„ატლანტიკური საბჭოს“ განმარტებითვე, ეს იარაღი მეტწილად განკუთვნილი იქნებოდა აზერბაიჯანის საზღვრის დაცვისათვის, - ირანთან და რუსეთთან არსებული საზღვრის დასაცავად.
კვლევითმა ცენტრმა 10 მაისს გამოაქვეყნა მკვლევრების სტატია შემდეგი სათაურით: „ახლა არის დრო, აშშ-მა „დიდი შეთანხმება“ გააფორმოს აზერბაიჯანთან“.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყანაში „პოლიტპატიმრების“ არსებობას უარყოფს და მსგავს ტერმინებზე მწვავედ რეაგირებს.
„ბელარუსის მოდელი“
ინიციატივის ავტორთა თქმით, ეს იდეა მსგავსია აშშ-სა და ბელარუსს შორის 2026 წელს მიღწეული გარიგებისა:
„ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ მიზნობრივი სანქციების შემსუბუქებით, თეთრმა სახლმა ხუთასზე მეტი ადამიანის უსამართლო ტყვეობიდან გათავისუფლება შეძლო“.
„სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანთან მსგავსი გარიგება დიდ სარგებელს მოიტანდა გაცილებით ნაკლები რისკით“, - წერია Atlantic Council-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
იარაღი პოლიტპატიმრების სანაცვლოდ
„აზერბაიჯანთან ამ „დიდი გარიგების“ მისაღწევად, ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესთან ერთად უნდა იმუშაოს“, - წერენ ავტორები და განმარტავენ:
- აზერბაიჯანმა უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები;
- სანაცვლოდ, აშშ-მა უნდა მოხსნას აზერბაიჯანისთვის დაწესებული საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ამერიკის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას/სამხედრო დახმარებას;
907-ე სექცია
ეს შეზღუდვა არის აშშ-ის „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექცია.
იგი კრძალავს შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას.
- 2001 წლიდან 2023 წლამდე, შტატების ხელისუფლება ყოველწლიურად აუქმებდა ამ აკრძალვას, - რითაც ფაქტობრივად ეხმარებოდა აზერბაიჯანს.
- 2024 წლიდან 2025 წლამდე აკრძალვა არ გაუუქმებიათ - მიზეზი 2023 წელს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლის დამყარება გახდა, რის ფონზეც ყარაბაღი თითქმის მთლიანად დაიცალა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისგან. გადაწყვეტილება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.
- 2025 წლის აგვისტოში, აშშ-ს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებების პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ აკრძალვა კვლავ გაეუქმებინა.
თუმცა, როგორც საკანონმდებლო აქტი, სექცია კვლავ ძალაშია და მისი მოქმედების შეზღუდვა ყოველ წელს არის საჭირო.
„ატლანტიკური საბჭოს“ ინიციატივაა, კონგრესმა სრულიად გააუქმოს „907-ე სექცია“, რათა ყოველ წელს მისი ერთჯერადად გაუქმება საჭირო არ იყოს.
„იდეალური დრო“
ავტორების თანახმად, ამჟამად იდეალური დროა მსგავსი შეთანხმების მისაღწევად, რამეთუ „მომდევნო რამდენიმე თვე უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის“:
- „სომხეთი 7 ივნისს საპარლამენტო არჩევნებს ატარებს და ფაშინიანს შესაძლოა, ხელახალი არჩევნების დროს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდეს პრორუსული პარტიებისგან, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას;
- კრემლი ფაშინიანის საარჩევნო კამპანიისთვის ძირის გამოთხრის მიზნით, ფართომასშტაბიან ყალბი ამბების ოპერაციას ატარებს;
- ბაქოში ოფიციალური პირები და ექსპერტები სწორად მიიჩნევენ, რომ ფაშინიანი არის საუკეთესო შანსი, საბოლოოდ გაფორმდეს ორ ქვეყანას შორის ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმება; ბაქომ შესაძლოა ფარულად დაუჭიროს მხარი მის კანდიდატურას არჩევნებში.
- რა შეიძლება იყოს უკეთესი გზა ფაშინიანის პრორუსი ოპონენტების დასამშვიდებლად და მშვიდობისკენ მიმავალი გზების შესანარჩუნებლად, ვიდრე არჩევნებამდე სომეხი პატიმრების გათავისუფლება?“
საუბარია აზერბაიჯანში პატიმრობამისჯილ ეთნიკურად სომეხ ტყვეებზე, მათ შორის მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ მაღალჩინოსნებზე. მათ შორისაა რუბენ ვარდანიანიც.
„ჟურნალისტები“
„აზერბაიჯანს შეუძლია აშშ-ს სანაცვლოდ ისეთი რამ შესთავაზოს, რასაც თეთრი სახლი ძალიან დააფასებს“, - წერენ ავტორები:
„იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებსაც ამერიკელი თანამდებობის პირებიც, სენატორებიც და ექსპერტებიც უსამართლოდ დაკავებულად მიიჩნევენ.
ამ ჯგუფში შევიდოდნენ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი გუბად იბადოღლუ, რადიო თავისუფლების და „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები და ასევე ეთნიკურად სომხები პატიმრები.
მეტიც, - წერს „ატლანტიკური საბჭო“, - აშშ-ს, ბელარუსის შემთხვევისგან განსხვავებით, აზერბაიჯანისთვის ფინანსური სანქციების შემსუბუქება, - რითაც რუსეთმა შეიძლება ისარგებლოს, - არ დასჭირდება".
„სასაზღვრო კონტროლისთვის“
„აშშ უბრალოდ იტოვებს უფლებას, რომ აზერბაიჯანს უსაფრთხოების სფეროში დახმარება გაუგრძელოს“, - წერენ ისინი. ასევე მიუთითებენ:
- ამჟამად ამერიკული სამხედრო დახმარება აზერბაიჯანისთვის „ძალიან მცირეა“ - 2002 წლიდან დღემდე აშშ-მა ბაქოს დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება გადასცა;
- ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 2026 წლის თებერვლის ვიზიტისას დააანონსა რამდენიმე საზღვაო საპატრულო ნავის გადაცემა;
„თუ 907-ე სექცია საერთოდ გაუქმდებოდა, მომავალში აშშ-სა და აზერბაიჯანს შეეძლებოდათ მრავალწლიანი უსაფრთხოების დახმარების პროგრამების შექმნა, და დახმარებაც შესაძლოა გაზრდილიყო“, - წერენ ავტორები.
თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს დახმარებაც სასაზღვრო კონტროლსა და უსაფრთხოებაზე იქნებოდა ორიენტირებული და არა საბრძოლო მოქმედებებზე.
„აზერბაიჯანი უკვე ისედაც იძენს შეტევით შესაძლებლობებს თურქეთისა და ისრაელისგან, - უფრო დაბალ ფასებში, ვიდრე აშშ-ს ფირმებსა და აქციებს შეუძლიათ ბაქოს შესთავაზონ.
ირანისა და რუსეთის სამხრეთ რეგიონების მუდმივად არასტაბილურობის პირობებში, აზერბაიჯანს ადრეული გაფრთხილებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების შესაძლებლობები უფრო სჭირდება, ვიდრე ლეტალური შესაძლებლობები“, - წერია სტატიაში.
ინიციატივის ავტორები არიან ენდრიუ დ'ანიერი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის ასოცირებული დირექტორი, და მერსედეს საპუპო, ამავე ცენტრის მკვლევარი.
ფორუმი