Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია პანკისში და მიმართვა ბიძინა ივანიშვილს


დუისში საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ.
დუისში საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ.

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებულ შეკითხვებზე პასუხს ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვენ. სოფელ დუისის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ უნდა დაისაჯონ როგორც სპეცოპერაციის დამგეგმავი მაღალჩინოსნები, ასევე ის სპეცრაზმელი, რომელმაც ახალგაზრდას საწოლში ესროლა. პანკისში გამართულ აქციას სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა ზაზა სარალიძე, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პანკისელები აქციების თბილისში გაგრძელებას აანონსებენ.

გადმოწერა

თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარება,გამოძიების დროულად დასრულება და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა - ეს არის მოთხოვნები, რომლებიც პანკისში, სოფელ დუისში, საზოგადოებრივ ცენტრთან გამართულ აქციაზე გაჟღერდა. სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა,განაცხადა, რომ რადგან საქართველოს მთავრობის მეთაური გადადგადა, შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი ჯერ არ არის დამტკიცებული, ის პირადად მიმართავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და შეკითხვებზე პასუხს სწორედ მისგან ითხოვს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სპეცოპერაცია დაგეგმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა მოადგილე იოსებ გოგაშვილთან ერთად. მაჩალიკაშვილი იმ სპეცრაზმელის დასჯასაც ითხოვს, რომელმაც თემირლანს ესროლა:

საპროტესტო აქცია დუისში. ზაზა სარალიძე (ცენტრში), მალხაზ მაჩალიკაშვილი (მარჯვნივ)
საპროტესტო აქცია დუისში. ზაზა სარალიძე (ცენტრში), მალხაზ მაჩალიკაშვილი (მარჯვნივ)

„დღეს მე მინდა მივმართო თვით ივანიშვილს: თემირლანი იქნეს უდანაშაულოდ ცნობილი, სახელმწიფომ აღიაროს თავისი ეს სასტიკი დანაშაული, რომელიც არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვისი ხელიცამ დანაშაულში ურევია. ესენი არიან გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცრაზმელი, რომელმაც თემირლანს ესროლა. თუ არ იქნება ჩვენი ეს ყველა მოთხოვნა სისრულეში მოყვანილი, აქციები გადაინაცვლებს თბილისში. ქისტების დაჩაგვრა არასდროს არ იქნება და არც ყოფილა! ჩვენ ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწევთ“.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოსწავლის, დავით სარალიძის, მამა ზაზა სარალიძემ.

მან პანკისში გამართულ აქციაზე გამოსვლისას თქვა, რომ შედეგის მისაღწევად მოსახლეობის ერთიანობაა აუცილებელი:

საპროტესტო აქცია დუისში
საპროტესტო აქცია დუისში

„ჩვენ შვილები დაგვიხოცეს და ამ უდიდესმა ტკივილმა გაგვაერთიანა. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, აუცილებლად დავამარცხებთ ამ სისტემას და აუცილებლად გაიმარჯვებს ის სიმართლე, რა სიმართლითაც გვინდა ვიცხოვროთ.ვისაც არ უნდა სიმართლით მსვლელობა, იყოს იქ შეყუჟული, სადაც არის. მე თქვენ მოგიწოდებთ, რომ გავერთიანდეთ სისტემის დასანგრევად“.

დუისში, საზოგადოებრივი ცენტრის შენობასთან გამართულ აქციას დაესწრო უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ხასო ხანგოშვილი. მისი თქმით, აქციები მანამდე გაგრძელდება ვიდრე თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა არ იქნება აღიარებული:

„სამართლიანობა არის, რომ სათანადო არგუმენტებით დამტკიცებული გამოძიება დადონ, ვინ არის დამნაშავე, ვინ ჩაიდინა დანაშაული და ასე შემდეგ. როდესაც კეთდება ასეთი სპეცოპერაცია, მას დაგეგმარება სჭირდება. ოჯახში რომ ვარდები და ასე ღირსების შემლახავად, თანაც მძინარე კაცს ესვრი, ეს დიდი დანაშაულია და ამიტომაც ეს ასე უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის. გპირდებით და დარწმუნებული ვარ, რომ აქციებისათანადო შედეგს გამოიღებს“.

საპროტესტო აქცია დუისში
საპროტესტო აქცია დუისში

პანკისელებმა აქცია მიმდინარე წლის 20 აპრილსაც გამართეს. მოთხოვნები მაშინაც თითქმის იგივე იყო, რაც ახლა. სპეცოპერაცია სოფელ დუისში 2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სპეცრაზმელის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ჯერ დაიჭრა, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ კი გარდაიცვალა. ამავე სპეცოპერაციის დროს თბილისსა და პანკისში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, „დაკავებულები დაკავშირებული არიან 2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს საქართველოში“. პანკისის ხეობაში დღეს შეკრებილებმა თქვეს, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები თბილისში გაგრძელდება.

დუისში საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, და თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოსწავლის, დავით სარალიძის, მამა, ზაზა სარალიძე, თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG