Accessibility links

site logo site logo

აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალი სამიტი - რა(არ)წერია დეკლარაციის პროექტში


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ბრიუსელი. 2017

15 ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის შეხვედრაზე, განიხილავენ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტისთვის მომზადებულ დეკლარაციის პროექტს, რომელსაც წინასწარ გაეცნო რადიო თავისუფლება.  

რა წერია და რა შეიძლება შეიცვალოს ტექსტში საქართველოსთან, უკრაინასა და მოლოდოვასთან დაკავშირებით იმ ორ თვეში, რომელიც ბრიუსელის სამიტამდე არის დარჩენილი?

რაზე უნდა იმუშავოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც ბოლო დროს ევროკავშირიდან კრიტიკული შეფასებების მოსმენა მოუწია თბილისში მიღებული რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო?

დეკლარაცია 15 დეკემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიიღონ.

31 მუხლისაგან შემდგარი დოკუმენტში, რომელიც ევროპის საბჭოს თავმჯდომარის აპარატმა ევროკომისიისა და ევროპის საერთაშორისო საქმეების ოფისთან მჭიდრო კონსულტაციებით მოამზადა, პარტნიორი ქვეყნების ევროპული მისწრაფების შესახებ კვლავ წინა სამიტის დეკლარაციის ზოგადი ფორმულირებებია გადმოტანილი.

„ჩვენ ვადასტურებთ ყველა პარტნიორის სუვერენულ უფლებას აირჩიოს ამბიციისა და მიზნის ის დონე, რომელსაც ისინი ესწრაფვიან ევროკავშირთან ურთიერთობაში. ამ კონტექსტში ჩვენ ვიხსენებთ 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას, რომელშიც აღიარებულია დაინტერესებული პარტნიორების ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი, როგორც ეს მითითებულია ასოცირების შეთანხმებებში...“ - ნათქვამია აღმოსავლეთის პარტნიორობის 2021 წლის სამიტის დეკლარაციის პროექტში.

ნულოვანი ამბიციის „დამაწყნარებელი პერანგი“

დოკუმენტში ასევე გამოთქმულია მხარდაჭერა აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იმ პრინციპების საფუძველზე, რომელიც ჰელსინკის 1975 წლის დასკვნით აქტში, გაეროსა და პარიზის ქარტიებშია ასახული.

მაგრამ დეკლარაციის პროექტში კვლავ არ არის ნახსენები პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტების მთავარი წყარო - რუსეთი და ასევე არაფერია კონკრეტულად ნათქვამი რეგიონულ კონფლიქტებზე. რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი შენიშნავს, რომ მომავალი სამიტის ორგანიზატორები ამით ცდილობენ თავიდან აიცილონ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება, რაც წინა სამიტზე ვერ მოახერხეს.

ყველაზე მთავარი - აღმოსავლეთის პარტნიორობის 2021 წლის დეკემბრის სამიტის დეკლარაციის პროექტში ნახსენები არ არის „პარტნიორობის ტრიო“, სამი დაწინაურებული ქვეყანა: მოლდოვა, საქართველო და უკრაინა. იმისთვის, რომ ჩანაწერი ტექსტში დაბრუნდეს, სამივე ქვეყანას აქტიური ლობირება დასჭირდება.

„საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისათვის სახეში სილის გაწვნის ტოლფასია ის, რომ დოკუმენტში ნახსენები არ არის ასოცირებული ტრიო. ამაზე სამივე ქვეყნის ხელისუფლებებმა უნდა იმუშაონ სამიტამდე დარჩენილი კვირების განმავლობაში. მათ უბრალოდ უნდა მოახდინონ ამის ლობირება, უნდა უბიძგონ თავიანთ ევროპელ მოკავშირეებს და ეცადონ ამ ჩანაწერის დოკუმენტში შეტანას. წინააღმდეგ შემთხვევაში სამიტი მორიგ ფიასკოდ გადაიქცევა ტრიოსთვის, რომელიც უკვე ეძებს გზებს, რათა გააუმჯობესოს და უფრო დიფერენცირებული გახადოს პარტნიორობა, სანამ ის საერთოდ არ გადაქცეულა ნულოვანი ამბიციის მქონე დამაწყნარებელ პერანგად“, - ამბობს რიკარდ იოზვიაკი.

2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის პროექტში ხაზგასმულია პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქმულია მზადყოფნა, გაგრძელდეს ექვსივე ქვეყნის დახმარება უკვე არსებული შეთანხმებების სრული რეალიზების კონტექსტის გათვალისწინებით.

„ჩვენ მივესალმებით ამ მომენტისათვის მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირებისა (AAS) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმებების, ასევე ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული შეთანხმების სრული განხორციელებისკენ. ჩვენ მივესალმებით ასევე ახალი შეთანხმების თაობაზე აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს. პარტნიორებთან ერთად, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება, ჩვენ ველოდებით თანამშრომლობის განახლებას ბელარუსის ხელისუფლებასთან, საერთო ინტერესებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ერთობლივი დღის წესრიგის შესამუშავებლად“, - ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების პასუხად ბელარუსის ხელისუფლებამ 28 ივნისს განაცხადა, რომ წყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას ევროკავშირთან და ასევე აჩერებს მონაწილეობას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირსა და ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას - შორის.

პრინციპით „მეტი მეტისათვის“ და „ნაკლები ნაკლებისთვის“

როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის მომდევნო სამიტის ერთობლივი დეკლარაციის პროექტიდან ირკვევა, ევროკავშირი კვლავაც დიდ დახმარებას გაუწევს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს კანონის უზენაესობის განმტკიცების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ეფექტიანი მმართველობის, ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ახალგაზრდების ჩართულობისა და კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაში.

დახმარება კი, როგორც დოკუმენტშია ხაზგასმული, მოხდება პრინციპით „მეტი მეტისთვის“, ან „ნაკლები ნაკლებისთვის“, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა რას იმსახურებს.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა 2009 წელს დამტკიცდა ევროკავშირთან აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის - ისევე როგორც ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის - დაახლოების მიზნით, მაგრამ მომავალი წევრობის მკაფიო შეთავაზების გარეშე.

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მას მერე ევროკავშირთან გააფორმეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით.

ბელარუსის ხელისუფლება, 2020 წლის სადავო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირთან აშკარად კონფრონტაციულ გზას დაადგა.

ევროკავშირში სინანული გამოთქვეს ბელარუსის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კავშირი გაწყვიტოს ბლოკთან და განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ მის იზოლაციას გააღრმავებს.

მინსკის ამ ნაბიჯს „სამწუხარო“ უწოდეს საქართველოსა და უკრაინის, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ორი დაწინაურებული ქვეყნის, ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ მინსკის ეს ნაბიჯი ბრიუსელის დღის წესრიგში კვლავ დააყენებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ორ ჯგუფად - პირობითად, „ფრიადოსნებად“ და „ჩამორჩენილებად“ - გაყოფას, რის შესახებაც ევროკავშირის კულუარებში, უკვე კარგა ხანია, მიმდინარეობს საუბარი.

თუმცა აღმოსავლეთის პარტნიორობის 15 დეკემბრის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის პროექტის თანახმად, „ფრადოსნებიც“ და „ჩამორჩენილებიც“ ჯერჯერობით კვლავ ერთ ტაფაში არიან მოქცეულები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG