Accessibility links

ბასაევი და მუნდიალი


შამილ ბასაევი, 17 ივნისი,1995 წ.

რუსეთის კინოგაქირავებაში გამოვიდა ფილმი, რომელიც ინგუშეთის ტერიტორიაზე 12 წლის წინ მომხდარ მოვლენებზე გვიამბობს. ფილმის ავტორები ამტკიცებენ, რომ სცენარს საფუძვლად უდევს სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ნამდვილი ოპერაცია, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე ოდიოზური საველე მეთაურის, შამილ ბასაევის, ლიკვიდაციით დასრულდა.

2006 წლის 10 ივლისს ინგუშეთის სოფელ ეკაჟევოს მიდამოებში აფეთქების შედეგად დაიღუპა ჩრდილოეთ კავკასიის შეიარაღებული იატაკქვეშეთის მეთაური შამილ ბასაევი. მისმა თანამზრახველებმა განაცხადეს, რომ ეს იყო შემთხვევითი ტრაგედია, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრმა კი გაავრცელა ცნობა საიდუმლო სპეცოპერაციის თაობაზე, რომლის დეტალები არ დაუზუსტებია.

მომხდარის გარემოებათა გარკვევას ცდილობდნენ არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ უფლებადამცველები. უფლებადაცვით ცენტრ „მემორიალის“ მონაცემებით, სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ აფეთქების ადგილზე სპეცსამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ამ ადგილზე არავის უშვებდნენ, თვით ინგუშეთის მილიციასაც კი, მაგრამ ორი დღის შემდე იქ დაუბრკოლებლად შეეძლოთ მისვლა ჟურნალისტებს, რომლებიც სამართალდამცველებს ეხმარებოდნენ მინდორზე მიმოფანტული ასაფეთქებელ მოწყობილობათა ნამსხვრევებისა და სხეულის ფრაგმენტების შეგროვებაში. რამდენიმე დღეში გამნაღმველებმა 200-ზე მეტი „ნურსი“ (უმართავი რეაქტიული ჭურვები) და ათობით კილოგრამის ოდენობის ტროტილი გააუვნებელყვეს.

„ხელსაყრელი მომენტი“

რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, პარტიზანები ამზადებდნენ მსხვილ ტერაქტს ინგუშეთის ტერიტორიაზე, რომელიც სურდათ დაეკავშირებინათ „დიდი რვიანის“ სამიტისათვის, 2016 წლის ივლისში სანკტ-პეტერბურგში რომ გაიმართა.

უფლებადამცველთა თანახმად, სოფელ ეკაჟევოს განაპირი, სადაც უკანონო ფორმირების მებრძოლები გაჩერდნენ, შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. პარტიზანების კუთვნილი „კამაზისა“ და „ვაზ-2109“ ტიპის ავტომობილები ევლოევების სახლის ძალიან მჭიდრო სიახლოვეს, ცეჩოევების კუთვნილ ნაკვეთზე იყვნენ გაჩერებული. ამ მოედანს გარშემო უპატრონო სახლები და მასიური ღობეები ფარავდა და მისი დანახვა სოფლის მხრიდან შეუძლებელი იყო. ახლომახლო არ არის გაბატონებული სიმაღლეები, რომლებზეც საფარის მოწყობა შეიძლება. დროც სწორად იქნა შერჩეული - ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. ასეთ დროს დიდი იყო ალბათობა, რომ ყველა, ვისაც სიფხიზლის გამოჩენა ევალებოდა, საფრანგეთ-იტალიის მატჩის ყურებით იქნებოდა გართული.

პირველი აფეთქება, როგორც ირკვევა, მოხდა მიწის ზედაპირის დონეზე, შემდეგ კი დეტონატორმა მოქმედებაში მოიყვანა „კამაზის“ შასზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქების ტალღამ წალეკა არა მხოლოდ სახლის ღობე, არამედ კაპიტალური ღობის დიდი ნაწილიც.

რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, პარტიზანები ამზადებდნენ მსხვილ ტერაქტს ინგუშეთის ტერიტორიაზე, რომელიც სურდათ დაეკავშირებინათ „დიდი რვიანის“ სამიტისათვის, 2016 წლის ივლისში სანკტ-პეტერბურგში რომ გაიმართა.

სპეცსამსახურების სცენარით

2017 წლამდე სპეცსამსახურები საიდუმლოდ ინახავდნენ ტერაქტის პრევენციისა და შამილ ბასაევის ლიკვიდაციის დეტალებს და მხოლოდ გასული წლის ზაფხულში ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაიწყო გადაღება ფილმისა, რომელმაც ფართო საზოგადოებას ჩეჩენი საველე მეთაურის ლიკვიდაციის ზოგიერთი დეტალის შესახებ უნდა უამბოს.

ცხადია, რომ სცენარისათვის საჭირო ინფორმაცია, ისევე როგორც ფილმის შეკვეთა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურიდან წამოვიდა.

წელიწადზე ნაკლები დრო გახდა საჭირო იმისათვის, რომ გადაღებულიყო და დამონტაჟებულიყო მთელი სურათი, რომელიც, სახელწოდებით „ლიკვიდაციის გადაწყვეტილება“, ფართო გაქირავებაში ივნისში გამოვიდა.

ასეთ მოკლე ვადებში გადაღება შეუძლებელია არ ასახულიყო სურათის ხარისხზე და, პირველ ყოვლისა, ზოგიერთი დეტალის სანდოობაზე. ყოველთვის ნათელი არ არის, ჩრდილოეთ კავკასიის რომელ რესპუბლიკებში იმყოფებიან ოპერატიული მუშაკები ამა თუ იმ მისიის შესრულებისას. თავად აფეთქება, რომლის შედეგადაც შამილ ბასაევი იღუპება, დღის შუქზე ხდება და არა ღამით, როგორც სინამდვილეში იყო.

ფილმის ისტორიული პარალელები

ჩანს, ფილმის შემქმნელები მიზნად არ ისახავდნენ მაღალმხატვრული ისტორიული კინოს შექმნას. სამხედრო დეტექტიური ტრილერის სტილში, მაყურებელს გასაგებად უამბობენ იმ უნიკალური სპეცოპერაციის დეტალებზე, რომლის დროსაც სპეცსამსახურები თავიდანვე აკონტროლებენ სასიკვდილო ტვირთის მოძრაობას, რამაც სატყუარას როლი უნდა ითამაშოს საშიში ტერორისტისათვის, რუსეთის პრეზიდენტზე თავდასხმას რომ გეგმავს. სიუჟეტს თუ დავუჯერებთ, სპეცსამსახურების არქივებში ინახება არა მხოლოდ ფოტო, არამედ ამ სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალაც.

ამასთან, ბოლომდე გაუგებარია, თუ რატომ იყო საჭირო ამ ფილმის გადაღება შამილ ბასაევის ლიკვიდაციიდან ამდენი ხნის შემდეგ. ეჭვი იმისა, რომ ეს სპეცოპერაცია ძალოვანმა უწყებებმა ჩაატარეს, ჯერ კიდევ 2007 წელს გაიფანტა, როდესაც მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომელიც ძალიან მოგვაგონებს ზემოხსენებული ფილმის სიუჟეტს.

სავარაუდოდ, ფილმის პრემიერა სურდათ დაემთხვიათ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისათვის და ამით გაევლოთ კიდევ ერთი ისტორიული პარალელი. 12 წლის წინ ხომ სწორედ მომხიბვლელი სპორტული სანახაობის ფონზე ჩატარდა შამილ ბასაევის ლიკვიდაციისათვის ჩაფიქრებული სპეცოპარაციის დამამთავრებელი ფაზა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG