Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის გარდაბნელი ასმარ ნურიევა, რომელიც United Airline-ის პილოტი გახდა


საქართველოს მოქალაქე ასმარ ნურიევა United Airline-ის პილოტი გახდა.
საქართველოს მოქალაქე ასმარ ნურიევა United Airline-ის პილოტი გახდა.

21 წლის ასმარ ნურიევა აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის, United Airline-ის პილოტი გახდა. ის Epic Flight Academy-ის სტუდენტია, ცხოვრობს და სწავლობს ფლორიდის შტატში.

United Airline-ში მოსახვედრად სპეციალური შესარჩევი კონკურსი გაიარა და გამოცდაც ჩააბარა. პილოტის კვალიფიკაციის ამაღლების პარალელურად სწავლასაც აგრძელებს.

United Airlines-ი 97 წლის წინ დაარსდა. მისი სათავო ოფისი ჩიკაგოში, ილინოისის შტატში მდებარეობს. ავიაკომპანია დაფრინავს აშშ-ში და მის საზღვრებს გარეთ ექვს კონტინენტზე. ამ ავიახაზით ყოველდღიურად ყველაზე მეტი ფრენა ჩიკაგოს აეროპორტიდან ხორციელდება, დენვერის ჰაბმა კი 2023 წელს ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

Epic Flight Academy-ს ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ასმარ ნურიევა, საქართველოს მოქალაქე, 2023 წლის ოქტომბრიდან კომერციული პილოტია (Commercial single pilot). ამ კვალიფიკაციის პილოტი თვითმფრინავის კაბინაში მარტოა. მას მხარდაჭერის სერვისებს ხმელეთიდან საბორტო ავტომატიზებული სისტემები ან სახმელეთო ოპერატორების ჯგუფი აწვდიან.

ფოტო Epic Flight Academy-ს ოფიციალური საიტიდან. ასმარ ნურიევა ერთადერთი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ამ აკადემიაში სწავლობს.
ფოტო Epic Flight Academy-ს ოფიციალური საიტიდან. ასმარ ნურიევა ერთადერთი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ამ აკადემიაში სწავლობს.

ასმარ ნურიევა გარდაბნის სოფელ ყარაჯალაში დაიბადა. მე-9 კლასამდე რუსთავში, თურქულ სკოლა-ლიცეუმში სწავლობდა. ეს სასწავლო დაწესებულება ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის წევრი იყო. სკოლას ავტორიზაცია 2020 წელს შეუჩერეს, ამ ქსელის სხვა წევრი სკოლების მსგავსად.

ასმარ ნურიევას ოჯახმა 2019 წელს მწვანე ბარათი მოიგო და მას შემდეგ აშშ-ში ფლორიდის შტატში ცხოვრებს. მამა - ადგილობრივი აქტივისტი და უფლებადამცველი ხალილ ნური, საქართველოში ცხოვრობს. ოჯახი ერთმანეთს საქართველოში ზაფხულობით ხვდება.

ასმარ ნურიევა (მარჯვნივ) დასთან, ამინასთან ერთად.
ასმარ ნურიევა (მარჯვნივ) დასთან, ამინასთან ერთად.

რადიო თავისუფლებას ასმარ ნურიევას ოჯახის წევრი უყვება, რომ გოგოს ბავშვობიდან უნდოდა პილოტი გამხდარიყო, ყოველთვის კარგად სწავლობდა, თუმცა მისი შესაძლებლობების რეალიზებას ხელი აშშ-ში ცხოვრებამ შეუწყო.

ასმარ ნურიევა ახლა United Airline-ში პროფესიულ კვალიფიკაციას განაგრძობს
ასმარ ნურიევა ახლა United Airline-ში პროფესიულ კვალიფიკაციას განაგრძობს

„ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს და, სამწუხაროდ, ხშირად ვერც ოჯახის წევრებს ვერ ეკონტაქტება. არ რჩება დრო სოციალური ქსელებისთვის. ამ ეტაპზე ორიენტირებულია მხოლოდ სწავლაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ხშირად აქვს სატესტო ფრენები“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ასმარ ნურიევას ოჯახის წევრი. ის ვინაობას არ ამხელს, „ეს წარმატება მხოლოდ ასმარ ნურიევასიაო“, ამბობს.

Epic Flight Academy-ში გამოცდილების არმქონე სტუდენტებისთვის სწავლა წელიწადში 73 063 დოლარი ჯდება. ამას ემატება ცხოვრების ხარჯიც. ნურიევა სწავლას სასწავლო სესხითა და ოჯახის დახმარებით ახერხებს.

ნურიევა ახლა მარტო ცხოვრობს, დედა და და ფლორიდის შტატის სხვა ქალაქში დარჩნენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG