Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ თანამდებობა დატოვა


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე თანამდებობას ტოვებს და სამუშაოდ ტელეკომპანია პირველში გადადის. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ სამსახურიდან წასვლის განცხადებით თვითონ მიმართა ტელევიზიის ხელმძღვანელს, გიორგი კოხრეიძეს იმის გამო, რომ მისი ახალი ხელშეკრულება საქმის კეთების საშუალებას აღარ იძლეოდა.

„გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ მივიღე 2019 წლის 16 დეკემბერს, როცა ჩემი შრომითი ხელშეკრულება შეიცვალა. აქამდე დავრჩი იმიტომ, რომ არხზე არიან კეთილსინდისიერი თანამშრომლები და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, გაუგრძელებდნენ თუ არა შრომით ხელშეკრულებას მომავალი წლიდან მათ. ამ ეტაპზე, ერთის გარდა (ნათია შავაძე), ყველასთან გააგრძელეს ხელშეკრულება. ეს ერთიც უპატიებელია. ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო: ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რისთვისაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ“, - წერს ნათია ზოიძე და აღნიშნავს, რომ არხის დირექტორი არასასურველ თანამშრომლებს რეორგანიზაციის გზით მაინც ჩამოიცილებს და არხის სარედაქციო პოლიტიკას დაასუსტებს.

გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს, ზოიძის ვარაუდებს „ზღაპრებს“ და „ფანტაზიებს“, სამსახურიდან წასვლას კი „სპექტაკლს“ უწოდებს.

2019 წლის 4 დეკემბერს აჭარის ტელევიზიისა და რადიო თანამშრომლებმა აქცია გამართეს, სადაც მათზე შანტაჟის შეწყვეტას მოითხოვდნენ. მაშინ ჟურნალისტებმა დირექტორს სთხოვეს, შეეწყვიტა მათ მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია.

2019 წლის 13 დეკემბერს ნათია ზოიძემ გიორგი კოხრეიძე სატელეფონო საუბრების მოსმენასა და შანტაჟში დაადანაშაულა და აჭარის პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ საქმე შსს-ს გადასცა და ზოიძე 23 დეკემბერს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიკითხა.

დღეს ნათია ზოიძე ამბობს, რომ გამოძიებისადმი ნდობა არ აქვს, თუმცა ამ საქმეს მაინც ბოლომდე მიჰყვება. „სისტემა, რომელიც გვებრძვის, გვითვალთვალებს და გვაკონტროლებს, მაინც დამარცხდება“, - წერს ნათია ზოიძე. გიორგი კოხრეიძე კი ამბობს, რომ ზოიძის გადაწყვეტილება სამსახურის დატოვების შესახებ, შესაძლოა, სწორედ მის წინააღმდეგ სარჩელს უკავშირდებოდეს.

„მე მგონი მიხვდა, რომ რაღაც შეცდომა დაუშვა და ახლა უნდა ასე გაიმართლოს თავი. როგორ უნდა მეთვალთვალა, ვინ ვიყავი მე. საშუალებაც არ მაქვს ფიზიკურად, რომ ვუთვალთვალო“, - ამბობს გიორგი კოხრეიძე.

გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 22 ნოემბერს აირჩია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ. ამ შემადგენლობაში „ქართული ოცნების“ კვოტითაა წარმოდგენილი მრჩევლების უმრავლესობა.

მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობამ 2019 წლის აპრილში დირექტორ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა, ამის შემდეგ კი კონკურსი ოთხჯერ ჩაიშალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG