ, როგორც კი ომი დაიწყო. არ მიყვარს ისინი.

- აქ ოდესღაც სტეპან ბანდერას ღვიძლი დები ცხოვრობდნენ. უფროსი აქ გარდაიცვალა, უმცროსი კი სამშობლოში 30 წლის შემდეგ დაბრუნდა. გსმენიათ რაიმე ამის შესახებ?

- კი, მსმენია, თითქოს უცხოვრიათ, მაგრამ არავინ მათ არ იცნობდა - უკარებები იყვნენ. აი, იქ იყო მათი სახლი, მაგრამ დიდი ხნის წინ დაინგრა.

ამ სიტყვებით მოხუცი ხელს იშვერს მაღალბალახმოდებული რომელიღაც ქოხისკენ და თავის სამუშაოს უბრუნდება.

ეს საუბარი კრასნოიარსკიდან ჩრდილოეთით 60 კილომეტრით დაშორებულ დაბა სუხობუზიმსკოეში გაიმართა.

დაბა სუხობუზიმსკოე. კრასნოიარსკის ოლქი
დაბა სუხობუზიმსკოე. კრასნოიარსკის ოლქი

ერთ მხარეზე ფართო ველი და დაბლობია გადაშლილი, მეორე მხარეს - ტაიგა და ჭაობი. მე-18 საუკუნის დასაწყისში დაარსებული „სტაროჟილცების“ ეს სოფელი ცნობილია იმით, რომ აქ დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა მხატვარმა, ვასილი სურიკოვმა.

ადგილობრივი მუზეუმის ეზოში დგას ორი საუკუნის წინანდელი ინგლისური ორთქლის მანქანა, რომელიც შემთხვევით იქნა ნაპოვნი ჭაობში, სადაც ოდესღაც ოქროს მოიპოვებდნენ. მუზეუმის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში ასეთი მხოლოდ ორი მანქანა დარჩა: ერთი სუხობუზიმსკოეშია, მეორე კი სამშობლოში - ბრიტანეთის ორთქლის მანქანების მუზეუმში.

ოქროს ციებ-ცხელება სუხობუზიმსკოეს რაიონის ისტორიის ნათელი ფურცელია. მე-20 საუკუნეში იგი გადასახლების ადგილად იქცა. დიდი ტერორის წლებში აქ განლაგებული იყო საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც ბევრი პოლიტპატიმარი ცხოვრობდა.

მათ შორის იყვნენ სტეპან ბანდერას დები, კრასნოიარსკის ოლქში 1941 წელს გადასახლებული, ოქსანა და მარტა.

სამუდამოდ გადასახლებულნი

მარტა ბანდერა 1907 წლის 22 ივნისს სოფელ სტარი უგრინოვოში (ამჟამად ივანო-ფრანკოვსკის რეგიონშია) დაიბადა. დაამთავრა პედაგოგიური სემინარია და მუშაობდა მასწავლებლად.

ოქსანა ბანდერა დაიბადა 1917 წლის 22 დეკემბერს. უფროსი დასავით ისიც მასწავლებელი გახდა.

1941 წლის მაისში გოგონები უკრაინის სსრ-ის შინსახკომის თანამშრომლებმა მამასთან, უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური ეკლესიის მღვდელთან, უკრაინის ეროვნული რადის წევრ ანდრეი ბანდერასთან ერთად დააკავეს და გაგზავნეს სტანისლავში (ამჟამად ივანო-ფრანკოვსკი). რამდენიმე დღის შემდეგ ანდრეი ბანდერა კიევში გადაიყვანეს. სამხედრო ტრიბუნალმა ის დამნაშავედ ცნო „საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მტრული მუშაობის განხორციელებაში“ და დახვრეტა მიუსაჯა. 10 ივლისს სასჯელი სისრულეში იქნა მოყვანილი.

ხოლო მისი ქალიშვილები ყოველგვარი სასამართლოს გარეშე კრასნოიარსკის ტერიტორიაზე გადაასახლეს.

ოქსანა და მარტა ბანდერები. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ფოტო
ოქსანა და მარტა ბანდერები. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ფოტო

ორგანიზაცია „მემორიალი. კრასნოიარსკის“ ვებგვერდის მიხედვით, უკრაინიდან გადასახლებულები ოლქის ბევრ რაიონში ჩაჰყავდათ. ჯამში, 10 წლის განმავლობაში, 1942 წლიდან 1951 წლამდე, ნორილლაგში (საკონცენტრაციო ბანაკი - რედ.) 181 870 პატიმარი შევიდა, 136 774 ამავე პერიოდში ბანაკიდან გავიდა. მათგან 79 654 გაათავისუფლეს, 39 779 ეტაპით სხვა საპატიმროებში გადააგზავნეს, 17 000 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირში შეიქმნა სპეციალური ბანაკის ცალკე განყოფილებები მამრობითი და მდედრობითი მსჯავრდადებულებისთვის. და პატიმრებს შორის იყვნენ „ბანდერელები“ - სტეპან ბანდერას და მისი ნამდვილი თუ სავარაუდო თანამოაზრეების ნათესავები, დები და ცოლები.

მათ უმრავლესობას 5 წლით გადასახლება მიესაჯა. მაგრამ სასჯელის მოხდის შემდეგ ისინი არ გაათავისუფლეს. 1950 წელს უთხრეს, რომ ისინი „სამუდამოდ გადაასახლეს“.

ბევრი უკრაინელი 1960-იანი წლების შუა პერიოდამდე იმყოფებოდა „სამუდამო გადასახლებაში“. ზოგი კი, მაგალითად, მარტა და ოქსანა ბანდერები, კიდევ უფრო დიდხანს. მათი საქმის მასალები FSB-ს ჯერ კიდევ გასაიდუმლოებული აქვს, თუმცა ორივე დიდი ხნის გარდაცვლილია. მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ სუხობუზიმსკოეს მცხოვრებლების ფრაგმენტული ცნობებიდან და მოგონებებიდან არის შესაძლებელი. ადგილობრივებმაც არაფერი იცოდნენ 1989 წლამდე, ვიდრე უმცროს დას, ოქსანას, ნათესავებმა არ ჩამოაკითხეს დასავლეთ უკრაინიდან.

"მაშინ ეროვნების გამო არავის ყოფდნენ"

სუხობუზიმსკოეს რაიონში იმდენი გადასახლებული იყო, რომ ახლა ძნელია იმის გარკვევა, ვინ არის მკვიდრი და ვინ - უცხო.

სუხობუზიმსკოეს ძველი ბინადრები გადასახლებულებს არ უსვამდნენ ზედმეტ კითხვებს, რომელთა შორის უმთავრესი იყო: რისთვის მოხვდი ციმბირში?

მარტა და ოქსანა კრასნოიარსკის ტერიტორიაზე ესკორტით მიიყვანეს. ოქსანა იმ დროს 20 წელზე ცოტათი დიდი იყო. მარტას ოცდაათისთვის ჰქონდა გადაბიჯებული. ისინი კანისა და ენისეის შესართავთან მდებარე დაბა უსტ-კანში გაამწესეს, სადაც „ლესპრომხოზი“ მდებარეობდა და მორების დამზადებას სახერხ ქარხნებში ბევრი მუშახელი ესაჭიროებოდა.

რატომღაც სატყეო საწარმოს ადმინისტრაციას „დაავიწყდა“ დების კმაყოფაზე აყვანა. ანუ, სამუშაოს (იძულებით) აძლევდნენ, მაგრამ საკვებს - არა. დები შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომლებიც მათ საკვებსა და შეშას უყოფდნენ.

და კიდევ მარტა და ოქსანა შეკვეთით ტანსაცმელს კერავდნენ. საიდანღაც იშოვეს საკერავი მანქანა, რომელმაც გადაარჩინა კიდევაც ისინი იმ რთულ დროს. რამდენიმე წლის შემდეგ მარტა და ოქსანა გადაიყვანეს სუხობუზიმსკოეში. ისინი დასახლდნენ დანგრეულ ქოხში, სერგეი პორტნიაგინის ქუჩის 7 ნომერში. დღეს ეს პატარა, ვიწრო და უასფალტო ქუჩა სოფლის ცენტრშია ჩაკარგული და მისი პოვნა ნავიგატორის საშუალებითაც კი ჭირს.

„... დილა ლოცვით იწყებოდა. და ახლა, როდესაც მათ სუხობუზიმსკოეში აქვთ პატარა (მაგრამ ცალკე!) ქოხი, წითელ კუთხეში დგას ხატი. შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ განსაკუთრებულ შენობაში. რამდენი წელი უნდა დაემალათ ეს ყველაფერი უცხო თვალისთვის.. როდესაც მარტა და ოქსანა ბარაკებში ცხოვრობდნენ, შეუძლებელი იყო ფიქრიც კი იმაზე, რომ ღიად მიემართათ უფლისათვის. ახლა, ლოცვის დროს, შეიძლება ლოცვით მიუახლოვდე იმათ, ვისთვისაც ფარულად ლოცულობდნენ მთელი ამ ხანგრძლივი, ხანგრძლივი გადასახლების განმავლობაში.... უდროო დროს გარდაცვლილ დედას, რომელიც 1922 წელს ტუბერკულოზმა შეიწირა და თან გაჰყვა დარდი თავის შვიდ შვილზე...

ყველაზე ახალგაზრდა ბოგდანი 1 წლისა იყო, ოქსანა - 5-ის, ვასილი – 7-ის, ვლადიმირა - 9-ის, ალექსანდრი – 11-ის, სტეპანი – 13-ის. ყველაზე უფროსი მარტა-მარია - 15 წლის... დები გონებაში წარმოთქვამდნენ ძმების სახელებს: ვასილი, ალექსანდრი, ბოგდანი, რომლებიც ომმა შთანთქა. და ვლადიმირა საპატიმრო ვადას იხდის ბანაკში. დებისთვის ახლაც კი საშიშია უფროსი სტეპან ბანდერას სახელის ხმამაღლა ხსენება".

კრასნოიარსკელი ჟურნალისტის ოლგა ვავილენკოს ნარკვევიდან „ბანდერას დების საიდუმლო ლოცვები“.

- გულახდილად, მათ გვარს, „ბანდერას“, არც არავინ უკავშირებდა სტეპან ბანდერას, - ჰყვება ვიქტორ რეზვიცკი, რომელიც მთელი ცხოვრება სუხობუზიმსკოეში ცხოვრობს. ის იცნობდა დებს, - „ჩვენთან ბევრი უკრაინელი ცხოვრობდა, მათ ყველას ერთი ხელის მოსმით ხშირად უბრალოდ „ბანდერელებს“ უძახდნენ - ბოროტი განზრახვით და გასაბრაზებლად კი არა, არამედ ეს იხმარებოდა, როგორც განმარტება, თუ საიდან იყვნენ ისინი. დებს უბრალოდ ვიცნობდით იმით, რომ ისინი იყვნენ მძიმე ბედის მარტოხელა ქალები; არც გათხოვილან, არც შვილები დაუტოვებიათ და ასე იცხოვრეს მარტოობაში“.

სახლი, რომელშიც დები ბანდერები ცხოვრობდნენ, უკვე აღარ არსებობს. მის ადგილზე, გრძელი ორმო მაღალი ბალახითაა დაფარული. მეზობლებს, ზოგს გაუგიათ აქ მცხოვრები ქალების, ოქსანასა და მარტას შესახებ. ზოგიერთებს კი ისინი არც კი ახსოვთ.

- მაშინ ეროვნების მიხედვით არავის ყოფდნენ, ცხოვრობდნენ და ცხოვრობდნენ. ძალიან მშვიდები, კეთილები, ყველა მათ ეხმარებოდა, - ჰყვება ადგილობრივი მცხოვრები ვალენტინა კოსმინინა, - მათ გვარს არავინ აქცევდა ყურადღებას. ჩვენთან ხომ იმდენს ჰქონდა უცნაური - პოლონური, თათრული, იგივე უკრაინული სახელები. მახსოვს, რომ მშობლებს მათთვის შეშა მიჰქონდათ, ჯანმრთელობის ამბებით ინტერესდებოდნენ, ეხმარებოდნენ, ორივე ძალიან იყო ავად. მეგობრები არ გაუჩენიათ, თავადაც არ დადიოდნენ სტუმრად და არც სხვას ჰპატიჟებდნენ, ორივენი სულ ერთად იყვნენ.

მთლად 1960-იანი წლების დასაწყისამდე კი მარტა და ოქსანა ბანდერები ვალდებულნი იყვნენ რეგისტრაციაზე ევლოთ მილიციაში. კრასნოიარსკის ოლქის კგბ-ს ხელმძღვანელობა ასევე აკვირდებოდა მათ, ამოწმებდა მიმოწერას. ცდილობდნენ გაერკვიათ, ვისთან ჰქონდათ შეხება. მაგრამ თვალთვალი უშედეგო აღმოჩნდა.


- რაც მაკვირვებდა, ის იყო, რომ მათ არასდროს არავისთვის არ შეუჩივლიათ. მათ ხომ როგორ მოექცნენ, ლამის მთელი ცხოვრება წაართვეს, მათ კი არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ყველაფერს მშვიდად, ღირსეულადაც კი იღებდნენ. მაგრამ ახლა გვესმის, რომ ეს ყველაფერი არასწორი იყო, ველურობა. რატომ არ მისცეს უკან დაბრუნების უფლება, ხომ ყველა ვადა [პატიმრობის] გავიდა? - ამბობს ვალენტინა კოსმინინა.

ოქსანა ბანდერა
ოქსანა ბანდერა


ოქსანამ და მარტამ არც კი იცოდნენ, რომ მათი და ვლადიმირა და მისი მეუღლე, მღვდელი თეოდორ დავითიუკი მათგან არცთუ ისე შორს იყვნენ გადასახლებაში. უნა-ს (უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია) წევრი დავითიუკი და მისი მეუღლე 1946 წლის სექტემბერში დააპატიმრეს. სამხედრო ტრიბუნალმა ორივე მათგანს ბანაკებში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ვლადიმირა „კრასლაგში“ (კრასნოიარსკის ლაგერი - რედ.) მოხვდა. მათი ექვსი შვილი ბავშვთა სახლში გაგზავნეს. თეოდორ დავითიუკი ბანაკში გარდაიცვალა, ხოლო ვლადიმირა ანდრეევნა 1956 წელს უკრაინაში დაბრუნდა და თავის ქალიშვილ მიროსლავასთან ერთად დოლინსკის რაიონის სოფელ კაზაკოვკაში ცხოვრობდა. ვლადიმირა ბანდერა 2001 წლის აგვისტოში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.


1960 წელს ოქსანა და მარტა ბანდერები გაათავისუფლეს სპეციალური დასახლებიდან, მაგრამ ისინი სახლში ვერ დაბრუნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ მოწმობაში ეწერა: 1ყოფილ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლების გარეშე“.

ასე რომ, ისინი ერთად ცხოვრობდნენ სუხობუზიმსკოეში, სანამ უფროსი და მარტა არ გარდაიცვალა 1983 წელს. იგი სოფლის სასაფლაოზე მოკრძალებული ობელისკის ქვეშ დაკრძალეს. დის გარდაცვალების შემდეგ ოქსანა მარტო დარჩა. ახლა მისი მოვალეობები მოიცავდა არა მხოლოდ სახლის დალაგებას და ნაკვეთის მოვლას, არამედ დის საფლავზე ზრუნვასაც.

რამდენიმე წლის შემდეგ საბჭოთა კავშირში დაიწყო გარდაქმნის პროცესი და იმ დროიდან ოქსანას უკრაინიდან გამოგზავნილი წერილებით სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ. 1989 წელს ივანო-ფრანკოვსკიდან მასთან ჩავიდნენ სტუმრები, რათა ციმბირიდან წასვლაში დაერწმუნებინათ. მეზობლების გადმოცემით, მას უთქვამს, რომ უკრაინაში წავა „მხოლოდ დასათვალიერებლად“ და ამიტომ თან საკუთარი ნივთებიც კი არ წაიღო.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ის უკან აღარ დაბრუნებულა.

1990 წელს კრასნოიარსკში დასავლეთ უკრაინის დელეგაცია ჩავიდა სოფელ სუხობუზიმსკოეს სასაფლაოდან მარტა ბანდერას ნეშტის გადასასვენებლად. ასე რომ, უმცროსი დის შემდეგ სამშობლოში უფროსი დაც დაბრუნდა.

სუხობუზიმსკოეს სასაფლაო
სუხობუზიმსკოეს სასაფლაო

- როცა მისი [მარტას] ფერფლისთვის ჩამოვიდნენ, ცხადია, ყველას თავიდან გაუკვირდა, წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ, თუ რატომ დასჭირდა ვიღაცას ეს იქ [დასავლეთ უკრაინაში]“, - იხსენებს ვიქტორ რეზვიცკი.

მხოლოდ მაშინ შეიტყო სუხობუზიმსკოემ, რომ ოქსანა და მარტა „იმ ბანდერას“ დები იყვნენ. და სოფელში მათი მეზობლებისთვისაც თანდათან გასაგები გახდა დების ასეთი კარჩაკეტილი ცხოვრების მიზეზი.

გადასახლების ადგილიდან უკან დაბრუნებულ ოქსანა ბანდერას უკრაინაში პატივით დახვდნენ. მას მაშინვე მისცეს სამოთახიანი ბინა. 1995 წელს გახდა ლვოვის ოლქის, ქალაქ სტრის საპატიო მოქალაქე, 2006 წელს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მას „პრინცესა ოლგას“ მესამე ხარისხის ორდენი გადასცა გამორჩეული შრომითი მიღწევების, აქტიური სოციალური და პატრიოტული საქმიანობისთვის.

რუსული გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ ამ ამბებს გამოეხმაურა ხმაურიანი სტატიით „ორდენოსანი და“. პუბლიკაციის ავტორმა ჟურნალისტმა მკითხველს აცნობა, რომ რედაქციის აზრით, ოქსანა ანდრეევნა ბანდერა არ არის ასეთი ორდენის ღირსი, ხოლო მისი შრომითი მიღწევები გაზვიადებულია, ვინაიდან ის იძულებული იყო გადასახლებაში გაეტარებინა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი - ორმოცდაათი წელი.

ოქსანა 2008 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა და დის გვერდით დაკრძალეს ქალაქ სტრის სასაფლაოზე. სუხობუზიმსკოეში კი აღარ დარჩა არც ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, არც საფლავები და არც ხსოვნა.

  • სტეპან ბანდერა 1909 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სოფელ ძველ უგრინოვში. მისი ახალგაზრდობა მსოფლიოს მორიგ „გადანაწილებას“ დაემთხვა.
  • სტეპან ბანდერა უკრაინელი ნაციონალისტების ყველაზე რადიკალურ ფრთას ხელმძღვანელობდა. ორად გაყოფილი სამშობლოს გასაერთიანებლად ისინი ტერორისტულ მეთოდებსაც იყენებდნენ. 1934 წელს ბომბი შეგზავნეს პროსაბჭოული გაზეთის „შრომის“ რედაქციაში. თავს ესხმოდნენ ბანკებსა და ფოსტას; ხოცავდნენ პროპოლონელ უკრაინელებს და იმ პოლონელ ჩინოვნიკებსაც, რომლებიც „უკრაინელობის“ წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
  • 1949 წელს სტეპან ბანდერა საბჭოთა აგენტმა ბოგდან სტაშინსკიმ მოწამლული პისტოლეტით მოკლა.
  • 2010 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ სტეპან ბანდერას უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა, რასაც როგორც უკრაინაში, ისე მის გარეთ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
XS
SM
MD
LG