Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის მე-6 სკოლის ,,ოქროს მედლების საქმე“


ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ოქროს მედლების გაცემის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის ორ ყოფილ მოსწავლეს სარჩელი დაუკმაყოფილა.

გადმოწერა

გია ბერაიას გადაწყვეტილებით, ლუკა პარუნაშვილი და რუსუდან მელიქიძე ოქროს მედალოსნობის კანდიდატები გახდებიან. მეექვსე სკოლის დირექტორი გია კაპანაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ოქროს მედალოსნობის კანდიდატად მოსარჩელე მოსწავლეების გარდა სიიდან ამოღებულ ოთხ ყოფილ მოსწავლესაც დაასახელებს. როდესაც მშობლებმა პრობლემის შესახებ შეიტყვეს, მოსწავლეთა უფლებების დასაცავად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართეს. საქმეში მესამე პირად განათლების სამინისტრო ჩაერთო. ლუკა პარუნაშვილის დედა თეა გავაშელი ფიქრობს, რომ მასწავლებელთა შეცდომის გამო მოსწავლეები არ უნდა დაზარალდნენ:

,,თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვა შედეგი არ დადგებოდა, რადგან ბავშვების ბრალეულობა არ იყო. იქნებ რომელიმე სკოლამ თავიდან გადახედოს საქმეებს და იმ დაზარალებულ ბავშვებსაც მიეცეთ ოქროს მედლები, ვინც სასამართლოთი არ შეეცადა უფლების დაცვას“.

ლუკა პარუნაშვილმა და რუსუდან მელიქიძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც სკოლამ ისინი ოქროს მედალოსნობის კანდიდატთა სიიდან ამოიღო. დირექტორის ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა განათლების სამინისტროს რეკომენდაცია, გადასწორებული ნიშნების გამო ექვსი მოსწავლისთვის მედალი არ მიეცათ. სკოლის ყველა პედაგოგი აღიარებს, რომ შეფასების ჟურნალში მექანიკური შეცდომები დაუშვეს, თუმცა საბოლოო შედეგს არც ერთი გადაცდომა არ ცვლიდა და სკოლას მოსწავლეები სიიდან არ უნდა ამოეღო, – მიიჩნია მოსამართლემ. სასამართლო სხდომიდან გამოსული მასწავლებელი მაია მექვაბიშვილი შეფასების ჟურნალში დაშვებულ შეცდომებსა და ჩასწორებებთან დაკავშირებით ამბობს:

,,შეცდომები, ალბათ, არის და იქნება, რადგან ჩვენ არ ვართ რობოტები და გვეშლება. ჩვენ არ ვიცით, რის საფუძველზე მოიხსნა ოქროს მედლები, რადგან არ იყო არც გადაჯღაბნილი და არც ამოჩხაპნილი“.

წარჩინებული მოსწავლეების მშობლებმა პრობლემის შესახებ მხოლოდ 2017 წლის ოქტომბერში შეიტყვეს. ნიშნებთან დაკავშირებული პრობლემა სამცხე–ჯავახეთის შვიდ სკოლაში დაფიქსირდა. ხარვეზის გამოსასწორებლად წარჩინებული მოსწავლეების მშობლებმა თავდაპირველად წერილით განათლების სამინისტროსა და ახალციხის რესურსცენტრს მიმართეს. პრობლემის მოსაგვარებლად მეექვსე სკოლის დირექტორმა განათლების სამინისტროში წერილი რამდენჯერმე გაგზავნა. ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა შესარჩევად სამინისტროს კომისიამ შეისწავლა მეექვსე სკოლის შეფასების ჟურნალი, სადაც ხარვეზები აღმოაჩინა. ამის შესახებ სკოლას აცნობა და ადმინისტრაციას რეკომენდაცია მისცა, მოსწავლეების ნაწილი ოქროს მედალოსნობის კანდიდატად არ წარედგინა. რეკომენდაციის მიღების შემდეგ მეექვსე სკოლამ სამინისტროს მედალოსნობის კანდიდატთა ახალი სია გადაუგზავნა, რომელშიც ექვსი მოსწავლე აღარ იყო შეყვანილი. სამინისტროს წარმომადგენელი მარეხ მაღრაძე აცხადებს, რომ კომისიამ ხარვეზიანი დოკუმენტები შეისწავლა:

,,ახსნა–განმარტებებიც არის წარმოდგენილი სკოლის მიერ. შესაბამისად, კომისიამ გამოიკვლია და რეკომენდაციაც სკოლას ამის საფუძველზე მისცა“.

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ნიშნების გადასწორების შემთხვევების ძირითადი ნაწილი სამცხე–ჯავახეთზე, ხოლო სკოლებს შორის ყველაზე მეტი ასეთი შემთხვევა ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაზე მოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG