Accessibility links

ახალქალაქში მთიანი ყარაბაღის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა


შეკრებას არ ესწრებოდნენ ოფიციალური პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დღეს, 6 ოქტომბერს ახალქალაქში, სპორტულ მოედანზე, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დაღუპულთა ხსოვნას, მათ შორის იმ ხუთი ჯარისკაცის, რომლებიც წარმოშობით ახალქალაქის სხვადასხვა სოფლიდან იყვნენ.

აქციის რამდენიმე მონაწილემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს მთიან ყარაბაღში ნათესავი და ახლობელი ჰყავს, რის გამოც ერთი კვირის საომარი მოქმედებების განახლება ორმაგად მტკივნეულია მათთვის.

აქციაზე სიტყვით ძირითადად ახალგაზრდები გამოდიოდნენ და თანადგომას უცხადებდნენ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას. შეკრებას არ ესწრებოდნენ ოფიციალური პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სასულიერო პირებმა შეკრების დასასრულს დაღუპულთა პანაშვიდი გადაიხადეს.

დღევანდელ აქციაზე ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის სომხური თემიდან ათასამდე ადამიანი მივიდა. მათი უმრავლესობა მშვიდობის მოწოდებებით გამოდიოდა და აღნიშნავდა, რომ "თანამემამულეებს სომხეთსა და მთიან ყარაბაღში მათი თანადგომის იმედი უნდა ჰქონდეთ". ორგანიზატორებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დასახმარებლად ჯავახეთში მილიონ ლარამდე შეგროვდა.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები განახლდა. ბოლო 30 წლის მანძილზე ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციაა. ბრძოლები არ წყდება დაპირისპირებულ მხარეებს შორის რამდენიმე მონაკვეთზე. ასობით დაღუპულია ორივე მხარეს, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG