Accessibility links

site logo site logo

ახალქალაქში კათოლიკე მრევლის რელიგიური ნივთები დააზიანეს


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე სამლოცველოში სამ აპრილს, ღამით, ლოცვის წიგნები და ხატები დახიეს. დამსხვრეულია წმინდანების ქანდაკებები, დახაზულია ხატები.აქ სალოცავად საუკუნეებია სომხური სამოციქული ეკლესიის კათოლიკე აღმსარებლობის მრევლი დადის. დარბეული ადგილი სოფლის ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს.

„ყველაფერი გატეხილი და მიმოფანტული დაგვხვდა. ეს ჩვენი სამლოცველოა. ხალხი მოდის აქ, ტოვებენ ხატებს, ლოცულობენ, სანთლებს ანთებენ. უცნობმა ადამიანებმა დასცინეს ჩვენს სიწმინდეს, გაანადგურეს წმინდანთა სურათები“, - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა.


მე-13 საუკუნეში აგებულ სალოცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 16 მაისს მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ძეგლი დაზიანებული არააა. „მხოლოდ შიგნით არის დამტვრეული ნივთები და დახეულია ხატები”, – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექა ბარამიძე.

“სამლოცველოს დარბევა 90-იან წლებში ხდებოდა, თუმცა მას შემდეგ ეს პირველი ფაქტია”, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე. ნაირ ირიციანი მომხდარს წვრილმან ხულიგნობად და არაადეკვატურ საქციელად მიიჩნევს.

„სამლოცველო არის სომხურ-ქართული, ძირითადად სომხები დადიან. ძვირფასი არაფერი არ დაზიანებულა, თუმცა ყველა ხატი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ხალხის მიტანილი ხატები იყო. დეტალები ჯერჯერობით უცნობია“, - ამბობს ნაირ ირიციანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსთან სამლოცველოს დარბევის ფაქტზე ახალქალაქის პოლიციის სამმართველომ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ქმედება ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG