Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვიზო რეჟიმი და არა მარტო - პარლამენტში „არასწორი ტონალობა“ შეარჩიეს აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას?


28 თებერვალი, 2024 წელი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში.
28 თებერვალი, 2024 წელი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში.

საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის წინაშე სამ კონკრეტულ საკითხს აყენებს. აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, დავით სიხარულიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ ტონალობა ვერცერთი საკითხის გადაჭრას ვერ დაეხმარება. რა მოსთხოვეს ელჩს პარლამენტარებმა პირველ შეხვედრაზე და რა დაპირებები მიიღეს?

აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 28 თებერვალს მოუსმინეს.

მოხსენებას წინ უძღოდა 23 თებერვალს დიპლომატის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

დანიგანთან განხილულ საკითხებზე კობახიძემ იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. მთავრობის თავმჯდომარემ აშშ-სთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე საუბრისას „გარკვეულ სისუსტეებზე“ მიუთითა.

„სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა“, - თქვა კობახიძემ და საპირისპირო მაგალითად ჩინეთთან დაახლოებული ურთიერთობა მოიყვანა.

კობახიძის სიტყვებიდან სამ დღეში ცნობილი გახდა, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს.

იგივე აქცენტები დასვა საპარლამენტო უმრავლესობამ ელჩის მოსმენის დასრულების შემდეგ.

ელჩის მოხსენების შემდეგ პარლამენტარებმა კითხვები დაუსვეს რობინ დენიგანს, თუმცა ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრის ეს მეორე ნაწილი დაიხურა.

„პირადად მე დავუსვი ქალბატონ ელჩს კითხვა, ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობის კუთხით, რამდენად პერსპექტიულად ეჩვენება მას სავიზო რეჟიმის მოხსნა, უვიზო რეჟიმის დადგენა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე - პირდაპირი ფრენები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება“, - უთხრა მედიას დახურული შეხვედრის შემდეგ დავით მათიკაშვილმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ჟურნალისტებთან დანიგანის პოზიციის შესახებაც ილაპარაკა. „ელჩმა ბრძანა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამდე მიღწევა არის საკმაოდ დიდი და შრომატევადი პროცესი, თუმცა კონკრეტულად, სეგმენტურად მას შესაძლებლად ეჩვენება, უფრო დროულად მოხდეს ამ კუთხით, კონკრეტულ ეკონომიკურ სეგმენტებთან მიმართებით რაიმე გარკვეული შეთანხმება თავისუფალ ურთიერთობებზე.

მან თქვა, რომ მისი სურვილია, უვიზო რეჟიმი და პირდაპირი [ავიამიმოსვლა] არსებობდეს, ეს ბიუროკრატიული მექანიზმები მოიხსნას...

მან ასევე ბრძანა, რომ ბიუროკრატიული [საკითხები] ვიზის მიღებასთან დაკავშირებით, კოვიდპანდემიის შემდგომია და ამით არის განპირობებული და ამიტომ, ამ კუთხით, ის ისურვებდა, რომ გაადვილდეს ურთიერთობები და პროცედურები“, - თქვა მათიკაშვილმა.

28 თებერვალი, 2024 წელი. საქართველოს პარლამენტის წევრები კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მოსმენის დროს.
28 თებერვალი, 2024 წელი. საქართველოს პარლამენტის წევრები კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მოსმენის დროს.

შეკითხვაზე, დაასახელა თუ არა ელჩმა ის ნაბიჯები, რაც სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვის არის გადასადგმელი? - დეპუტატმა უპასუხა: „პარტნიორული ურთიერთობა ორმხრივ ურთიერთობას გულისხმობს, საქართველოს მხრიდან ყველა ნაბიჯი იქნება, რაც ქართული მხარის ვალდებულებაა. ახლა ჯერი, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებზეა“.

მოსმენას არ ესწრებოდა, თუმცა აშშ-ის ელჩთან შეხვედრას შეეხო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, ამ თემებს საქართველოს ხელისუფლება ელჩთან შეხვედრებზე სისტემატურად განიხილავს.

პარლამენტის სპიკერის თქმით, სამივე საკითხზე აშშ-ის მხრიდან საჭირო არის საპასუხო ნაბიჯები. მან ტაივანის მოქალაქეებისთვის აშშ-ში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ახსენა და სინანული გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ სარგებლობენ უვიზო რეჟიმით.

„ამერიკის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი აქვთ საქართველოში, ჩვენი მხრიდან ვიზის ვალდებულება მოხსნილია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ნება არის საჭირო, რომ მოიხსნას ვიზა. გასაგებია, მართალია და სწორია, როდესაც ამერიკას ზოგადად არ აქვს ბევრ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა, მაგრამ, მაგალითად, არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანის მკვიდრებს აქვთ უვიზო მიმოსვლა და არ მგონია მე, რომ საქართველო თავისი 3.5 მილიონი მოსახლეობით რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციის თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის... - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და განაგრძო: - რაც შეეხება ავიამიმოსვლას, აქაც ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური მზაობა, ყველანაირად ხელი შეეწყოს ნებისმიერს, ამერიკული ავიაკომპანია იქნება თუ სხვა, რომ მოხდეს ეს ფრენები. ჩვენი მხრიდან თუკი რაიმე დახმარება იქნება საჭირო, დავეხმარებით. ამ მხრივ, აშშ-ის მხრიდან რაიმე ბიძგები ან წახალისება ჰქონდეს ავიაკომპანიებს, რომ ეს რეისები დაინიშნოს...“.

ოპოზიცია დახურული შეხვედრიდან

სხდომიდან გამოსულმა დეპუტატმა „ლელოდან“, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ელჩმა ილაპარაკა იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს აშშ-სა და ქართველ ხალხს. „ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების ხელშეწყობა, დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ცხადია, ჩემი შეკითხვები შეეხებოდა მოახლოებულ არჩევნებს, კონკრეტულად არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის როლის გაზრდას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე, როგორ აფასებს ის ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა საარჩევნო კანონმდებლობაში“, - თქვა დეპუტატმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დახურული ნაწილის შესახებ თქვა: „ელჩის გზავნილი არის, რომ ამერიკა მზადაა, მეტად იმუშაოს საქართველოსთან, უფრო მეტად გააღრმაოს სექტორული მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც ძალიან გვჭირდება“.

28 თებერვალი, 2024 წელი. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.
28 თებერვალი, 2024 წელი. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

ყოფილი ელჩის შეფასება

აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ორგანიზაცია „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავისუფალ ვაჭრობასა და სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს დიპლომატიური ძალისხმევა და მოლაპარაკებები სჭირდება. თუმცა ის ტონალობა და ფორმა, რომელიც მმართველმა პარტიამ შეარჩია, სამწუხაროდ, ანტიდასავლური პროპაგანდის ნიშნებს ტოვებს.

არა მგონია, რომ პრაქტიკული თანამშრომლობისთვის რაიმე სარგებლობა მოიტანოს, ან რომელიმე ამ საკითხის წინ წაწევას მოემსახუროს“, - თქვა მან.

ყოფილმა ელჩმა სამივე აქტუალური საკითხი განმარტა. მას მიაჩნია. რომ აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლა კომერციული ავიაკომპანიების გადასაწყვეტი თემაა.

„იმის მიხედვით, რაც ცნობილია დღევანდელ დღეს, ამჟამად აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა აბსურდულად მიმაჩნია. შემაფერხებელი არ არის კანონმდებლობა, ან სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ამერიკის მხრიდან. ეს არის კონკრეტული კომერციული ავიაკომპანიების გადასაწყვეტი საკითხი, იმიტომ, რომ ეს არ არის რუსეთი, სადაც ფსევდოკომერციული და კორუფციული კომპანიები აკეთებენ ნებისმიერ რამეს, რასაც კრემლი უბრძანებს. აშშ განსხვავებული ქვეყანაა და კარგი იქნება, რომ ეს ზოგიერთმა გაიგოს“, - თქვა სიხარულიძემ.

დავით სიხარულიძე, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი
დავით სიხარულიძე, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის მხრიდან უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ აქ მნიშვნელოვანი საქართველოდან მიგრაციის მაჩვენებელია: „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდი გამორჩეულია იმით, რომ უამრავი ადამიანი ლეგალურად თუ არალეგალურად ცდილობს დატოვოს საქართველო და სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი არის ქვეყნიდან წასული. ამიტომ, ბუნებრივია, ეს არის თემა შეერთებული შტატებისთვის, როდესაც განხილვა მიმდინარეობს“.

დავით სიხარულიძე აღნიშნავს, რომ მესამე კომპონენტი, თავისუფალი ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანია და დღის წესრიგში დიდი ხანია დგას, თუმცა, მისი თქმით, შეერთებული შტატების სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს არის პოლიტიკურად მგრძნობიარე თემა. „თავიდან ბოლომდე კონგრესის პრეროგატივაა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება“, - განმარტა მან.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG