Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მასალები ჩეპიგაზე და გრუ-ს საიდუმლოებით მოცულ გენერალზე


რადიო თავისუფლებამ და საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა თავისუფლად ხელმისაწვდომ წყაროებში აღმოაჩინეს ახალი ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია რუსეთის მზვერავი ანატოლი ჩეპიგა, რომელიც, ლონდონის აზრით, „რუსლან ბოშიროვის“ ვინაობით შევიდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და ქალაქ სოლსბერიში შეეცადა გრუ-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლას ნივთიერება „ნოვიჩოკით“. გარდა ამისა, ამ ინციდენტს ემსხვერპლა ბრიტანეთის ქალაქ ეიმსბერიში მცხოვრები დონ სტერჯესი. აღმოჩენილი ფოტოები მოწმობს როგორც ჩეპიგას კავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, ისევე გენერალ-მაიორ ანდრეი ავერიანოვისა, 29155-ე სამხედრო ნაწილის მეთაურისა, რომელზეც ახლახან იუწყებოდა The New York Times-ი.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიერ ნაპოვნი ფოტოები გადაღებულია სკრიპალების მოწამვლამდე ნახევარი წლით ადრე, ავერიანოვის ქალიშვილის ქორწილში, სენეჟის ტპის პირას მდებარე სასტუმროში. საინტერესოა, რომ ამ სასტუმროდან მანქანით 15 წუთის სავალზეა „სპეციალური ოპერაციების ძალების“ ბაზა „სენეჟი“.

ჩეპიგა შემთხვევითი სტუმარი არ ყოფილა ამ ქორწილში. მომავალი „რუსლან ბოშიროვის“ ერთ-ერთი შვილი საქორწილო ცერემონიაშიც მონაწილეობდა.

ანდრეი ავერიანოვზე მწირი მასალა მოიპოვება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეგნებულად ცდილობს, არ მოახდინოს მისი ვინაობის აფიშირება. ტაშკენტის უმაღლეს სამხედრო სამეთაურო სასწავლებელში, რომელიც მან დაამთავრა, სასწავლებლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტენდზე ფოტოს მაგივრად არის შავი სილუეტი, გვარის ნაცვლად - მისი პირველი და უკანასკნელი ასოები, სასწავლებლის დამთავრების წლების ნაცვლად კი - კითხვის ნიშნები. მიუხედავად ამისა, რადიო თავისუფლებამ Bellingcat-თან ერთად მოახერხა ავერიანოვის ბიოგრაფიის მთელი რიგი დეტალების დადგენა, რაც გრუ-სთან მის კავშირებზე მეტყველებს.

სოლსბერი, დიდი ბრიტანეთი, 2018 წ. 8 მარტი. პოლიცია მუშაობს იმ ადგილზე, სადაც მოწამვლის შემდეგ იპოვეს სერგეი და იულია სკრიპალები.
სოლსბერი, დიდი ბრიტანეთი, 2018 წ. 8 მარტი. პოლიცია მუშაობს იმ ადგილზე, სადაც მოწამვლის შემდეგ იპოვეს სერგეი და იულია სკრიპალები.

არასაიდუმლო გასაიდუმლოებული სამხედრო ნაწილი და მისი მეთაური

არაოფიციალური მონაცემებით, 29155-ე სამხედრო ნაწილი, რომელზეც არის საუბარი The New York Times-ის პუბლიკაციაში, გრუ-ს სპეციალისტების მოსამზადებელი ცენტრი, ანუ საწვრთნელი ბაზაა. მაგრამ, სავარაუდოა, რომ უკრაინის 2013-3014 წლების მოვლენებთან და ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, 29155-ე სამხედრო ნაწილის მიზნები და ამოცანები შეიძლება ბევრად უფრო სპეციფიკური ხასიათის გახდა.

ადრე ევროპაში გრუ-ს სპეცოპერაციებთან ამ ნაწილის კავშირებზე მიუთითებდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ მის ერთ-ერთ ქვედანაყოფში სხოდნიაში რეგულარულად იმყოფებოდა სოლსბერის ოპერაციის სავარაუდო ხელმძღვანელი დენის სერგეევი. დღეს ამ კავშირების დამადასტურებელი სხვა საბუთებიც მოგვეპოვება.

The New York Times-ის პუბლიკაციის მთავარი გმირია მისი მეთაური ანდრეი ავერიანოვი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, 2015 წელს რუსეთის გმირის წოდებით დაჯილდოვდა.

როგორც რუსეთის იურიდიულ პირთა რეესტრიდან ჩანს, ავერიანოვი ამ სამხედრო ნაწილს ორი წლით ადრე, 2013 წელს ჩაუდგა სათავეში. ამერიკული გამოცემის პუბლიკაციაში მოტანილია ავერიანოვის ფოტო, რომელიც თითქოს გადაღებულია მისი ქალიშვილის ქორწილში 2017 წელს. სტატიაში ასევე ლაპარაკია, რომ ქორწილში მიწვეული იყო ანატოლი ჩეპიგა - რუსი მზვერავი, რომელმაც, დიდი ბრიტანეთის აზრით, ალექსანდრ მიშკინთან ერთად მოწამლა სკრიპალები.

ჩეპიგა და მიშკინი დიდ ბრიტანეთში რუსლან ბოშიროვისა და ალექსანდრ პეტროვის ყალბი სახელებით იმყოფებოდნენ. მათი ნამდვილი ვინაობის დადგენა მოხერხდა Bellingcat-ის, რუსეთის გამოცემა The Insider-ისა და რადიო თავისუფლების მეშვეობით. რუსეთის ხელისუფლება და თავად „პეტროვი“ და „ბოშიროვი“ ამტკიცებენ, რომ სოლსბერიში ტურისტებად იყვნენ, რუსეთში კი სპორტული საკვების ბიზნესით არიან დაკავებული.

The New York Times-ის სტატიაში ლაპარაკია, რომ გამოცემას მოეპოვება ფოტოსურათი, რომელზეც ანდრეი ავერიანოვი ანატოლი ჩეპიგასთან ერთადაა გამოსახული. თუმცა ეს ფოტო მას არ გამოუქვეყნებია.

მაგრამ რადიო თავისუფლებამ შეძლო ამ ქორწილის ვიდეოჩანაწერებისა და ფოტოების პოვნა. დადასტურდა ის ფაქტი, რომ ავერიანოვი - რომლის ვინაობა რუსეთის გმირთა არცერთ ოფიციალურ სიაში არ ფიგურირებს - ისევე, როგორც ჩეპიგა, მართლაც ფლობს ამ წოდებას.

ქორწილი „სპეციალური ოპერაციების ძალთა“ ბაზის პირდაპირ

მართალია, რუსეთის ზოგიერთი გამოცემა აცხადებდა, რომ ანდრეი ავერიანოვის ვინაობაში არაფერი არ იყო გასაიდუმლოებული, რადიო თავისუფლებას მისხალ-მისხალ მოუწია მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. მაგალითად, რუსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის ბაზაში აღმოჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით ანდრეი ავერიანოვი, რომლის დაბადების თარიღი ემთხვევა ტაშკენტის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო სასწავლებლის კურსდამთავრებულთა შესახებ ინფორმაციას, რომელიც The New York Times-ს მოჰყავს, 90-იანი წლების ბოლოს ცხოვრობდა სოფელ რემენოში სიზრანის მახლობლად. ამან რადიო თავისუფლებას და Bellingcat-ს საშუალება მისცა, სოციალურ ქსელებში მისი რამდენიმე ნათესავის პროფილები ამოეცნო სამარის ოლქში, ერთ-ერთ ასეთ პროფილში კი ნაპოვნი იქნა ავერიანოვის კიდევ ერთი ფოტო, რომელიც 2012 წელსაა გადაღებული თავის ორ ძმასთან ერთად.

ანდრეი ავერიანოვი 2012 წელს. ფოტოსურათის ფრაგმენტი.
ანდრეი ავერიანოვი 2012 წელს. ფოტოსურათის ფრაგმენტი.

მას მერე, რაც დადასტურდა, რომ საქმე მართლაც ეხება იმ ავერიანოვს, რომელზეც The New York Times-ის სტატიაშია ლაპარაკი, რადიო თავისუფლებამ რამდენიმე დღის შემდეგ სოცქსელებში იპოვა მისი ქალიშვილის ანგარიში. ქალიშვილის ანგარიშიდან კი მოხერხდა მისი მეგობრების ანგარიშებზე გასვლა. იქ აღმოჩნდა ფოტოები ზემოხსენებული ქორწილიდან, რომელიც 2017 წლის ივლისის ბოლოს გაიმართა. აღმოჩნდა, რომ ჩეპიგა ქორწილში იმყოფებოდა მთელი ოჯახით - მეუღლითა და ორი შვილით. ერთ-ერთი მისი შვილი საქორწილო ცერემონიაშიც კი მონაწილეობდა. ამის დადგენა მოხერხდა იმ ვიდეო და ფოტომასალის მეშვეობით, რომლებიც გამოაქვეყნა ქორწილში მომუშავე ერთ-ერთმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა (ეს მასალა მან განათავსა საქორწილო ფოტოგრაფების საიტზე - mywed.com). ფოტო და ვიდეომასალის ნაწილი აღმოჩნდა ქორწილის ორგანიზატორის, რუსული საქორწილო სააგენტო Zvonova Wedding-ის საიტზე.

ამ მრავალრიცხოვან ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს თავად ანდრეი ავერიანოვი, 29155-ე სამხედრო ნაწილის მეთაური. შეიძლება წვრილმანია, მაგრამ მაინც საინტერესოა: ქორწილი გაიმართა სასტუმრო „სენეშალში“, სენეჟის ტბის პირას. ტბის გაღმა ნაპირზე კი მდებარეობს რუსეთის „სპეციალური ოპერაციების ძალების“ ბაზა „სენეჟი“.

ანდრეი ავერიანოვი თავის ქალიშვილს უძღვება ქორწილში, რომელზეც ანატოლი ჩეპიგა იყო მიწვეული ოჯახთან ერთად.
ანდრეი ავერიანოვი თავის ქალიშვილს უძღვება ქორწილში, რომელზეც ანატოლი ჩეპიგა იყო მიწვეული ოჯახთან ერთად.
ანატოლი ჩეპიგა ანდრეი ავერიანოვის ქალიშვილის ქორწილში.
ანატოლი ჩეპიგა ანდრეი ავერიანოვის ქალიშვილის ქორწილში.
ანატოლი ჩეპიგა ანდრეი ავერიანოვის ქალიშვილის ქორწილში.
ანატოლი ჩეპიგა ანდრეი ავერიანოვის ქალიშვილის ქორწილში.
ანატოლი ჩეპიგა ანდრეი ავერიანოვის ქალიშვილის ქორწილში.
ანატოლი ჩეპიგა ანდრეი ავერიანოვის ქალიშვილის ქორწილში.

ქორწილში მომუშავე ოფიციალური ფოტოგრაფის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს შორის არის ასევე მაგიდებთან სტუმრების განლაგების სქემაც. სქემა მეტყველებს, რომ ანატოლი ჩეპიგა სკრიპალების მოწამვლამდე ნახევარი წლით ადრე ცდილობდა ნამდვილი ვინაობის დაფარვას. სქემაში ის მოხსენიებულია „ალექსეი ჩეპიგად“, თუმცა მისი ოჯახის სხვა წევრების სახელები და გვარები არაა შეცვლილი. სტუმრების განლაგების სქემაში არის ასევე „სოლსბერის ოპერაციის“ მეორე მონაწილის“ გამოგონილი სახელი და გვარი - ალექსანდრ პეტროვი, მაგრამ მისი ფოტოს მოძებნა ვერ მოხერხდა.

საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა მოახერხა იმის დამადასტურებელი კიდევ ერთი საბუთის მოპოვება, რომ 29155-ეს სამხედრო ნაწილის მეთაური ანდრეი ავერიანოვი მართლაც არის დაკავშირებული გრუ-სთან და „სპეციალური ოპერაციის ძალებთან“. სატელეფონო აპლიკაცია GetContact-ში, რომელიც აჩვენებს, რა სახელით ფიგურირებს ამა თუ იმ სატელეფონო ნომრის პატრონი სხვა აბონენტების ადრესატთა სიებში, ავერიანოვის ნომრის პატრონი მოხსენიებულია როგორც „სენეჟი“, „ანდრეი ავერიანოვი“ და „ანდრეი ყირიმი“.

თავის მხრივ, რადიო თავისუფლებამ მოახერხა იმის დადასტურება, რომ ავერიანოვს რუსეთის გმირის წოდება აქვს. ჩვენი ვერსიით ის მას შეიძლება მიეღო ყირიმის ანექსიის ოპერაციისთვის. ავერიანოვს ასევე აქვს სამი ორდენი სიმამაცისთვის.

ანდრეი ავერიანოვის სამი ომი

ანდრეი ვლადიმირის ძე ავერიანოვს არცთუ შესამჩნევი ციფრული კვალი დაუტოვებია. უფრო მეტიც, არის იმის ნიშნები, რომ ასეთი კვალი შეგნებულად შეკვეცეს.

სოცქსელებში გენერალ-მაიორის პოვნა ხერხდება მხოლოდ ერთ ფოტოზე, სადაც ის ნათესავებთან ერთადაა გადაღებული.

მისი გვარიც ძალიან იშვიათად ფიგურირებს. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ის ჩანს, არის ტაშკენტის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო სასწავლებლის საიტი tvoku.ru. რადიო თავისუფლებამ შეისწავლა ავერიანოვის თანაკურსელების რამდენიმე ათეული ანგარიში სოცქსელებში. მათ შორის იმ ადამიანების, რომლებსაც ის ეძებდა ინტერნეტში, ანუ, დიდი ალბათობით, პირადად იცნობდა. მზვერავი არ ჩანს კურსდამთავრებულთა არცერთ შეხვედრაზე, ის არაა აღნიშნული და სახელით არაა მოხსენიებული სწავლის პერიოდის არცერთ ფოტოზე.

და მაინც, ავერიანოვი ერთ შეხვედრას მაინც ესწრებოდა, სულ ცოტა, ვირტუალურად მაინც. 2018 წლის 23 ივლისს საბჭოთა არმიის თეატრში, მოსკოვში, სუვოროვის მოედანზე, ჩატარდა სასწავლებლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. რადიო თავისუფლებამ შეისწავლა დღესასწაულზე გადაღებული მრავალრიცხოვანი ფოტო და ვიდეომასალა და ერთ-ერთ ვიდეოზე აღმოაჩინა თეატრის ჰოლში განთავსებული სტენდი სასწავლებლის იმ კურსდამთავრებულთა შესახებ, რომლებიც სამხედრო ამოცანის შესრულებისას დაიღუპნენ. სტენდზე არის აბრა ფოტოს გარეშე, რომელიც მოგვითხრობს „ა-ვ ა.ვ.“-ზე, რუსეთის გმირსა და სიმამაცის ორდენის სამგზის კავალერზე. რადიო თავისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ავერიანოვია და იგი შეცდომით მოხვდა ამ განყოფილებაში. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ სტენდზე დაღუპულთა განყოფილებაში მოხვედრილი არიან სხვა სამხედროებიც, რომლების შესახებაც ცნობილია, რომ ისინი ცოცხლები არიან.

ანდრეი ავერიანოვის „ავატარი“ ტაშკენტის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა სტენდზე.
ანდრეი ავერიანოვის „ავატარი“ ტაშკენტის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა სტენდზე.

საზეიმო ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოებს შორის ვერ მოხერხდა გენერალ ავერიანოვის პოვნა, მაგრამ ის დღემდე ოფიციალურად ითვლება 291555-ე სამხედრო ნაწილის მეთაურად და, სავარაუდოდ, ცოცხალია.

(ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი, რომელზეც ჩანს ტაშკენტის უმაღლეს სამხედრო სამეთაურო სასწავლებლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი სტენდი)

ტაშკენტის უმაღლეს სამხედრო სამეთაურო სასწავლებელთან დაკავშირებულ საინტერნეტო ფორუმებზე ავერიანოვის მიერ დატოვებული ჩანაწერებით ხერხდება მისი ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალის აღდგენა. ის დაიბადა აშხაბადში, ცხოვრობდა 1-ლ სამხედრო დასახლებაში და სწავლობდა რუსულ სკოლაში.

ავერიანოვმა ორი პოსტი დაწერა თავის კოლეგაზე, გენერალ-მაიორ ბასკანოვზე. პოსტებიდან ჩანს, რომ ის დაახლოებული უნდა ყოფილიყო ბასკანოვთან, რომელიც ავღანეთსა და ტაჯიკეთში მსახურობდა.

სავარაუდოა, რომ ისინი ერთად მსახურობდნენ - დიდი ალბათობით ავღანეთში, სადაც, Bellingcat-ის თანახმად, ავერიანოვმა თავისი ერთ-ერთი სამხედრო ჯილდო მიიღო.

ავერიანოვის მესამე ჩანაწერიც დაღუპულ თანამებრძოლს თუ ნაცნობს ეხება და იძლევა საფუძველს, დავასკვნათ, რომ ის ბალკანეთშიც მსახურობდა. აქვე უნდა მიეღო მეორე ორდენი სიმამაცისთვის. სავარაუდოა, რომ სიმამაცისთვის მესამე ორდენი მას ჩეჩნეთში მსახურობისთვის მიენიჭა.

ბალკანეთთან ავერიანოვს სხვა რამეც აკავშირებს. ერთ-ერთ ცნობაში ავერიანოვი მოიხსენიება, როგორც XVIII–XX საუკუნეების ევროპის ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის სპეციალისტი. რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ რუსმა მზვერავმა თარგმნა სამხედრო ისტორიკოსის, ბრანკო ბოგდანოვიჩის ორი წიგნი ბალკანეთის ქვეყნებისა და ოსმალეთის იმპერიის ცივი იარაღის შესახებ. სხვათა შორის, ავერიანოვს ცივ იარაღთან არა მხოლოდ თეორიული ინტერესი აკავშირებს. ის იარაღის კოლექციონერია და საკუთარი გამოგონების დანაც კი აქვს დაპატენტებული. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ამ დანის ტარს ამშვენებს გრუ-ს ერთ-ერთი სიმბოლო - მიხაკი.

ანდრეი ავერიანოვის მიერ დაპატენტებული დანა გრუ-ს ემბლემით.
ანდრეი ავერიანოვის მიერ დაპატენტებული დანა გრუ-ს ემბლემით.

დასკვნები

რადიო თავისუფლებისა და Bellingcat-ის მიერ ჩატარებული გამოძიება ამტკიცებს The New York Times-ის ცნობებს ანატოლი ჩეპიგასა და 29155-ე სამხედრო ნაწილის მეთაურ ანდრეი ავერიანოვს შორის. ეს იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩეპიგა „სპორტული საკვების სფეროში მოღვაწე ბიზნესმენი“ კი არა, არამედ გრუ-სთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანია. მეტიც, ავერიანოვის ქალიშვილის ქორწილზე გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა მიანიშნებს, რომ ჩეპიგა და ავერიანოვი ოჯახებით მეგობრობენ. შესაძლოა მათი მჭიდრო ურთიერთობა დაიწყო ჩეჩნეთის ერთ-ერთი ომის დროს, სადაც, სავარაუდოდ, მსახურობდნენ. The New York Times-ის ინფორმაციას თუ ვენდობით, ავერიანოვმა რუსეთის გმირის წოდება 2015 წლის იანვარში, ჩეპიგას შემდეგ სულ რაღაც ერთ თვეში მიიღო - სავარაუდოდ, ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ისინი შესაძლოა ასევე ერთად მსახურობდნენ.

ერთმნიშვნელოვნად ვერ დავეთანხმებით The New York Times-ს იმაში, რომ სწორედ 29155-ე სამხედრო ნაწილია „უცხოეთში გრუ-ს ოპერაციების დაგეგმვისა და ორგანიზების ცენტრი“, ისეთის, როგორიცაა, მაგალითად, სკრიპალების მოწამვლა. არაა გამორიცხული, 29155-ე სამხედრო ნაწილი, კერძოდ ბაზა სხოდნიას რიონში, გამოიყენებოდეს გრუ-ს მებრძოლების გასაწვრთნელად, მათ შორის ევროპაში თავდასხმებისა და სხვა ოპერაციებისთვის, ვინაიდან ამ ბაზაზე ხშირად იმყოფებოდა დენის სერგეევი, სკრიპალების მოწამვლის ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე. ამავე დროს ანდრეი ავერიანოვს, რომელიც 2013 წელს დაინიშნა 29155-ე სამხედრო ნაწილის მეთაურად, როგორც ჩანს, კავშირი აქვს „სპეციალური ოპერაციების ძალების“ ე.წ. „მწვანე კაცუნების“ ხელმძღვანელობასთან სენეჟში (სამხედრო ნაწილი 99450).

ავერიანოვი, მისი მეგობარი ჩეპიგა, ასევე პეტროვი-მიშკინი, რომელიც შეიძლება ასევე ესწრებოდა ქორწილს, და გრუ-ს სხვა მებრძოლები, შესაძლოა წარმოადგენდნენ არასაუწყებო ჯგუფს მზვერავებისა, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტში და რომლებსაც ერთმანეთთან ახლო ურთიერთობები აქვთ. სავარაუდოა, რომ ისინი უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ექვემდებარებიან.

რადიო თავისუფლება ვარაუდობს, რომ აქცენტი გაკეთდეს არა გრუ-ს სტრუქტურაში შემავალ კონკრეტულ ქვედანაყოფზე, არამედ ცალკეულ ადამიანებზე, მათ შორის იარაღის კოლექციონერზე, ბალკანოფილზე, ოთხი სამხედრო კონფლიქტის მონაწილეზე, სიმამაცის სამი ორდენის კავალერზე, რუსეთის გმირ გენერალ-მაიორ ანდრეი ავერიანოვზე. Bellingcat-ისა და The Insider-ის მონაცემებით, უკანასკნელ წლებში ავერიანოვი რეგულარულად სტუმრობდა ევროპას, კერძოდ - ვენას. შესაძლოა ის პირადად მონაწილეობდა გრუ-ს ევროპული ოპერაციების, მათ შორის, ჯერჯერობით უცნობი ოპერაციების განხორციელებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG