Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა მისცეს გერმანიამ უკრაინას "ლეოპარდები"


მაიორი ჯონ სპენსერი,
მაიორი ჯონ სპენსერი,

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე, "ამერიკის ხმა"

ამერიკის სამხედრო ბაზაზე გერმანიაში, რამშტაინში 20 იანვარს ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მოკავშირეებს შეხვდა, სადაც მათ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების საკითხი განიხილეს. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინა დამატებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს. დახმარებაში მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია იმ სამხედრო ტექნიკას, რასაც უკრაინა ითხოვს, თუმცა ჩამონათვალში არაა "M1 აბრამსის" ტიპის ტანკები, რომლებიც ასევე სურს უკრაინას, თუმცა მათ ამერიკისგან ჯერ ვერ იღებს. უკრაინას ასევე, ამ ეტაპზე, უარი უთხრა გერმანიამ "ლეოპარდების" ტიპის ტანკების გადაცემაზე. გერმანიის თავდაცვის მინისტრს კონკრეტული მიზეზები არ განუმარტავს.

რას ნიშნავს ეს დახმარება უკრაინისთვის, რა შეცვალა რამშტაინის მოკავშირეთა ბაზაზე შეხვედრამ და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სამხედრო გადაწყვეტილებების პარალელურად. ამ თემებზე "ამერიკის ხმასთან" მაიორმა ჯონ სპენსერმა ისაუბრა.

მაიორი სპენსერი, ურბანული ომის ექსპერტი და 25-წელზე მეტი გამოცდილების მქონე სამხედროა, რომელიც თავად იყო უკრაინაში ჩასული, რათა ენახა როგორ იბრძოლეს უკრაინელებმა კიევისთვის. ის ასევე ავტორია პოდკასტებისა, სადაც სტუმრებთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომს და ამ ომიდან გამოტანილ გაკვეთილებს განიხილავს. გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს, რომელიც რამშტაინის ბაზაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება.

- მაიორო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მოდით რამშტაინის ბაზაზე მიღებული გადაწყვეტილებებით დავიწყოთ. ვიცით, რომ ამერიკა უკრაინას დამატებით 2,5 მილიარდის დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს, მათ შორის 90 ჯავშანტრანსპორტიორებს, 59 ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლოს მანქანას, თუმცა ამ ჩამონათვალში არაა „M1 აბრამსის“ ტიპის ტანკები. როგორ ფიქრობთ, რატომ იკავებს ამერიკა თავს მათი გადაცემისგან, რამდენად სჭირდება ისინი უკრაინას და ზოგადად, როგორ შეაფასებთ რამშტაინის ბაზაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს?

უკრაინა ევროპას იცავს, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ფაქტია.

ჯონ სპენსერი: რამშტაინის ბაზაზე გამოცხადებული გადაწყვეტილება დამაიმედებელიცაა და ცოტათი საწყენიცაა. მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელი ტექნიკა, რასაც უკრაინა ითხოვდა, რაც უკრაინას შეტევისთვის და იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად სჭირდება, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, მათ შორის ქვეითი საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები გადაეცემა.

თუმცა, მართალი ხართ, არაფერი თქმულა „M1 აბრამსის“ ტანკებზე. ბევრი მიზეზია, რატომაც მოხდა ასე. რა თქმა უნდა, შეიარაღების ნებისმიერი ნაწილის გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამერიკის პოლიტიკაში არსებობს ელემენტები, რაც საშუალებას აძლევს ევროპას, რომ ლიდერი იყოს ამ გზაზე. ჩვენ პატივს ვცემთ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას [უკრაინაში] "ჩელენჯერ 2"გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა სულაც არაა დიდი.

M1-ებს საკმაოდ უნიკალური ლოგისტიკური მოთხოვნილებები აქვთ, მათ შორის სჭირდებათ კონკრეტული საწვავი და ბევრი ისეთი რამ, რაც უკრაინას ტვირთად დააწვებოდა.

მე სრულად ვუჭერ მხარს „M1 აბრამსების“ გადაცემას. თუმცა, ყველაზე მეტად იმედი გამიცრუა არა ამერიკის, არამედ გერმანიის გადაწყვეტილებამ - მისმა სურვილმა, რომ კვლავ არ გადასცეს "ლეოპარდები" უკრაინას. არავინ სთხოვს გერმანიას, რომ გადასცეს "ლეოპარდები". სხვა ბევრი ქვეყანაა, მაგალითად, პოლონეთი, ვისაც "ლეოპარდი" აქვს და ვინც მზადაა, რომ ისინი უკრაინას გადასცეს, როგორც კი გერმანია მათ ამის უფლებას მისცემს. ეს გადაწყვეტილება გერმანიამ თავად უნდა მიიღოს [ვინაიდან ლეოპარდი" გერმანული წარმოებისაა, ამიტომ სწორედ გერმანიამ უნდა გასცეს თანხმობა სხვა ქვეყნებზე, რომ ისინი უკრაინას გადასცენ].

არ არსებობს არანაირი რეალური მიზეზი იმისა, რატომ არ უნდა მისცეს გერმანიამ ამის უფლება. ასევე, "ლეოპარდი" გაცილებით უკეთესი [ტანკია] უკრაინის შესაძლებლობებისთვის. მას დიზელი სჭირდება საწვავად, უფრო მსუბუქია და ლოგისტიკური მოთხოვნილებები გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე M1-ებს.

ყველაზე მეტად იმედი გამიცრუა არა ამერიკის, არამედ გერმანიის გადაწყვეტილებამ. მათმა სურვილმა, რომ კვლავ არ გადასცენ "ლეოპარდები" უკრაინას.

ასე რომ, ძალიან შემაშფოთებელია, რომ გერმანია ისევ უარს ამბობს მათ გადაცემაზე და თავად ის ფაქტი, რომ მათ უნდათ, რომ ჯერ ამერიკამ გადასცეს [უკრაინას] „M1 აბრამსის ტანკები“ და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემენ უფლებას სხვა ქვეყნებს [„ლეოპარდების“ გადაცემაზე], უბრალოდ სასაცილოა და გერმანიას ნამდვილად ისტორიის არასწორ მხარეს აყენებს.

- როგორც ახსენეთ, ახლა ყურადღების ცენტრში გერმანიაა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ „ლეოპარდების“ უკრაინისთვის გადაცემას ბევრი დადებითი და ბევრი უარყოფითი მიზეზი აქვს. როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა ის, რა შეიძლება ეს მიზეზები იყოს? ეს სამხედრო გადაწყვეტილებაა, თუ უფრო პოლიტიკური?

ჯონ სპენსერი: ეს აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არ არსებობს რაიმე ტიპის სამხედრო მიზეზი [“ლეოპარდების”] უკრაინისთვის გადაცემის, ან სხვა ქვეყნებისთვის ამის გასაკეთებლად ნებართვის მიცემის ასაკრძალად.

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. გერმანიას, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ჰყავს, რომელთა ნაწილსაც არ სურს, რომ უკრაინას რაიმე გადასცენ. თუმცა, გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა უამრავი ლეტალური იარაღი, რომელიც მათ მფლობელობაში იყო. ასე რომ, უკრაინისთვის რაიმეს გადაცემა, მათთვის წითელი ხაზის გადაკვეთა სულაც არაა.

გერმანიამ უკრაინას არტილერიის ნაწილი, საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობა, საზენიტო იარაღი, ბევრი სხვა სისტემაც გადასცა, რაც [უკრაინას] სჭირდებოდა. ასე რომ ეს ძალიან პოლიტიკური, უფრო მეტიც, სიმბოლური გადაწყვეტილებაა, გერმანული ტანკები უკრაინაში იქნებიან თუ არა.

არ ვიცი, რა შეიძლება იყოს უარყოფითი შედეგი [უკრაინისთვის "ლეოპარდების" გადაცემისა]. ყველაფერი მხოლოდ საპირისპიროზე მიუთითებს. უკრაინა ევროპას იცავს, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ფაქტია.

- რისი შეცვლა შეუძლია ამ ტანკებს? რატომ ითხოვს მათ უკრაინა და რატომ ევაჭრება, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას, გერმანია ამერიკას, რომ „ლეოპარდებს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს უკრაინას, თუ ამერიკა „აბრამსებს“ მისცემს მათ? რატომაა "ლეოპარდის" ტიპის ტანკები ასე მნიშვნელოვანი?

შემაშფოთებელია, რომ გერმანია ისევ უარს ამბობს მათ [ლეოპარდების] გადაცემაზე

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაცაა "ლეოპარდი" ასე მნიშვნელოვანი და რატომ ითხოვს მათ უკრაინა ისაა, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი რეცეპტისა, რასაც კომბინირებული იარაღი ჰქვია. საჭიროა ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, საინჟინრო მანქანები [სამხედრო ბულდოზერები, ექსკავატორები და ა.შ] ბევრი ცეცხლსასროლი იარაღი, მაგალითად არტილერია და რაკეტები. ყველა მათგანი საჭიროა, თანამედროვე კომბინირებული იარაღის ფლობისთვის, რაც შემდეგ გაძლევს საშუალებას, რომ შეტევაზე გადახვიდე და დაიბრუნო მთელი ტერიტორია.

"ლეოპარდებს" მნიშვნელოვანს და საინტერესოს ის ხდის, რომ ისინი დიდი რაოდენობით არსებობს, ექსპორტზე უამრავ ქვეყანაშია გატანილი, განსხვავებით "ჩელენჯერ 2"-ისგან, რომელიც უფრო ნაკლებია და რომლის საბრძოლო მასალის მარაგიც შეზღუდულია. "ლეოპარდის" მარაგი გაცილებით მეტია და ის გაცილებით უკეთესი ტანკია, ვიდრე ის, რაც ახლა უკრაინელებს აქვთ.

[უკრაინელებს] საბრძოლო ტანკების მინიმალური რაოდენობა აქვთ, რაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანი საბრძოლო ნაწილია. T64 და T72 ტიპის [საბჭოთა კავშირის დროს შექმნილ] ტანკებთან შედარებით, "ლეოპარდი" გაცილებით უკეთესია, როგორც სიჩქარით, ისე ჯავშნითა და ცეცხლსასროლი შესაძლებლობებით. ასე რომ, ეს მისცემდა უკრაინას იმას, რაც მათ ბრძოლის ველზე სჭირდებათ.

- სამხედრო ექსპერტებისგან საკმაოდ ხშირად გვესმის, რომ დასავლეთი უკრაინას საკმარის იარაღს აძლევს თავის დასაცავად, მაგრამ არა საკმარისს გამარჯვებისთვის. ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას და როგორ ფიქრობთ, შეიცვალა თუ არა ეს მიდგომა „რამშტაინის” ბაზაზე შეხვედრის შემდეგ?

ჯონ სპენსერი: დიახ, აბსოლუტურად ვეთანხმები იმ ანალიზს, რომ დასავლეთმა, მათ შორის, ამერიკამ, უკრაინას მისცა ყველაფერი, რაც მას სჭირდება იმისთვის, რომ არ წააგოს, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. გამარჯვებაში ვგულისხმობ სუვერენული საზღვრების შენარჩუნებას და უკრაინიდან რუსი სამხედროების გასვლას.

"ლეოპარდებს" მნიშვნელოვანს და საინტერესოს ის ხდის, რომ ისინი დიდი რაოდენობით არსებობენ. ექსპორტზე უამრავ ქვეყანაშია გატანილი, განსხვავებით "ჩელენჯერ 2"-ისგან, რომელიც უფრო ნაკლებია და რომლის საბრძოლო მასალის მარაგიც შეზღუდულია.

[დასავლეთიდან] დახმარება ეტაპობრივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიუთითებს [დახმარების] სიძვირეზე, რეალურად ეს ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტის ძალიან მცირე, დაახლოებით 10%-ია. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ კი ამერიკის ეროვნული ინტერესები ძალიან მაღალია. თავისი ქმედებებით უკრაინაში, ყოველდღიურად გაეროს ქარტიისთვის გვერდის ავლით, ჟენევის კონვენციის დარღვევით, რუსეთი მთელი მსოფლიოსთვისაა საფრთხე. ასე რომ, დიახ, ვეთანხმები ამ ანალიზს.

არის „რამშტაინის” [ბაზაზე] გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვანი გარღვევა ამ მიმართულებით? არა მგონია. დიახ, უკრაინისთვის "ბრედლის"ტიპის ტანკების გადაცემა, რომელიც მე ბრძოლაში მყავს გამოცდილი და რომელიც, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მნიშვნელოვანი [გადაწყვეტილებაა]. ეს კარგი დამატება იქნება [უკრაინული ჯარისთვის], თუმცა რაც უფრო მალე მიაწვდის დასავლეთი უკრაინას ყველაფერს, რასაც ის ითხოვს და ყველაფერი, რაც ვიცით რომ მათ გიგანტურ რელიეფზე გადაჭიმული ტერიტორიის დასაბრუნებლად სჭირდებათ, მით მალე დამთავრდება ეს ომი.

დიახ, დამატებით იარაღის მიცემა არაჩვეულებრივია, მაგრამ გაცილებით მეტი რამის მიცემა შეგვიძლია [უკრაინისთვის] და არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG