Accessibility links

ახალგორელი პაციენტები საავადმყოფოს გარეშე


ახალგორის შესასვლელი

ახალგორის რაიონული საავადმყოფო მთლიანად საკარანტინო ზონად გადააკეთეს, იქ მყოფი სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები კი სახლში გაუშვეს. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც საავადმყოფოს მედპერსონალს ვლადიკავკაზიდან დაბაში დაბრუნებულ დედა-შვილთან ჰქონდა კონტაქტი. 6 წლის ბავშვს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ახალგორში დაბრუნებული ბავშვი საავადმყოფოს პედიატრმა გასინჯა და დედა-შვილი კარანტინში მოათავსეს, მაგრამ 4 საათის შემდეგ ცხინვალიდან დარეკეს და აცნობეს, რომ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ამიტომ სასწრაფო დახმარების მანქანას გზავნიდნენ. დედა-შვილი ცხინვალის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს, ახალგორში კი, ვისაც დედა-შვილთან შეხება ჰქონდა, ყველა ორკვირიან კარანტინში მოათავსეს, მათ შორის ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ექთანი, ორი სანიტარი და სასწრაფოს მძღოლიც; კიდევ, დაახლოებით, ათი კაცი დედა-შვილის სანათესაოდან. ერთბაშად ამდენი ადამიანის განთავსება პირველად შერჩეულ საკარანტინო სივრცეში, რომელიც სამშობიარო სახლს წარმოადგენდა, ვერ მოხერხდა, ამიტომ რაიონული საავადმყოფო მთლიანად საკარანტინო ზონად აქციეს და იქ მყოფი 5 პაციენტი, რომელიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იწვა, სახლში გაუშვეს ისე, რომ ალტერნატიული საშუალება არ შეუთავაზებიათ.

დე ფაქტო ხელისუფლებას კორონავირუსის სულ 25 შემთხვევა აქვს დადასტურებული.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ დაბაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მისი თქმით, საავადმყოფოში არსებული რეჟიმის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ცხინვალში მიიღეს და ეს კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ახსნეს, თუმცა არ უფიქრიათ იმ ადამიანების ბედზე, ვისაც საავადმყოფოში მკურნალობა სჭირდება.

ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, ახალგორელი ექიმების დასტურით და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისისკენ ატარებენ და მოსაბრუნის ე.წ. გამშვებ პუნქტს ხსნიან, თუმცა პაციენტების ნათესავებს მრავალი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა უწევთ, ვიდრე გადაადგილების უფლებას მიიღებენ. თამარ მეარაყიშვილი ორ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირები ცხინვალიდან თბილისის მიმართულებით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით გადაიყვანეს.

ამასობაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარიული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ, სააგენტო „რესს“ აცნობა, რომ ინფიცირებულნი არიან რუსეთის სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი და ქალი, რომლებიც კარანტინის ზონაში იმყოფებოდნენ. ორივე რუსეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

13 მაისის დილის მონაცემებით, დე ფაქტო ხელისუფლებას კორონავირუსის სულ 25 შემთხვევა აქვს დადასტურებული. ინფიცირებულთა უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG