Accessibility links

logo-print logo-print

ასე ვერ გავფრინდებით... ევროპაში


2021 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში აპირებენ გამგზავრებას, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზეც შეუმოწმებენ. საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლებს უფლება ექნებათ უარი უთხრან საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთაზე. სიახლეს მიესალმა საქართველოში ევროკავშირის საელჩო, თუმცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ახალი კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

რა იცვლება

ახალი კანონის ძალაში შესვლამდე სამი დღით ადრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს შეახსენა, რომ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი უთხრან საზღვრის გადაკვეთაზე, თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალისწინებულ საბუთებს. კერძოდ, ეს საბუთებია:

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია არანაკლებ 3 თვე;
  • შენგენის ზონის დატოვებისთვის საჭირო ბილეთი ან ჯავშანი;
  • სასტუმროს/საცხოვრებლის ჯავშანი ან მასპინძელი ოჯახის თანხმობა (მათ შორის საცხოვრებლის მისამართი);
  • შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

რატომ იცვლება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული მოთხოვნები, დიპლომატისვე აზრით, არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ შეზღუდვებად, რადგან მსგავს პროცედურას საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში ჩასვლის შემდეგაც გადიან:

"როგორც მოგეხსენებათ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის განხორციელების პროცესში ჩვენ გარკვეული გამოწვევების წინაშე დავდექით. პრობლემების მოგვარების მიზნით საქართველომ და საქართველოს პარლამენტმა მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამგზავრების წინ შემოწმების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი ამოქმედების შემდეგ უზრუნველყოფს ევროკავშირისა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის გამართულ ფუნქციონირებას".

კარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელის თქმით, უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლა არავინ გამოიყენოს ბოროტად.

„უნდა უზრუნველვყოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

2018 წელს, როცა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა, განმარტებით ბარათშიც მითითებული იყო, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ღიად აფიქსირებდა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია საყურადღებოა და რომ არ არის გამორიცხული, დაიწყოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები (გერმანია, შვედეთი) საქართველოს სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციისას ღიად აფიქსირებენ, რომ მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობამ გაატაროს გარკვეული ღონისძიებები "არაკეთილსინდისიერი" მოქალაქეების რაოდენობის შესამცირებლად.

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

"ვინაიდან უვიზო რეჟიმი არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი საქართველოსთვის, მომავალი თაობებისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, საქართველო ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკები", - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 9 წევრი, მათ შორის პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.

კონსტიტუციასთან მიმართება

გადაადგილების თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის XIV მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება) ამბობს:

1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება.

2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

მარი კაპანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მიიჩნევს, რომ კანონი, რომელიც 1-ელი იანვრიდან შედის ძალაში, საქართველოს მოქალაქეებს უზღუდავს მიმოსვლის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

„კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია კონკრეტული ლეგიტიმური მიზნები, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა. ესენია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა ან მართლმსაჯულების განხორციელება. გასაგებია, რომ ევროკავშირთან გვინდა დაახლოება და ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში პრობლემების აღმოფხვრა, რაც, ზოგადად, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ კონსტიტუციის დონეზე მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებშია დასაშვები. ვიმეორებ, გვაქვს ამომწურავი ჩამონათვალი ლეგიტიმური მიზნებისა, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება შეიზღუდოს მიმოსვლის თავისუფლება“, - უთხრა მარი კაპანაძემ რადიო თავისუფლებას.

მარი კაპანაძე
მარი კაპანაძე

არადა, კანონის მიხედვით, რომელიც 1-ელი იანვრიდან შედის ძალაში, საქართველოს მოქალაქის ქვეყნიდან არგაშვების გადაწყვეტილების მიღება შეუძლია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეს, თუ ის ჩათვლის, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა კანონით გათვალისწინებული რომელიმე დამაბრკოლებელი გარემოება.

„გადაწყვეტილებაში მიეთითება საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის საფუძველი. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მოქალაქეს, ერთი ეგზემპლარი კი რჩება დეპარტამენტში. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აქტის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საჩივარს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს 30 დღის ვადაში, რომელიც საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 დღისა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განმარტებაში.

ვიზა ქვეყნის დასატოვებლად?

მარი კაპანაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად.

„მომზადებული გვაქვს სარჩელის დრაფტი. უახლოეს პერიოდში მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას. სარჩელის შესატანად არ არის აუცილებელი, რომ რეალური მსხვერპლი გვყავდეს. პოტენციურად საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურს საზღვრის გადაკვეთა, შეიძლება ჩაითვალოს ამ შეზღუდვის სუბიექტად. შესაძლებლობა, რომ დაარღვევენ უფლებას, ესეც საკმარისია“, - ამბობს მარი კაპანაძე, რომლის თქმითაც, კანონი, რომელიც 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე აჩენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დამატებით რისკებს.

„ასეთი ტიპის ძალაუფლების მინიჭება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ძალიან მაღალი რისკების შემცველია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება მისი ბოროტად გამოყენება, შერჩევით მიზეზების გამოძებნა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა, რომელთა საზღვარგარეთ გაშვება არ სურთს, ვერ დატოვონ ქვეყანა. სამწუხაროა, რომ ევროკავშირი ამ რისკებს ვერ ხედავს. შესაძლოა სხვა ქვეყანაში მსგავი შეზღუდვა დიდი პრობლემა არ იყოს, მაგრამ ჩვენისთანა არამყარი დემოკრატიის ქვეყანაში, სადაც ბევრი გამოწვევა გვაქვს არაერთი მიმართულებით, ასეთი ძალაუფლების მინიჭება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ძალიან საშიშია. ფაქტობრივად, ვაძლევთ დამატებით ბერკეტს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ გააკონტროლოს შერჩევითად, ვინ გაატაროს საზღვარზე და ვინ - არა“, - უთხრა მარი კაპანაძემ რადიო თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG