Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმელები ქალაქის ორი ტბის მოწესრიგებას ითხოვენ


ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ნურის ტბაში წყლის დონე დაწეულია, რის გამოც სანაპიროზე უკვე კენჭებიც გამოჩნდა. ბათუმელები, ბოლო რამდენიმე წელია, წუხანამის გამო და აინტერესებთ, რა დაემართა ნურის ტბას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

2017 წელს ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში ციანობაქტერიების მომრავლებამ წყალში ცოცხალი ორგანიზმები გაანადგურა. ერთი წლის განმავლობაში სპეციალისტების რეკომენდაციებით ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ტბამ ნელ-ნელა გაცოცხლება დაიწყო, თუმცა პრობლემა საბოლოოდ ვერ მოგვარდა. დღეს ბათუმელები აქტიურად ლაპარაკობენ იმ მიზეზებზე, რაომელთაც, მათი აზრით, ნურის ტბას პრობლემები შეუქმნა. საკითხის განხილვის ერთ-ერთი ადგილია სანიჩბოსნო კლუბი, რომელიც ტბასთან ახლოს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, მდებარეობს.

ბათუმელი მარლენ ცოცხალაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნურის ტბამ შავ ზღვასთან კავშირი დაკარგა:

„წინათ ზღვიდან შემოდიოდა წყალი და ჰქონდა რაღაც კავშირი ტბას. ახლა უკვე წყალი აღარ შემოდის, ნაპირიც შევიწროვდა და არ იწმინდება წყალი - ზღვაში არ გადის და ზღვიდანაც არ შემოდის. წყლის ნაკლებობასთან ერთად წყალში ჟანგბადის ნაკლებობაცაა“, - ამბობს მარლენ ცოცხალაშვილი.

დავით ეზიეშვილი კი, რომელიც ბათუმის ცენტრალურ პარკთან ცხოვრობს, ფიქრობს, რომ ნურის ტბას პრობლემები შეუქმნა ცენტრალური პარკის ირგვლივ მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობამ:

„ტბას ჭირს ისეთი რაღაც, რაც გამოუსწორებელია, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე. ეს ეხება ირგვლივ წარმოებულ მაღალსართულიანი სახლების მშენებლობას. ყველამ იცის ძირითადი პრინციპი, რომ წყალი არ იკუმშება - ეს მე-6 კლასის წიგნში წერია და უნდა იცოდეს ყველამ. ტბა ბუნებრივად ამოდის მიწიდან, გრუნტის წყალი ამოდის და ამან შექმნა ეს ტბა საუკუნეების წინ. ახლა ასეთი პროცესი მიდის: გვერდით მშენებლობები გრუნტს დააწვა და შედეგად წყალი, რომელიც შემოდიოდა ტბაში, იმავე რაოდენობით ვეღარ შემოდის და რადგან წყალი არ იკუმშება, იგი სხვაგან ნახავს გამოსასვლელს და საკითხავია, სად“.

ცენტრალური პარკიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას უკავშირებს ტბაში წყლის დონის კლებას სანიჩბოსნო კლუბის ხელმძღვანელი რეზო ეზიეშვილიც. როგორც ის გვეუბნება, ამ პროცესს თავად ადევნებდა თვალს და მშენებლებს საყვედურობდა კიდეც:

„ფუნდამენტი რომ გაითხარა სახლის მშენებლობისას, აღმოჩნდა წყალში, ამოსაშრობად კი „ნასოსებით“ ტუმბავდნენ 24 საათის განმავლობაში და საწრეტში უშვებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ტბის წყალი იყო, რომელიც ფუნდამეტში გაედინებოდა, და ასე დაიკარგა ტბის წყალი. იმედია, ამ სახლის ფუნდამენტის ჩასხმა დასრულდება და ტბაში წყალი აიწევს“.

ბათუმის ცენტრალური პარკის საარქივო ფოტო
ბათუმის ცენტრალური პარკის საარქივო ფოტო

უკავშირდება თუ არა ბათუმის ცენტრალური პარკის ირგვლივ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იმ პრობლემებს, რომლებიც ნურის ტბას, ბოლო რამდენიმე წელია, შეექმნა, „ბათუმის წყალში“ ვერ გვეუბნებიან. უწყებაში ამბობენ, რომ ეს გეოლოგიური კვლევის საგანია და არაა მათი კომპეტენცია. ბათუმის ორივე ტბა მუნიციპალური საკუთრებაა. 2018 წელს ნურისა და არდაგნის ტბების მოვლა-პატრონობა შპს „ბათუმის წყალს“ დაევალა. როგორცუწყების ხელომძღვანელი მარიკა გვინიანიძე გვეუბნება, ამ დროს ორივე ტბას უკვე ჰქონდა პრობლემები, რის გამოც ტბების მოვლა-პატრონობისთვის სპეციალური სამსახური შექმნეს, რომელიც, ჯერ ერთი, ტბებზე მონიტორინგს ატარებს, პერიოდულად კი ნურის ტბას წმენდენ, რის გამოც წყლის დონე ტბაში შემცირდა. მისივე თქმით, ნურის ტბაში დღეს უკვე აღარ ჩაედინებაბინძური მასები და სანიაღვრე წყლები:

„ეს არის სრულიად იზოლირებული ტბა, რომელიც იკვებება გრუნტის წყლებით. შესაბამისად, იქ მოთავსებულია აირაციის მოწყობილობა, რომლის ექსპლუატაციის ზედამხედველობას და სამუშაო პროცესის გამართულობას ზედამხედველობს „ბათუმის წყალი“. მუშაობს შადრევანი და ასევე სპეციალური აერაციის სისტემები. ნურის ტბის მდგომარეობა მასშტაბურად გაუმჯობესებულია. ამას ცხადყოფს ანალიზის შედეგები, ლაბორატორიული, რომელსაც ყოველ თვეში ვატარებთ ტბაში სხვადასხვა წერტილში აღებულ სინჯებზე“.

თუმცა ეს ლაბორატორიული კვლევები, რომელზეც შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელი მარიკა გვინიანიძე ამახვილებს ყურადღებას, მხოლოდ წყლის ხარისხს ადგენს და ვერც ნურის ტბაში არსებულ საერთო სურათს აჩვენებს და ვერც პრობლემების გამომწვევ მიზეზებს ნათელყოფს. ტბის ბიოლოგიური კვლევა კიბოლოს ორი წლის წინ ჩატარდა და დადგინდა, რომტბაში ციანობაქტერიების მომრავლებამ ტბის წყალში ჟანგბადი შთანთქა და ცოცხალი ორგანიზმები გაანადგურა, შედეგად კიტბამ დაჭაობება დაიწყო. ეს კვლევა მაშინ გარემოს ეროვნული სააგენტოს სამსახურმა ჩაატარა. სამსახურის უფროსი არჩილ გუჩმანიძე აბობს, რომ მათი რეკომენდაციების ნაწილი შესრულდა, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული მთავარი, კერძოდ ის, რომ ტბაზე რეგულარული და სიღრმისეული კვლევების ჩატარება იყო საჭირო:

„კვლევა არ უნდა იყოს ერთჯერადი, იმიტომ რომ ერთჯერადი კვლევა რეალურად არაფერს არ გვაძლევს, გარდა იმისა, რომ გარკვეულ სურათს ვაფიქსირებთ, მაგრამ ეს წერტილოვანი სურათია, ერთი დღის სურათია: გავედით, სინჯები ავიღეთ და იგი კონკრეტული დღის სურათს ასახავს, რომლითაც ძალიან რთულია ასეთი სერიოზული საკითხის მართვა. საკითხი კი, მართლაც, სერიოზულია, იმიტომ რომ რამდენი წელია ეს პრობლემა არსებობს და ძალიან აქტუალურია ბათუმისთვის, ტურიზმისთვის და თავად ამ ტბებისთვის. ამას ყველა აღიარებს და აფიქსირებს, იმიტომ რომ უბრალოდ რომ გაისეირნოთ ტბის სანაპიროზე, ნახავთ, იქ რა ხდება“.

საგანგაშო ვითარებაა შექმნილი ქალქის მეორე ტბაზე. არდაგნის ტბა, რომელიც ახალ ბულვარში მდებარეობს, ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ვიზიტორებისთვის, რადგან მასზე მოცეკვავე შადრევანი ფუნქციონირებს. ტბა პერიოდულად ბინძურდება, შპს „ბათუმის წყალი“ კი მის ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. არდაგნის ტბა ბოლოს მასშემდეგ გაწმინდეს, რაც 26 აპრილს ბათუმში მყოფმავსაქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა დაწერა ტვიტერზე: „მოცეკვავე შადრევნები ბათუმში შორიდან ლამაზია, თუმცა ახლოდან - არცთუ ისე მიმზიდველი“.

არდაგნის ტბის დაბინძურების მიზეზი აღმოჩნდა წყალში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტები, რომლებიც ტბაში ქალაქის სანიაღვრე სისტემით ჩაედინება. როგორც შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, არდაგნის ტბაზე პერიოდულადგაწმენდით სამუშაოებს ატარებენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ტბა ბინძური მასებისა და შლამისგან მაშინ განთავისუფლდება, როცა ქალაქის სატუმბო სადგურის მშენებლობა დასრულდება და ქალაქის სანიაღვრე წყლებს ზღვაში გადატუმბავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG