Accessibility links

აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში - გარდაცვლილია 2 ადამიანი


გარდაცვლილი დედა-შვილის ნანგრევებიდან ამოყვანით დასრულდა შვიდსაათიანი სამაშველო ოპერაცია ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში, სადაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებამ, ნგრევა გამოიწვია. გარდაცვლილები არიან 31 წლის ქალი და მისი 9 თვის შვილი. მძიმედ დაშავებული 3 ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

აფეთქება ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში 15 ნოემბერს დილით, დაახლოებით 11 საათზე მოხდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჟონა. „აფეთქების შედეგად მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე ამ დროს იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი და შვილი, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩავარდნენ მეორე სართულზე“. სწორედ მეორე სართულზე იმყოფებოდა გარდაცვლილი დედა-შვილი, რომლებიც სავარაუდოდ ამ ფილის ქვეშ აღმოჩნდნენ.

სამშენებლო ფილა რთული და მძიმე კონსტრუქციაა და მის აწევას სპეციალური ტექნიკა დასჭირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის განმარტებით, სამაშველო სამუშაოები ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა: ”მზიდი კედლების დაზიანების პირობებში რამდენიმე სართული იყო ჩანგრეული და ფილები იყო ჩაცვენილი. ამის გამო [სამაშველო ოპერაცია]საკმაოდ გაგრძელდა, მაგრამ ძალიან ფრთხილად, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ“ - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

მძიმეა აფეთქებისა და ნგრევის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თანახმად, სამივე დაშავებული დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება, თერმულ-ინგალაციური და ტრამვული დაზიანებებით: “სამივე დაშავებულს სხვადასხვა მიდამოს თერმული დაზიანება აქვს. დამწვარი აქვთ ხელის მტევნები, სახეები, გულმკერდი, ქვემო კიდურები, სასუნთქი გზები.“ დაშავებულების მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. 44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%–ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა – 12%–ის. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში - გარდაცვლილია 2 ადამიანი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაზუსტებით უჭირთ იმის თქმა, რამ გამოიწვია აფეთქება. აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივ აირს ასახელებენ, თუმცა კონკრეტულად სად, რა გარემოებებში და რა მოწყობილობის დაზიანების შედეგად მოხდა აფეთქება, უცნობია. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმართავს.

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსი უსაფრთხოების მიზნით დაცლილია-კორპუსის მობინადრეებს სახლებში მხოლოდ პირადი ნივთების გამოტანის მიზნით უშვებენ. როგორც თბილისის მერიაში განგვიმარტეს, კორპუსში მცხოვრები 28-ვე ოჯახისთვის მოძიებულია დროებითი საცხოვრებელი ფართები, რომლებშიც ისინი მანამდე დარჩებიან, სანამ კორპუსის დაზიანებისა და მდგრადობის შესახებ დასკვნა არ მომზადდება. ექსპერტიზაზე მუშაობენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG