Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმი ყველაზე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირისთვის ემზადება


ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობის შემდეგ ბათუმში გამოიფინა - კერძოდ, ბათუმის ბულვარში მდებარე ვეტერანთა კლუბში „ნონა“. ეს ადგილი ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ ბათუმელები და ქალაქის სტუმრები იკრიბებიან, ვისაც სხვადასხვა თამაში იზიდავს, როგორიცაა ნარდი, დომინო, ჭადრაკი და სხვა. თამაშების გარდა ეს შეხვედრის ადგილია, სადაც ქალაქში, რეგიონში, ქვეყანაში თუ, ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე ამბებს განიხილავენ. ბოლო დღებში კი აქ ყველაზე აქტუალური საკითხი ბათუმში დაგეგმილი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაა, რომელიც 23 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბრამდე გასტანს.

გადმოწერა

„მსოფლიო დონის თამაშები იქნება და პირველად ბათუმში 190 ქვეყანა მონაწილეობს, 4 000 სპორტსმენი ჩამოვა. ყველაფერი ვიცი, თან ძალიან მიყვარს ჭადრაკი, იმიტომ რომ ტვინიანი ხალხის თამაშია. მაგალითად, დომინო ადვილი თამაშია და იმას ფიქრი უნდა, ტაქტიკაა, პირველ რიგში, ცოტა მახვილგონივრული სვლებიც უნდა გააკეთო და ასე...“, - ამბობს ბათუმელი საბრი მიქელაძე, რომელიც ჭადრაკის მოყვარულია, ბათუმის ბულვარის ვეტერანთა კლუბში ხშირად დადის და, როგორც ამბობს, ჭადრაკსაც ხშირად თამაშობს მოყვარულის დონეზე. ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაში ქვეყნის ნაკრებს უგულშემატკივრებს, განსაკუთრებით კი სპორტსმენ ქალებს:

ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა

  • ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს გაიხსნება. მას 189 ქვეყნის 4 ათასამდე მონაწილე ეყოლება.
  • ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს ფიდეს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა.
  • ორგანიზატორების ვარაუდით, ოლიმპიადას 15 მილიონამდე ონლაინმაყურებელი ეყოლება.
  • ოლიმპიადის დღეებში ბათუმში გაიმართება აგრეთვე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის და კონტინენტური საჭადრაკო კავშირების საპრეზიდენტო არჩევნები.
  • ოლიმპიადაში საქართველოდან ექვსი გუნდი მონაწილეობს.

„ჩვენს ქალებს აქვთ შანსი პირველ სამეულში მოხვდნენ და კაცები ათეულში თუ მოხვდნენ, კარგია. ჩვენი ქალი მოჭადრაკეები მაგრები არიან“.

ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაში საქართველოდან ექვსი გუნდი მონაწილეობს. აქედან სამი ქალთა გუნდია და სამიც - ვაჟთა.საერთო ჯამში, 30 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საჭადრაკო ოლიმპიადის თამაშების ნაწილი ბათუმის ბულვარის ვეტერანთა კლუბშიც ჩატარდება. ამ კლუბის ადმინისტრატორი თემურ ლორთქიფანიძე საჭადრაკო ოლიმპიადის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ქართველი სპორტსმენების წარმატების მოლოდინშია. ამბობს, რომ ქალსა და კაც სპორტსმენს შორის განსხვავებას ვერ ხედავს:

„სასიამოვნო გრძნობაა - შენი ქალაქია, შენი ხალხია... რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს, იმიტომ რომ საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო ჭადრაკში და ასეთი სახელი აქვს და მე იმედი მაქვს, რომ ახლაც გამარჯვებული იქნება. ქალები გვყავს ტიტულოვანი მოჭადრაკეები, მაგრამ მე პირადად ქალსა და კაცს შორის განსხვავებას სპორტში ვერ ვხედავ. ადამიანია ორივე და ეს გულიდან გამომდინარეობს და ფიზიკური აღნაგობიდან, ტვინის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული... ამიტომ მე ვერ ვხედავ სხვაობას სპორტსმენ ქალსა და კაცს შორის“.

ქალაქ ბათუმმა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდეს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) წარმომადგენელი სოფიო ბაკურიძე ამბობს, რომ საქართველომ ხმათა უმრავლესობა სწორედ წარსულში საჭადრაკო ტურნირებზე ქვეყნის წარმატების გათვალისწინებით მიიღო:

„ხშირად ვსაუბრობთ, რატომ საქართველოში. იმიტომ რომ საქართველო ძალიან მდიდარია საჭადრაკო ტრადიციით და ერთგვარად საქართველო არის დედოფლების ქვეყანა და ამიტომ,სწორედ ამ ტრადიციამ, ალბათ, და ამ ადამიანების უდიდესმა გამარჯვებებმა მოიტანა ის, რომ საქართველო იქნა არჩეული და ერგო ეს პატივი, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მართლაც უპრეცედენტო მნიშვნელობის ღონისძიებაა. ასეთი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა“.

ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს გაიხსნება. მას 189 ქვეყნის 4 ათასამდე მონაწილე ეყოლება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს ღონისძიება სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება, პირდაპირ ტრანსლირებას, ორგანიზატორების ვარაუდით, 15 მილიონამდე ონლაინმაყურებელი ეყოლება.

ოლიმპიადის დღეებში ბათუმში გაიმართება აგრეთვე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის და კონტინენტური საჭადრაკო კავშირების საპრეზიდენტო არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG