Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშენებლო კომპანიის საჩუქარი მხოლოდ ქართველებს


„სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ მომხმარებლებს აქციას სთავაზობს „#მეტიქართველი, #მეტი ახალი სიცოცხლე საქართველოს. მეტი დეველოპმენტი მაქსიმალურად უწყობს ხელს ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებას და გთავაზობთ უნიკალურ შანსს! ყოველ ქართულ ოჯახს, რომელიც უახლოესი 12 თვის მანძილზე გააჩენს მინიმუმ მესამე ბავშვს და შეიძენს ბინას ეკოსითი კრწანისში, ან ეკოსითი სამგორში, ჩვენ საჩუქრად გადავცემთ ბავშვის ოთახს!“ ️

კომპანიის ფეისბუკის გვერდზე განთავსებულ ამ სარეკლამო განცხადებას იქვე მოჰყვა უკმაყოფილო კომენტარები. ბევრმა განცხადებაში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაინახა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა შოთა ანდრიაძემ განაცხადა, რომ არანაირ დისკრიმინაციულ ფაქტს ეს განცხადება არ შეიცავს და დემოგრაფიულ განვითარებას უწყობს ხელს.

"თუ მინდა, ამ ქვეყნის მოქალაქეს შევუწყობ ხელს, სხვა დროს თუ მინდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეს შევუწყობ ხელს. მოვა ადამიანი, გავისაუბრებთ და ამის მერე ვიღებთ გადაწყვეტილებას, ქართველში იგულისხმება საქართველოს მოქალაქე ქართველი, ეროვნებით ქართველი“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას კომპანიის წარმომადგენელმა შოთა ანდრიაძემ.

ეს განცხადება დისკრიმინაციულია „ადამიანის უფლებების ცენტრის“ ხელმძღვანელისთვის ალეკო ცქიტიშვილისთვის:

"ეს არის ერთი მხრივ, გაუგებარი და უგუნური, მეორე მხრივ კი ცალსახად დისკრიმინაციული მოწოდება. გაუგებარი და უგუნურია იმიტომ, რომ როგორ უნდა დაადგინოს „ეკოსითიმ“ ამა თუ იმ ოჯახის გენეტიკური ქართველობა - გენეალოგიურ ხეს შეუმოწმებენ, სისხლის ანალიზს აუღებენ თუ თავის ქალაზე დააკვირდებიან? დისკრიმინაციულია იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები არ არიან მხოლოდ ეთნიკურად ქართველები“.

„ჩართულობისა და განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი აპირებს, რომ დეველოპერულ კომპანიას მიმართოს და აუხსნას, რატომ არის კომპანიის აქცია დისკრიმინაციული.

"არ შეიძლება საზოგადოების დაყოფა ეთნიკურ ნიშნით, ეს კი თვალსაჩინოა ამ კომპანიის განცხადებაში“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც უმცირესობების უფლებებს იცავს.

სარეკლამო აქციის ტექსტში გამოყენებული ტერმინები: „მეტი ქართველი“, „ქართული ოჯახი“ და მასთან ერთად ვიზუალურ მასალაზე გამოყენებული რელიგიური ატრიბუტიკა (სამების პეიზაჟი, ჯვრები) ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ნიშნებს შეიცავს", - ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი თამთა მიქელაძე.

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

„ქართველში“ ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი ქრისტიანი იგულისხმება, რაც სხვა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებს გამორიცხავს თანასწორობის სიმბოლური ველიდან. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში მსგავსი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული იერარქიები ღრმად არის ფესვგადგმული და ხშირად ის ინსტიტუციონალიზებულ ფორმასაც კი იღებს“.

სახალხო დამცველს რამდენიმე სარეკლამო რგოლზე, რომელიც სოციალურ და კულტურულ იერარქიებს აწარმოებდა, დადგენილი აქვს დისკრიმინაცია. თამთა მიქელაძის თქმით ამ შემთხვევაშიც მას ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე აქვს შესაძლებლობა საკუთარი ინიციატივით, ან სხვა პირების მიმართვის შემთხვევაში განიხილოს ეს საქმე.

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ ეს რეკლამა დისკრიმინაციის ვარაუდს წარმოშობს, თუმცა დისკრიმინაციის დასადგენად სახალხო დამცველის აპარატს სჭირდება კომპანიის პოზიციის გაცნობა, რისთვისაც ომბუდსმენის ოფისი კომპანიას მიმართავს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG