Accessibility links

ბაიდენს სურს, თეთრ სახლში დაასრულოს ნახევარსაუკუნოვანი პოლიტიკური კარიერა


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

17-20 აგვისტოს ყრილობაზე დემოკრატიულმა პარტიამ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად დაამტკიცა ჯო ბაიდენი და ახლა ვეტერანი პოლიტიკოსი ერთი ნაბიჯითღაა დაშორებული იმ ოცნების ასრულებისგან, რის მიღწევასაც სამი ათეული წლის განმავლობაში ცდილობდა.

დელავერის შტატის ყოფილი სენატორი, 77 წლის ბაიდენი ორჯერ იყრიდა კენჭს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის - 1988 და 2008 წლებში. მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შეძლო პარტიის გულის მოგება.

ზოგის თქმით, მას კიდევ ერთხელ სურდა ეცადა ეს 2016 წელს, მას შემდეგ, რაც რვა წლის განმავლობაში იყო ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობისას. მაგრამ მაშინ დემოკრატების ფავორიტი სწრაფად გახდა ჰილარი კლინტონი.

გარკვეული დროის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ 2020 წლის არჩევნებში ბაიდენი წინა მცდელობებივით წარუმატებელი იქნებოდა.

თავისი კანდიდატურის შესახებ 2019 წლის აპრილში გამოაცხადა რამდენიმე თვის ორჭოფობის შემდეგ და მას მერე, რაც შეჯიბრებაში ჩაერთო ოცზე მეტი სხვა კანდიდატი - ბევრად უფრო ახალგაზრდა, უფრო ლიბერალი ან უფრო მემარცხენე და პოლიტიკაში ბევრად უფრო ახალბედა, ვიდრე ბაიდენი, რომელიც 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო სენატორი.

საპრეზიდენტო კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი
please wait

No media source currently available

0:00 0:07:10 0:00

ბაიდენი შეეცადა, სტაბილურობის ბურჯად წარმოედგინა თავი ქვეყანაში, რომელიც, მისი თქმით, „ბრძოლის ველად“ იქცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის სამი წლის განმავლობაში, რომელსაც მან ბრალი დასდო მოსახლეობის გახლეჩასა და საფრთხის შექმნაში „ამ ერის მთავარი ღირებულებებისთვის, მსოფლიოში ჩვენი პოზიციისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის“.

„ჩვენ ამ ნაციის სულისთვის ვიბრძვით“, თქვა ბაიდენმა ვიდეოში, როცა თავისი კანდიდატურის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, თუკი ტრამპს კიდევ ოთხი წლით დავუთმობთ მართვის სადავეებს, ის „სამუდამოდ და ფუნდამენტურად შეცვლის ამ ერის ხასიათს, იმას, თუ რა ვართ, და მე არ შემიძლია, განზე ვიდგე და თვალი ვადევნო, როგორ მოხდება ეს“.

მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ბაიდენი არ ბრწყინავდა კანდიდატობის მსურველთა ისტორიულად მრავალფეროვან სცენაზე. მათ შორის იყვნენ აფრიკული და ინდური წარმომავლობის ქალები, ჰომოსექსუალი, სოციალისტი.

3 თებერვალს აიოვაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ეს კანდიდატთა მხარდაჭერის პირველი ტესტი იყო. მაშინ მან 16% მოაგროვა. ერთი კვირის შემდეგ ნიუ-ჰემფშირში მეხუთეზე გავიდა 8,4%-ით.

ბაიდენს პრობლემები ჰქონდა დემოკრატების მხარდამჭერ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც იხრებოდნენ ან უფრო ლიბერალური კანდიდატებისკენ, როგორებიც არიან ბერნი სანდერსი და ელიზაბეთ უორენი, ან - უფრო ახალგაზრდებისკენ.

საწყის ეტაპზე ბაიდენის სუსტმა შედეგებმა ნიუ-იორკის ყოფილ მერს, მილიარდერ მაიკ ბლუმბერგს, უბიძგა, მარათონში ჩართულიყო დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით.

მაგრამ საბოლოოდ ბაიდენმა გარდატეხა მოახდინა თებერვალში, როცა პირველი ადგილი მოიპოვა სამხრეთ კაროლინაში, რასაც ის ძირითადად აფრიკელი ამერიკელების მხარდაჭერას უნდა უმადლოდეს.

როცა ბაიდენის ზომიერმა მეტოქეებმა დაინახეს, რომ დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაში მათი შანსები სულ უფრო იკლებდა, ნელ-ნელა დაიწყეს შეჯიბრებიდან გამოთიშვა 3 მარტის არჩევნებამდე, „სუპერსამშაბათამდე“, როცა 14 შტატი და ერთი ტერიტორია მონაწილეობდნენ კენჭისყრაში. მარათონიდან გამოთიშვის ერთ-ერთ მიზეზად ისინი ასევე ასახელებდნენ საფრთხეს, რომ ბერნი სანდერსის გამარჯვებას და კანდიდატად შერჩევას შესაძლოა დონალდ ტრამპის წისქვილზე დაესხა წყალი.

ამ კანდიდატების გამოთიშვამ ბაიდენს გამარჯვებისკენ გზა გაუხსნა. იმ დღეს მან 10 შტატში გაიმარჯვა და ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლები (მარცხნიდან): ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი და კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი.
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლები (მარცხნიდან): ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი და კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი.

ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი?

თუკი 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ბაიდენი, რომელიც რამდენიმე კვირაში 78 წლის გახდება, ამ პოსტზე ოდესმე არჩეული ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იქნება.

ყველაზე ხანდაზმული ტრამპი იყო, როცა ის 70 წლის ასაკში იქნა არჩეული 2016 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი ტრამპზე სამ წელზე ნაკლებითაა უფროსი, მისი ასაკი შესაძლოა პრობლემად ექცეს არჩევნებში.

ის ცნობილია არა მხოლოდ თავისი ფართო ღიმილით, არამედ ასევე მრავალრიცხოვანი შეცდომებით. მაგალითად, ის ხშირად ურევს ხოლმე სტატისტიკას და ეშლება სახელები.

ასევე ის დროდადრო დაბნეულ და შეუსაბამო კომენტარებს აკეთებს. მაგალითად, ერთ-ერთი დებატებისას ოჯახებს ურჩია, ერთად უსმინონ მუსიკას „ფირსაკრავზე“ - მოწყობილობაზე, რომელიც ათწლეულების წინ შეცვალა სხვა ტექნოლოგიებმა.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი სიტყვიერი შეცდომები შეკითხვებს ბადებს ხოლმე მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.

ბაიდენი ამას იმით ხსნის, რომ ახალგაზრდობაში ენა ებმებოდა.

ასეა თუ ისე, ბაიდენმა ბევრ მეტოქეს აჯობა და გაიმარჯვა კანდიდატობისთვის ბრძოლაში.

პრაიმერისში ბაიდენის გამარჯვება „შეიძლება აიხსნას იმ უბრალო ფაქტით, რომ ხალხის უმეტესობას მოსწონს ‘ძია ჯო’“, წერდა მარტში კომენტატორი მაქს ბუტი Washington Post-ში. „სამწუხაროა იმის აღიარება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, სტუდენტური საბჭოს არჩევნების მსგავსად, ძირითადად პოპულარობის კონკურსია, მაგრამ ეს სიმართლეა“.

დელავერის შტატის სენატორი ჯო ბაიდენი თავის ორ ვაჟთან ერთად დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე 1972 წელს.
დელავერის შტატის სენატორი ჯო ბაიდენი თავის ორ ვაჟთან ერთად დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე 1972 წელს.

ანალიტიკოსთა თქმით, ბაიდენს, რომელიც საშუალო კლასის კათოლიკურ ოჯახში დაიბადა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, უნარი შესწევს, პიროვნული კავშირი დაამყაროს ამომრჩევლებთან იმ გასაჭირის გამო, რის გადატანაც მოუხდა ცხოვრებაში.

მისი პირველი ცოლი ნეილია ავტოკატასტროფაში დაიღუპა, როცა საშობაო საყიდლებზე იმყოფებოდა მათ სამ შვილთან ერთად. მანამდე რამდენიმე კვირით ადრე 29 წლის ბაიდენი პირველად აირჩიეს სენატორად 1972 წელს.

ინციდენტისას დაიღუპა მათი ერთი წლის ქალიშვილი ნაომიც. ვაჟები ჰანტერი და ბო კი მძიმედ დაშავდნენ. ბო 2015 წელს ტვინის კიბოთი გარდაიცვალა 45 წლის ასაკში.

ბაიდენმა თქვა, რომ ტრაგედიის გამო კინაღამ უარი თქვა თავის ადგილზე სენატში, მაგრამ ბოლოს მაინც საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. იმისთვის, რომ თან ემუშავა და თან ვაჟებისთვის მოეარა, დაიწყო დელავერიდან, სადაც ცხოვრობდნენ, ვაშინგტონში 90-წუთიანი მატარებლით მგზავრობა. ამის გამო მას „Amtrak ჯო“ შეარქვეს (სარკინიგზო კომპანია Amtrak-ის გამო).

ყოველდღიურმა მგზავრობამ ბოლოს გავლენა მოახდინა მის პოლიტიკაზეც. ბაიდენი სარკინიგზო ტრანსპორტის ადვოკატად იქცა და 2020 წლის კამპანიის ფარგლებში გამოვიდა „სარკინიგზო რევოლუციის“ მოწოდებით. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას და დაეხმარება მშრომელ ხალხს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა დამოკიდებული.

გამოცდილება საგარეო პოლიტიკაში

2008 წელს, როცა დემოკრატების ნომინაციისთვის იბრძოდა, იმ წლის იანვარშივე გამოეთიშა რბოლას, სანამ პრაიმერისი დაიწყებოდა.

ბარაკ ობამამ, რომელმაც გაიმარჯვა პრაიმერისში და საპრეზიდენტო არჩევნებში ჯონ მაკკეინი დაამარცხა, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტად შეარჩია. ეს მან ძირითადად გააკეთა საერთაშორისო პოლიტიკაში ბაიდენის დიდი გამოცდილების გამო.

ობამას, რომელიც პირველი ვადით იყო ილინოისის შტატის სენატორი, საგარეო პოლიტიკაში ნაკლები გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე მის 71 წლის მეტოქეს, არიზონის შტატის რესპუბლიკელ სენატორ მაკკეინს. მაკკეინი ვიეტნამის ომის გმირი და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წამყვანი წევრი იყო.

ეს ხვრელი ამოავსო ბაიდენმა, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში, მათ შორის, მისი თავმჯდომარის პოსტზეც.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა (მარცხნიდან მეორე) აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან (მარცხნივ) და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრებთან ერთად თეთრ სახლში ადევნებს თვალს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციას, რომელიც აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა განახორციელა.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა (მარცხნიდან მეორე) აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან (მარცხნივ) და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრებთან ერთად თეთრ სახლში ადევნებს თვალს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციას, რომელიც აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა განახორციელა.

ბაიდენმა მოიპოვა რეპუტაცია ადამიანისა, რომელსაც უნარი ჰქონდა უცხოელ ლიდერებთან ურთიერთობების აწყობისა მაშინაც კი, როცა ამ მოცემულ ქვეყანასთან აშშ-ს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა. ასობით მსოფლიო ლიდერთან შეხვედრებით მან საგარეო ურთიერთობებში მდიდარი გამოცდილება დააგროვა თავისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პოლიტიკური კარიერის მანძილზე.

1979 წელს ბაიდენი დელეგაციასთან ერთად ჩაფრინდა პეკინში დენ სიაოპინთან შესახვედრად. მოგვიანებით იმავე წელს ის შედიოდა ჯგუფში, რომელიც საბჭოთა ლიდერ ლეონიდ ბრეჟნევთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბირთვული შეიარაღების კონტროლის თაობაზე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბაიდენი მოგვევლინა ნატოს გაფართოების ადვოკატად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მან მხარი დაუჭირა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღებას.

ბაიდენი ობამას ადმინისტრაციის მთავარი ფიგურა გახდა უკრაინის საკითხებში, მას მერე, რაც რუსეთმა აგრესიულად უპასუხა მოსკოვის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდებას. 2014 წელს მოსკოვმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და დაიწყო აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების დახმარება. ომი დონბასში მეექვსე წელია მიმდინარეობს.

ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის ახალ, პროდასავლურად განწყობილ ხელისუფლებას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებდა. ის დაიმუქრა, რომ შეაჩერებდა 1 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას, თუკი უკრაინის მთავრობა არ შეასრულებდა დანაპირებს და არ მოხსნიდა გენერალურ პროკურორ ვიქტორ შოკინს, რომელიც, მრავალი დასავლელი ოფიციალური პირის აზრით, ხელს უშლიდა ენდემური კორუფციის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს. ბაიდენის ამ მუქარას მოგვიანებით მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა თავად მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) თავის ვაჟთან, ჰანტერ ბაიდენთან ერთად. 2010 წ. 30 იანვარი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) თავის ვაჟთან, ჰანტერ ბაიდენთან ერთად. 2010 წ. 30 იანვარი.

უკრაინაში ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერის, მუშაობამ შესაძლოა იმოქმედოს 2020 წლის საარჩევნო კამპანიაზე.

2014 წელს ჰანტერ ბაიდენმა საბჭოს წევრის მოგებიანი თანამდებობა დაიკავა უკრაინის ნავთობისა და გაზის კომპანია Burisma Group-ში. მამამისი მაშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

დონალდ ტრამპი - მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე - აცხადებს, რომ ბაიდენი შოკინის მოხსნას იმიტომ ითხოვდა დაჟინებით, რათა შეეჩერებინა Burisma-სა და მისი ვაჟის წინააღმდეგ გამოძიება. ჰანტერ ბაიდენმა უარყო რაიმე კანონდარღვევა, მაგრამ თქვა, რომ შეცდომა იყო ამ თანამდებობაზე დათანხმება.

უკრაინა, რუსეთი, ჩინეთი, ავღანეთი

საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას აქცევს „აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად“ და ევროპელ მოკავშირეებთან ითანამშრომლებს, რათა რუსეთს ძვირად დაუჯდეს უკრაინაში თავისი მოქმედებები.

ის აშშ-ის პრეზიდენტს ნატოსთვის ძირის გამოთხრაში და აშშ-ის ინტერესებისა და ღირებულებების პოტენციურ გაწირვაში სდებს ბრალს ტრამპის მისწრაფებისთვის, გულთბილი ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და სხვა ავტორიტარ ლიდერებთან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) ხვდება რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს. მოსკოვი, 2011 წ. 10 მარტი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) ხვდება რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს. მოსკოვი, 2011 წ. 10 მარტი.

ბაიდენის თქმით, რუსეთის მიმართ პოლიტიკის ფარგლებში ის შეეცდება ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის დარჩენილი უკანასკნელი ხელშეკრულების, ე.წ. New START-ის გახანგრძლივებას. ხელშეკრულებას 2021 წლის თებერვალში გასდის ვადა. ტრამპმა მიანიშნა, რომ New START-ში უნდა მონაწილეობდეს ჩინეთიც, რომელიც ასევე აწარმოებს ბირთვულ იარაღს, ანდა უნდა შეიცვალოს ახალი ხელშეკრულებით, რომელიც ჩინეთსაც მოიცავს.

მართალია, ბაიდენი ღიად უჭერს მხარს კიევს და პირობას დებს, რომ ნატოელ პარტნიორებთან ითანამშრომლებს, რათა „რუსეთმა უფრო დიდი ფასი გადაიხადოს უკრაინაში მიმდინარე ომისთვის“, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოსკოვს შესაძლოა საბოლოოდ ასიამოვნოს მისმა პოზიციამ ერთ საკითხში - ესაა კლიმატური ცვლილებები.

ბაიდენის მცდელობა, ხელი შეუშალოს კლიმატის ცვლილებას, ალბათ „უფრო გაურთულებს ნავთობკომპანიებს [აშშ-ში] დაზვერვას“, მოპოვებასა და ტრანსპორტირებას, რაც ნავთობის ფასებს გაზრდის და, შესაძლოა, ამით სარგებელი მოუტანოს რუსეთს, რომლის ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული ნავთობით მიღებულ მოგებაზე, წერს ენერგეტიკის ექსპერტი ელენ უოლდი Forbes-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ბაიდენის თქმით, მას სურს, რომ აშშ მიუერთდეს პარიზის ხელშეკრულებას, რომელიც მსოფლიოში სათბურის გაზების გამოყოფის მკვეთრი შემცირებისკენაა მიმართული.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისთან ერთად.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისთან ერთად.

კიდევ ერთი საერთაშორისო შეთანხმება, რომელშიც ბაიდენს სურს, რომ აშშ-ც მონაწილეობდეს, არის ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით 2015 წელს მიღწეული შეთანხმება.

ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპი ამ შეთანხმებიდან აშშ-ის გამოყვანისა და თეირანისთვის ახალი სანქციების დაწესებისთვის. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი „უგუნურებაა“ და მის შედეგად აშშ-ის საქმე გაუარესდა.

აშშ-ის სანქციების საპასუხოდ ირანმა გააძლიერა თავისი ბირთვული პროგრამა და ნავთობის ტანკერებზე თავდასხმები განახორციელა სპარსეთის ყურეში.

2015 წლის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ობამას ადმინისტრაციამ, რუსეთმა, ჩინეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროპის კავშირმა.

ბაიდენის თქმით, ის აშშ-ს კვლავ დააბრუნებს ამ შეთანხმებაში, თუკი ირანი კვლავ შეზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას და კვლავ დაიცავს შეთანხმების პირობებს. ოღონდ, მისი სიტყვებით, ის შეეცდება თავდაპირველ დოკუმენტზე უფრო „გააძლიეროს და გააფართოოს“ ის.

რაც შეეხება აშშ-ის ომს ავღანეთში, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების საპასუხოდ დაიწყო ხელისუფლებიდან თალიბების ჩამოსაგდებად, ბაიდენმა თქვა, რომ შინ დააბრუნებს სამხედროთა ნაწილს, მაგრამ დატოვებს საკმარის ჯარებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ექსტრემისტებმა ვერ შეძლონ გადაჯგუფება და ქვეყანაზე კონტროლის აღდგენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG