საშინელებაა. არ მინდა არსად, - არც სამსახურში, არც კაფეში, არც ბუნებაში ყოფნა. სახლშიც საზიზღრად ვარ. არც ეს მინდა, მაგრამ აქ ყველაზე ნაკლები ხალხია. თან წამოწოლაც აქ უფრო ადვილია. წამოწოლა არა, - სულ წოლა. არაფერი მინდა მეტი. ტირილიც აღარ შემიძლია. ვერ ვტირი. ალაგ-ალაგ ვცდილობ ხოლმე ჩემი თავის დატირებას, მაგრამ იმდენად არ გამომდის, თავს ვანებებ. არ მგონია, რომ რამე მქონდეს დასატირებელი. რა აზრი აქვს? ხომ იმას ვტირით, რაც გვინდა, რომ გვქონდეს, მაგრამ არ ან აღარ გვაქვს ხოლმე? ხოდა ვერაფერს ვიხსენებ ისეთს, რის ქონასაც მოვინდომებ ან ვის გვერდით ყოფნასაც ვისურვებდი.
ყველაფერი სულ ერთია. სულ.
დეპრესია უმეტესად სეზონურიაო, ზამთარში ვლინდება უფრო ხშირადო. ხოდა უკვე 4 წელია, გრძელდება ეს დედააფეთქებული ზამთარი. ამ დროის განავლობაში იყო ბევრი ისეთი რამ, რაც დაზამთრებამდე ბევრჯერ მინატრია. მაგალითად, არასდროს წავსულვარ სადმე დასასვენებლად. გამიზნულად დასასვენებლად. ორი წლის წინ წავედით მე და ჩემი ქმარი სვანეთში, ერთი კვირით. რა ჯანდაბად მინდოდა. ალბათ, იმედი მქონდა, რომ დავისვენებდი, რავი. რომ მცოდნოდა, რომ ვერცერთ შთაბეჭდილებას ვერ ჩამოვიტანდი იქიდან, ალბათ ფულს საჭმელში და ღვინოში დავხარჯავდი. ჩავწვებოდი ლოგინში და ასე გავატარებდი იმ შვებულებას.
ისე, გაღიმებულ-გაბადრულმა ფოტოები კი ვიღე. ალბათ, რამდენმა ფბ-მეგობარმა ჩამომსქროლა შურით.
ალბათ, მიზანიც ეს იყო. ნუ, ეგ თუ არა, ის მაინც, რომ ვინმეს ენახა, აგერ, მეც თქვენნაირი ვარ, მეც დავდივარ დასასვენებლად - მეთქი.
რამხელა ტრაკობაა დეპრესისას მაიმუნობა.
ხო, იმას დავუბრუნდები, რომ ბევრი კარგი მოხდა ამ პეროდში. ნუ, ტვინი ჯერ კი აცნობიერებს ასეთ მარტივ გარემოებებს, - რა კარგი ხდება და რა ცუდი. უბრალოდ, შესაბამისი ემოციებით ვერ რეაგირებს.
მოკლედ, გამოჩნდა სამსახური, სადაც მაფასებენ, სადაც მიფრთხილდებიან, ძალიან კარგი თანამშრომლები, რომლებიც სულ იმას ცდილობენ, რით გასიამოვნონ, რით დაგეხმარონ.
მე კიდე, აი ასე, გულის სიღრმეში ვემადლიერები, ზოგჯერ ვერბალურადაც გამოვხატავ ამ მადლიერებას. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, ეს მაინც არაა ის მადლიერება, ადრე რომ გულს მითბობდა და მახარებდა ხოლმე... უბრალოდ, მარტივი გაანგარიშება-შედარების ამბავია; გარშემო იმდენ ნაგავს ხედავ, რომ ეს ერთეული კაი ტიპები ადვილი შესამჩნევია შენთვის.
ჰო, კიდე ტვინის მუშაობა, მობილიზება და ეგეთი რაღაცები საერთოდაც აღარაა ჩემი ძლიერი მხარე. ეგ კი არა, მგონი საგნებთან დისტანციასაც ვეღარ ვამჩნევ და სულ მილურჯებული მაქვს ხელ-ფეხი. მოკლედ, გარშემო ყველაფერს ვეჯახები. ეს სივრცის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემებიც თანმდევი ყოფილა დეპრესიის. რავი...
ეს რაც შეეხებოდა ზოგად, ახლართულ აღწერას იმისა, როგორი ხიხია რამეა დეპრესია.
დღიურები წერეო, გიშველისო. ბავშვობის მერე, პირველი შემთხვევაა, როცა მართლა დავიწყე დღიურის წერა. ახლა აი, რამდენიმე წუთის წინ, როცა ვორდი გავხსენი და დოკუმენტს 700-სიმბოლოიანი პაროლი დავადე. ემანდ, არავინ გაიგოს, როგორ ცუდად ვარ, რატომ ვწევარ სულ, რატომ ვარ სულ დაღლილი და რავი, ათასი რატომ.
კიდე, იმასაც გეტყვით, რომ ვიცი, როგორი ახლართულია ეს ტექსტი თავისი შინაარსიან-მძიმე-წერტილიან-უაზრო მრავალწერტილებიანად, მაგრამ იყოს ასე. დღიურებში არავინ პოზიორობს.
ვნახოთ, ეს თუ დადეს, კიდევ დავწერ. რომ იცოდეთ, რამდენი რამის დაწერა მინდა და რამდენი წელია არაფერი დამიწერია.