Accessibility links

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ


უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს მოსამართლეებს, თუკი ისინი სასამართლო პროცესებს დაიწყებენ ავღანეთში სამხედრო დანაშაულებებში ბრალდებული აშშ-ის ჯარისკაცების მიმართ.

„ჩვენ მის მოსამართლეებსა და პროკურორებს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შემოსვლას ავუკრძალავთ,“ თქვა ბოლტონმა. „ჩვენ სანქციებს დავუწესებთ აშშ-ში მათ ფინანსურ სისტემას, და მათ წინააღმდეგ საქმეს აღვძრავთ აშშ-ის სისხლის სამართლის სისტემაში“.

ჯონ ბოლტონი: "ჩვენ არ დავეხმარებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს."
ჯონ ბოლტონი: "ჩვენ არ დავეხმარებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს."

თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის თქმით, ბოლტონმა განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვაშინგტონს შეატყობინა, რომ მალე ის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ავღანეთის შესახებ გამოძიების დაწყებაზე.

„ჩვენ მათ ვამცნობთ ჩვენს პოზიციას, სანამ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ უთხრა სანდერსმა ჟურნალისტებს 10 სექტემბერს.

როგორც მოელიან, ამ გადაწყვეტილებით გაიცემა უფლება თალიბანისა და ავღანეთის სამთავრობო ჯარების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების დასაწყებად.

მაგრამ, ამავე დროს, ის შეიძლება შეეხოს ისეთ შემთხვევებს, რომლებშიც აშშ-ის გამომძიებლებს ბრალი ედებათ დაკითხვისას პატიმართა წამებაში ავღანეთში და ე.წ. „შავ ობიექტებზე“ პოლონეთში, რუმინეთსა და ლიტვაში.

ბოლტონის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია „ყოველ ღონეს იხმარს, რათა დაიცვას ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები უსამართლო დევნისგან ამ უკანონო სასამართლოს მხრიდან“.

რას წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის მსოფლიოში პირველი მუდმივმოქმედი სასამართლო ორგანო, რომელიც პრეტენზიას აცხადებს იურისდიქციაზე საერთაშორისო სამართლის მიხედვით კერძო პირების გასასამართლებლად გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისა და ომის დანაშაულისათვის.

ის ნიდერლანდში, ჰააგაში შეიქმნა როგორც სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია 2002 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლის რომის სტატუტის სახელითაა ცნობილი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხდომა ჰააგაში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხდომა ჰააგაში.

სასამართლოს ზედამხედველობს იმ 123 სახელმწიფოს ასამბლეა, რომელთაც რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინეს. მასში შედის სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანა, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, ოკეანიის ქვეყნების უდიდესი ნაწილი და აფრიკის ქვეყნების დაახლოებით ნახევარი.

რომის სტატუტს კიდევ 31-მა სახელმწიფომ მოაწერა ქვეყანა, მაგრამ მათ დოკუმენტის რატიფიკაცია არ გაუკეთებიათ.

ამ ხელმომწერთაგან ოთხმა - აშშ-მა, რუსეთმა, ისრაელმა და სუდანმა - გაეროს შეატყობინეს, რომ აღარ სურთ ხელშეკრულების ნაწილი იყონ.

რომის სტატუტისთვის ხელი არ მოუწერია გაეროს 41 წევრ ქვეყანას. მათ შორი არიან ჩინეთი და ინდოეთი.

მოკლე ისტორია

  • სასამართლო ნიდერლანდში, ჰააგაში შეიქმნა 2002 წელს როგორც სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია.
  • ის ემყარება ხელშეკრულებას, რომელიც „რომის სტატუტის სახელითაა“ ცნობილი.
  • „რომის სტატუტს“ რატიფიკაცია გაუკეთა 123-მა ქვეყანამ.
  • 31-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა დოკუმენტს მაგრამ რატიფიკაცია არ გაუკეთებია.
  • „რომის სტატუტისთვის“ ხელი არ მოუწერია გაეროს 41 წევრ ქვეყანას.

როგორია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტრუქტურა?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შედგება ოთხი შტოსგან. ესაა მმართველობა, სასამართლო განყოფილება, პროკურატურა და რეგისტრი.

სასამართლოს მმართველობა შედგება სამი მოსამართლისგან და ის ორგანიზაციის ადმინისტრაციისთვის აგებს პასუხს. მმართველობის ყოველ წევრს სასამართლოს მოსამართლეები ირჩევენ მაქსიმუმ ორი ვადით, თითო ვადა სამწლიანია.

ჩვენ ისე მოვიქცევით, რომ სასამართლო თვითონ მოკვდეს.
ჯონ ბოლტონი

სასამართლო განყოფილებაში შედის 18 მოსამართლე, რომელიც განაწილებულია სამ პალატაში. ესენია: წინასასამართლო პალატა, სასამართლო პალატა და სააპელაციო სასამართლო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა იძიებს საქმეებს, რომლებიც მას გადაეცემა წევრი სახელმწიფოებისგან, გაეროსგან ან წინასასამართლო პალატის მოსამართლეებისგან. თუკი საქმე სასამართლომდე მივა, ის ასევე სასამართლო პროცესს აწარმოებს ბრალდებულების წინააღმდეგ.

რეგისტრი პასუხისმგებელია არასამართლებრივი საკითხებისთვის. მაგალითად, იურიდიული დახმარების, სასამართლოს წარმოების, მოწმეებისა და მსხვერპლთა, წინასწარი დაკავების ერთეულისა და ტრადიციული ადმინისტრაციული სერვისებისთვის.

როგორია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან აშშ-ის დაპირისპირების ისტორია?

აშშ არასოდეს გამხდარა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი და ის გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სასამართლოს, რომელსაც შეეძლო საერთაშორისო სამართლის მიხედვით გაესამართლებინა აშშ-ის სამხედროები და პოლიტიკური ლიდერები.

აშშ არასოდეს გამხდარა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი.

ასეთ პოზიციას საფუძვლად უდევს შიში, რომ ამერიკელი ჯარისკაცები და სამოქალაქო ლიდერები აშშ-ის საკონსტიტუციო დაცვის გარეშე შეიძლება იქნენ გასამართლებული ანტიამერიკელი პროკურორის მიერ, ამერიკელი მოსამართლეების გარეშე.

1990-იან წლებში, სანამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნებოდა, აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაცია მოწადინებული იყო, გაეროს უშიშროების საბჭოს მინიჭებოდა უფლება, განეხილა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმეები. მაგრამ სხვა ქვეყნები არ დათანხმდნენ ამ ნაბიჯს.

სამართლის ექსპერტთა თანახმად, სწორედ მაშინ დაიწყო ვაშინგტონმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასუსტებისკენ მიმართული კამპანია.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაცია აქტიურად იღვწოდა იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არ გავრცელებულიყო აშშ-ზე ან მის მოქალაქეებზე.

ამას მან მიაღწია ასამდე სხვა ქვეყანასთან დადებული ორმხრივი შეთანხმებებით, რომელთა მიზანი იყო, აშშ-ის მოქალაქეები დაეცვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გასამართლებისგან.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გადადგა ნაბიჯები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ურთიერთობების მიმართულებით, ამ სასამართლოს მმართველ ორგანოებში მონაწილეობითა და მიმდინარე სასამართლო პროცესებისთვის დახმარების აღმოჩენით.

რატომ მოხდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების უცებ ესკალაცია?

სასამართლოს მოსამართლეთათვის სანქციების დაწესების თაობაზე ბოლტონის მუქარა რამდენიმე დღით უსწრებს წინ სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებას, უნდა აწარმოოს თუ არა მისმა პროკურორმა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ავღანეთში ჩადენილი, მათ შორის, შესაძლოა, ამერიკელების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებების ოფიციალური გამოძიება.

აშშ-ის გამომძიებლებს ბრალი ედებათ დაკითხვისას პატიმართა წამებაში ავღანეთში და ე.წ. „შავ ობიექტებზე“ პოლონეთში, რუმინეთსა და ლიტვაში.
აშშ-ის გამომძიებლებს ბრალი ედებათ დაკითხვისას პატიმართა წამებაში ავღანეთში და ე.წ. „შავ ობიექტებზე“ პოლონეთში, რუმინეთსა და ლიტვაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2016 წელს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროებმა და ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ შესაძლოა ომის დანაშაულებები ჩაიდინეს ავღანეთში პატიმართა წამებით.

2017 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ ის სასამართლოს მოსამართლეებს მოსთხოვს ავტორიზაციას ავღანეთის ვითარების გამოსაძიებლად.

ავღანეთის თაობაზე სასამართლოში წინასწარი მოძიება უკვე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მაგრამ ასეთი გამოძიების ჩატარება არც ავღანეთის ხელისუფლებას არ მოუთხოვია და არც გაეროს უშიშროების საბჭოს.

ეს კი მას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის დაწყების ერთადერთი შესაძლებლობაა ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ავტორიზაცია მიიღოს ამ სასამართლოს წინასასამართლო პალატიდან.

„ჩვენ არ დავეხმარებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს,“ განაცხადა ბოლტონმა. „ჩვენ ისე მოვიქცევით, რომ სასამართლო თვითონ მოკვდეს.“

თავად სასამართლოს წარმომადგენელმა, ფადი ელ-აბდალამ რადიო თავისუფლებას 11 სექტემბერს განუცხადა, რომ სასამართლო განაგრძობს მუშაობას როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დაწესებულება, რომელსაც 123 ქვეყანა უჭერს მხარს.

დაპირისპირება აშშ-სთან

  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2016 წელს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროებმა და ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ შესაძლოა ომის დანაშაულებები ჩაიდინეს ავღანეთში პატიმართა წამებით.
  • ავღანეთის თაობაზე სასამართლოში წინასწარი მოძიება უკვე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
  • ასეთი გამოძიების ჩატარება არც ავღანეთის ხელისუფლებას არ მოუთხოვია და არც გაეროს უშიშროების საბჭოს.
  • სასამართლო პროცესი შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ავტორიზაციას მიიღებს ამ სასამართლოს წინასასამართლო პალატიდან.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას?

ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ალექს უიტინგი, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურაში მუშაობდა 2010-2013 წლებში, ამბობს, რომ სასამართლოს უკიდურესად შეზღუდული ძალაუფლება აქვს გამოძიებისთვის და ინფორმაციის შეგროვებისას თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე.

მისი აზრით, სასამართლოს არავითარი თანამშრომლობის იმედი არ უნდა ჰქონდეს ავღანეთის მთავრობის, თალიბანისა და აშშ-ის მხრიდან.

სასამართლოს უკიდურესად შეზღუდული ძალაუფლება აქვს გამოძიებისთვის.
ალექს უიტინგი

უიტინგის პროგნოზით, თუკი ავღანეთში გამოძიების დაწყება გამოცხადდა, ეს გამოძიება წლები გასტანს და გაურკვეველია, რა შედეგს მოიტანს.

უიტინგი ფიქრობს, რომ ბოლტონის მუქარას სამი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

მისი აზრით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კრიტიკოსები გაახშირებენ დეზინფორმაციის გავრცელებას სასამართლოს შესახებ.

ასეთი პროპაგანდა კი გამოიწვევს კანონის უზენაესობისთვის კიდევ უფრო მეტად ძირის გამოთხრას როგორც შინ, ისე მთელ მსოფლიოში.

მიმდინარე დავის შედეგად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სერიოზულად დასუსტდება. უიტინგი შიშობს, რომ სასამართლოზე აშშ-ის ზეწოლამ ამჟამად შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ამ ორგანოს მეგობრებმაც კი აქციონ ზურგი და სხვა მიზნებზე დაიწყონ ყურადღების გამახვილება.

უიტინგი ფიქრობს, რომ კიდევ მრავალ წელს დარჩება ძალაში ტრამპის მთავრობის მიერ უარის თქმა პოლიტიკაზე, რომელიც საერთაშორისო დანაშაულებების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG