Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციებზე კარვის გაშლა და სცენის დადგმა შეიძლება აიკრძალოს - მეტი უსაფრთხოება თუ პროტესტის გაუქმების მცდელობა?


საპროტესტო კარავი საქართველოს პარლამენტის შენობასთან, 2021 წელი
საპროტესტო კარავი საქართველოს პარლამენტის შენობასთან, 2021 წელი

საქართველოს პარლამენტი გეგმავს დაჩქარებული წესით, კანონით შეზღუდოს საპროტესტო აქციების ფორმა და კანონდარღვევად გამოაცხადოს პროტესტის ნიშნად კარვის გაშლა ან, შესაძლოა, აქციაზე გამომსვლელთათვის სცენის მოწყობაც.

ხელისუფლება ამ ცვლილების საჭიროებას ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ხსნის, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ და ამბობენ, რომ ეს ცალსახად უკან გადადგმული, არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება.

რა ცვლილებებზეა საუბარი

„ქართული ოცნების” შვიდმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც დღეს მოქმედი შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი მკაცრდება. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში დემონსტრანტებს აკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია როგორც სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია”.

აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ვინ არის ცვლილებების ინიციატორი?

პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.

რატომ არის ცვლილებები აუცილებელი და საჩქარო?

ოცნების დეპუტატები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, ამ წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

ციტატა საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებითი ბარათიდან:
„დაგეგმილია, მათ შორის, ე. წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ამასთანავე, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება”.

რაც განმარტებით ბარათში წერია, თითქმის იგივე გაიმეორა 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„პირდაპირი ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ რევოლუციური პროცესები, რომლებზეც დეტალური ინფორმაცია დღესაც მოვისმინეთ, იგეგმება სწორედ ოქტომბრიდან, ნოემბერ-დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე [ამ კანონპროექტის მიღების] დაჩქარებას, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს. ბუნებრივია, ოპოზიცია სუსტია, მაგრამ ამ სისუსტის პირობებში პროვოკაციების რისკი, რა თქმა უნდა, მატულობს. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ეს კანონპროექტიც ზუსტად ამას ემსახურება“, - უთხრა მედიას კობახიძემ.

ის თვლის, რომ დაგეგმილი ცვლილებები თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან, მათ შორის - ევროპის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

2 ოქტომბერს „მოსალოდნელ დესტბილიზაციაზე“ დამატებითი განცხადება გააკეთეს სუსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები პრევენციულია.

რა საფრთხეს შეიცავს საკანონმდებლო ცვლილებები?

„კანონის გამკაცრება რეალურად ემსახურება არა რაიმე საჯარო ინტერესს, არამედ ქმნის აქციის მონაწილეთა დასჯის დამატებით ბერკეტს, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრების თავისუფლებაზე”, - დარწმუნებული არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში”.

„რატომ ვხედავთ რაღაც შეზღუდვას? დღესაც არის შეზღუდული, მაგალითად, ის, რომ მანიფესტაციის დროს არ შეიძლება გქონდეს ისეთი საშუალებები, რომელიც ადვილად აალებადია. მაგალითად, აკრძალულია ალკოჰოლური სასმელი, ეს შეზღუდვაა გამოხატვის თავისუფლების?!“ - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს.

„დამატებითი ბარიერების შემოტანა კანონმდებლობაში ნიშნავს იმას, რომ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდება. ამ საკითხის ახლა დღის წესრიგში შემოტანა და ამ ინიციატივის გაჟღერება, მაშინ როცა ჩვენ ველოდებით შეფასებას - როგორ ასრულებს ქვეყანა 12 რეკომენდაციას, არის დამატებითი საფრთხე იმის, რომ არ მოგვეცეს დადებითი შეფასება და ვერ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

„ვფიქრობ, რომ ამ კანონს ნამდვილად არ ექნება კარგი შეფასება და დადებითი გავლენა დემოკრატიულ პროცესებზე. მეტიც, ეს კანონი იქნება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში”, - ამბობს ადამიანის უფლებების ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი და იხსენებს, რომ საქართველოს სასამართლოს პირობებშიც კი, არსებობს გადაწყვეტილებები, როცა კარვის დადგმა გამოხატვის უფლების რეალიზაციად ჩაითვალა.

ასე მოხდა 2016 წელს, როცა „პარტიზანი მებაღეები” მერიის შენობასთან კარვის დადგმის უფლებას ითხოვდნენ. რამდენიმე დღის წინ კი სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განხილვაში დააბრუნა ბექა გრიგორიადისის საქმე, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაუთვალეს პარლამენტის შენობის უკან კარვის გაშლის მცდელობა.

ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახლა ხელისუფლება ცდილობს გააქროს ინტერპრეტაციის ის სივრცე, რომელიც სასამართლოს ჯერ კიდევ აქვს კარვის გაშლის შემთხვევებზე გადაწყვეტილების გამოტანისას და კანონის ძალით შეზღუდოს პროტესტის ამგვარი ფორმა.

ნიკუშა ფარულავას ერთ-ერთი აქციისას აკავებს პოლიცია. 2021 წლის მარტი
ნიკუშა ფარულავას ერთ-ერთი აქციისას აკავებს პოლიცია. 2021 წლის მარტი

ეკა ქობესაშვილი აქტივისტ ნატა ფერაძის შემთხვევაზე საუბრობს. ნატა კი იხსენებს შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლება პროტესტის ფორმებს, მათ შორის კარვების გაშლას, შერჩევით ებრძოდა.

„როცა შეშა გვინდოდა აქციაზე გასათბობად, შეშა გამოაცხადეს კრიმინალად და შეშას გვართმევდნენ. ტყიბულელი მეშახტეები რომ ჩამოვიდნენ, ჩვეულებრივად გააშენებინეს კარვების ქალაქი”, - ამბობს ნატა ფერაძე. ის შიშობს, რომ ახალი ცვლილებები საპროტესტო აქციებზე გამოსვლის სურვილზე იმოქმედებს: „ეს მთავრობა არის გასაყრელი, მაგრამ ამგვარი ცვლილებები კანონში ზუსტად ის არის, რაც შეაფერხებს ამ მთავრობის გაყრას. ახლა ეს კანონი თუ შეიცვალა 2024 წლის არჩევნებამდე, ეგრევე დაგვიჭერენ ყველას. იმდენად გაიზარდა ჯარიმები და ისეთი უსამართლოა სასამართლო, აუცილებლად იქონიებს ეს გავლენას გარეთ გამოსვლის სურვილზე”.

ნატა ფერაძე თბილისის მერიასთან შიმშილობს. 2016 წლის აგვისტო.
ნატა ფერაძე თბილისის მერიასთან შიმშილობს. 2016 წლის აგვისტო.

„ხელისუფლებას აქციებით ექმნება დისკომფორტი. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად არის მოწოდების იმ სიმაღლეზე, რომ დაინახოს ხელისუფლების ნაკლოვანი მხარეები, შეცდომები და ამაზე ისაუბროს. როგორც ჩანს, ეს ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის და ცდილობენ ამგვარი შეზღუდების დაწესებით აკრძალონ პროტესტი”, - ამბობს იურისტი ეკა ქობესაშვილი.

„ხელისუფლებას უნდა, რომ არანაირი კრიტიკა არ ისმოდეს და ჩანდეს, რომ ყველაფერი არის იდეალურად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამოქალაქო აქტივისტი ნიკუშა ფარულავა. ის დარწმუნებულია, რომ „პრაქტიკაში ეს მხოლოდ კარვებს არ შეეხება, შეეხება სცენას, ხმის გამაძლიერებლებს, შეიძლება გათბობის საშუალებებს. იმდენად ფართოდ შეიძლება ამ ჩანაწერის განზოგადება, რომ შეიძლება საერთოდ აქციის ჩატარება აიკრძალოს. დღეს პოლიციასთან კამათის სივრცე ჯერ კიდევ გვაქვს დარჩენილი სასამართლოში. ამ ჩანაწერის კანონად ქცევის შემთხვევაში, ის ყველაფერი, რაზეც ვდავობდით, კანონის ჩარჩოში იქნება მოქცეული. უნდა გვახსოვდეს, რომ კანონის სახელით ისჯებოდნენ ადამიანები საბჭოთა კავშირის დროსაც და ნაცისტურ გერმანიაშიც”.

ფარულავა არაერთ საპროტესტო აქციაზეა დაკავებული. ერთხელ პოლიციამ ადმინისტრაციული ჯარიმა იმ აქციაში მონაწილეობის გამო გამოუწერა, რომელზეც არც ყოფილა.

„პრაქტიკაში ჩვენ შეზღუდული კი არა, აკრძალული გვქონდა იმ უფლებების გამოყენება, რაც გარანტირებული გვაქვს როგორც კონსტიტუციით, ისე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით. არაერთხელ ვართ დაკავებულები პატარა კარვის დადგმის, დინამიკის მიტანის, სცენის აწყობის დროს. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ რუსული სტანდარტის დამკვიდრება უნდათ საკანონმდებლო დონეზე. პარალელი რომ გავავლოთ, 2014 წლის 16 იანვარს იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა იდენტურ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც დემონსტრანტებს ეკრძალებოდათ კარვის, სცენის, ხმის გამაძლიერებლების განთავსება საპროტესტო აქციაზე პოლიციის ნებართვის გარეშე. მსგავსი ტიპის კანონები მოქმედებს ბელარუსში, რუსეთში. ყველამ უნდა გავიაზროთ, საით მივდივართ”, - ამბობს ფარულავა და იხსენებს, რომ უკრაინის პრორუს პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, ამ კანონის მიღებიდან რამდენიმე დღეში მისი გაუქმება მოუხდა, რამდენიმე თვეში კი - უკრაინიდან რუსეთში გაქცევა. კანონი, რომელსაც ნიკუშა იხსენიებს, პროტესტის საწინააღმდეგო კანონის სახელით არის ცნობილი და უფლებადამცველების მიერ "დიქტატორულად" მიჩნეული.

კარვებთან ბრძოლა - ხელისუფლების რამდენიმეწლიანი ომი

პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები, განსაკუთრებით პარლამენტის სიახლოვეს, დიდი ხანია დისკომფორტს უქმნის პოლიციას და ხელისუფლებას. სხვადასხვა წლებში საკანონმდებლო ორგანოსთან გაშლილი კარვები არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების მიზეზი.

კარვის გაშლის გამო 2023 წლის 1 ივნისს 2000 ლარით დააჯარიმეს ბექა გრიგორიდიასი, მარტის აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილის სროლის” ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა. მას პარლამენტის უკან სკვერში სურდა კარვის გაშლა.

ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი პარლამენტის შენობასთან გაშლილ კარავში. 3 ივნისი, 2023 წელი
ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი პარლამენტის შენობასთან გაშლილ კარავში. 3 ივნისი, 2023 წელი

2023 წლის 1 მაისს პოლიციამ პოლიეთილენის პარკები წაართვა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც შვილებისთვის წამლის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავდნენ აქციას. ამ პარკებით ქალები წვიმისგან იცავდნენ თავს.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების აქცია. 30 აპრილი, 2023 წელი
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების აქცია. 30 აპრილი, 2023 წელი

2021 წლის აპრილში, პოლიციამ პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცა ადამიანების ჯგუფს, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მართავდნენ საპროტესტო აქციას.

„ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ აკრძალულია [კარვის გაშლა] კანონიდან გამომდინარე. სადაც თქვენ ფიქრობთ, რომ გაშალოთ კარავი, ნამდვილად ვერ გაგაშლევინებთ“, - ასე დაასაბუთეს მაშინ საკუთარი გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა.

2021 წლის აპრილში კარვების გაშლის უფლება შეეზღუდათ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველებსაც”. ადგილი, სადაც მათ რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კარვები დადგმული, მათი აშლის შემდეგ სახელმწიფომ ტრაქტორით დაამუშავა.

"რიონის ხეობის მცველების" კარავი ნამოხვანში. კარვის აღების მოტივად პოლიცია მაშინ რიონის ადიდებას და უსაფრთხოებას ასახელებდა.
"რიონის ხეობის მცველების" კარავი ნამოხვანში. კარვის აღების მოტივად პოლიცია მაშინ რიონის ადიდებას და უსაფრთხოებას ასახელებდა.

2019 წლის 31 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საპროტესტო კარვები აიღეს და მათ ნაცვლად რუსთაველზე ატრაქციონები დადგეს.

ამ წელს, საახალწლო დეკორაციების აღების შემდეგ თბილისის მერიამ პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციის სამუშაოები წამოიწყო, რომელიც დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. აქტივისტები ამ სამუშაოებს საპროტესტო სივრცის წართმევის მცდელობად მიიჩნევდნენ.

ვის ეკუთვნის ტერიტორია პარლამენტის შენობის წინ?
please wait

No media source currently available

0:00 0:04:12 0:00

2019 წლის ნოემბერში პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილი დემონსტრანტები და აშალა კარვები.

2018 წელს სასამართლოში განიხილებოდა, ჰქონდათ თუ არა ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარვების გაშლის უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინაც უსაფრთხოების ნორმებით ხსნიდა მათთვის კარვის გაშლის უფლების შეზღუდვას. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თვეების განმავლობაში ითხოვდნენ თავიანთი შვილების მკვლელობის საქმეების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. 2018 წლის 11 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათდამი სოლიდარობის ნიშნად თავად გაშალეს რუსთაველის გამზირზე კარვები იმაზე ხაზგასასმელად, რომ კარვის გაშლის უფლება გამოხატვის თავისუფლების ნაწილი იყო.

XS
SM
MD
LG