Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დონბასში. რა ღირს ეგზოტიკური ხილი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე


ფორთოხალი, მანდარინი და ხურმა უხვად იყიდება ოკუპირებული დონბასისა და რუსეთთან მიერთებული ყირიმის ბაზრებში. საიდან ჩააქვთ ეგზოტიკური ხილი შეიარაღებულ მეამბოხეებთან, ვაჭრობის აკრძალვისა და საერთაშორისო სანქციების მიუხედავად?

„მანდარინი აფხაზეთიდანაა. ესეც კარგია, აფხაზეთიდან. გემრიელია, ძალიან გემრიელი“, - აქებს თავის საქონელს გამყიდველი დონეცკის ბაზარში.

არაღიარებული აფხაზეთიდან - უკანონო „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასა“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“. სწორედ იქიდან ჩააქვთ ციტრუსებისა და სხვა ხილის უდიდესი ნაწილი დონეცკისა და ლუგანსკის ბაზრებში.

„აფხაზეთიდან ყოველთვის ყველაზე უფრო გემრიელია - ბროწეული გინდა, ფორთოხალი თუ მანდარინი“, - ამბობს გამყიდველი.

დონეცკში კილო მანდარინი 85 რუბლი ღირს, რაც 3.40 ლარია. აფხაზური ბროწეული - 120 რუბლი (4.80 ლარი). იყიდება ხურმაც - კილო 85 რუბლად (3.40).

„75 (3 ლარი) ღირს კარალიოკი, 85 (3.40) - ხურმა, „ხარისგულა“. აფხაზეთიდანაა“, - ამბობს გამყიდველი.

დონეცკში ბევრია ხილი აზერბაიჯანიდან და თურქეთიდანაც.

„ეს ხურმა აზერბაიჯანიდან ჩამოვიტანეთ. კარგია“, - ისმის გამყიდველისგან. ხურმის ფასი აფხაზურისას ემთხვევა - დაახლოებით, 3.5 ლარი.

ხილის ნაკლებობას არ უჩივიან არც ლუგანსკის ბაზრებში.

„ამას ცოტა სიმჟავე აქვს, ეს გულს აგიმსუყებს. ეს აფხაზეთიდანაა, ტკბილი“, - განმარტავს ახალგაზრდა ქალი.
„ეს აზერბაიჯანია. ძალიან გემრიელი, კარგი ბროწეულია“, - აქებს თავის საქონელს გამყიდველი.

მაგრამ მყიდველებს თუ აინტერესებთ ხილის წარმომავლობა?

„ხურმა ვიყიდე. ვვარაუდობ, რომ სამხრეთის ქვეყნებიდანაა“, - ასეთ პასუხს იძლევა ახალგაზრდა დონეცკელი კაცი.

„სად მოიყვანეს, არ ვიცი, არ მაინტერესებს“, - ამბობს მყიდველი ქალი.

დონეცკშიც და ლუგანსკშიც ციტრუსები ერთი და იმავე ადგილებიდან ჩააქვთ.

დასამალი რაა? აქ ყველამ ყველაფერი იცის. ამბობენ, რომ თურქეთია. მაგრამ მე ჩვენი მირჩევნია, აფხაზეთიდან“, - ამბობს დონეცკელი კაცი.


ეგზოტიკური ხილი ანექსირებული ყირიმის ბაზრებში

„ფორთოხალი გაქვთ?“
„თურქეთიდან და აფრიკიდან“.

ყირიმის ანექსიისა და ნახევარკუნძულთან ვაჭრობისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, სიმფეროპოლის ბაზრები სავსეა ციტრუსებით უცხოეთიდან.

„აფხაზური მანდარინი გაქვთ?“
„60 რუბლად (2.40 ლარი). ნამდვილია”, - ამბობს გამყიდველი.
„თურქულს სჯობია?“
„აბა რა! თურქულიც მაქვს, 75 რუბლი (3 ლარი)“.
„თურქული რატომაა უფრო ძვირი, თუ აფხაზური სჯობია?“
„გზის გამო. აქ ხომ უფრო ახლოა, ვიდრე თურქეთიდან. აფხაზეთი აგერაა. სოჭი და მერე უკვე აფხაზეთია“.


აქ, ისევე როგორც დონბასში, ბევრი საქონელია აფხაზეთიდან. ფეიხოას ეგზოტიკური ნაყოფიც იქიდან ჩააქვთ. ყირიმში კილო ფეიხოა, მინიმუმ, 250 რუბლი (10 ლარი) ღირს.

თუმცა სიმფეროპოლის ბაზრებში ნახავთ ყირიმის მზეზე მოყვანილ ხილსაც. მაგალითად, ყირიმული ხურმა 64 რუბლი (2.5 ლარი) ღირს.

„ხურმა ვისია?“
„შოკოლადის კარალიოკი ჩვენია“.

ზოგი გამყიდველი აღიარებს, რომ წარწერებს ყოველთვის ვერ ენდობი.

„ეს ხურმა საიდანაა?“
„აზერბაიჯანიდან. ყუთებზე წერია. აი, აწერია „ Made in Azerbaijan”.
„კი, მაგრამ „ალუშტა“ რომ აწერია?“
„იცით, ასე დაწერა მეც შემიძლია. გინდათ ვთქვა, რომ ალუშტაა? კაი, ვიტყვი“.

მყიდველები დონბასშიც და ყირიმშიც ირჩევენ ხილს, რომელიც მათთვის მისაღებია ფასითაც და, უბრალოდ, გემოთიც.

,არ მეკითხებიან, საიდანაა. უბრალოდ, გასინჯავენ ხოლმე და, თუ ტკბილია, ყიდულობენ“, ამბობს გამყიდველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG