Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბევრი კიტრი და მწვანილი, ცოტაც კომბოსტო - მერყევი ფასები რუსთავის ბაზარში


რუსთავში ჯერჯერობით დახურულია ე.წ. სტამბულის დიდი და ქალაქის ძველ ნაწილში მდებარე შედარებით მცირე ზომის აგრარული ბაზრების ღია სივრცეები. ამუშავდა სავაჭრო ობიექტი „სტამბულის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვაჭრობენ როგორც დახლებიდან, ისე სატვირთო მიკროავტობუსებიდან.

სეზონის შესაბამისად, არჩევანი არც ისე დიდია. მცირე რაოდენობით პომიდორი, ახალი კარტოფილი და ვაშლი. ბადრიჯანი მხოლოდ ერთ მოვაჭრეს ჰქონდა, ისიც, დაახლოებით, ხუთი კილოგრამი - როგორც თავად თქვა, თურქეთიდან შემოტანილი და ადრე დასაწყობებული. ბევრია მწვანილი, კიტრი, ახალი ნიორი და ძველი კარტოფილი.

რადიო თავისუფლების რესპონდენტს, რომელიც რომანის სახელით გაგვეცნო, მიკროავტობუსი ჰყავს და იქვე დადგმული დაბალი დახლიდან ვაჭრობს. ამბობს, რომ ფასები დღის განმავლობაში იცვლება:

„ეს გორის ვაშლია, 2 ლარი და 50 თეთრი ღირს. ხახვიც ქართულია. თავად არ მომიტანია, აქვე ვიყიდე... ფასები იცვლება, ყოველდღე 20-30 თეთრით მერყეობს“.

ამ მოვაჭრისგან ერთ-ერთმა მყიდველმა მარნეულიდან ჩამოტანილი კიტრი ფასის გაგების შემდეგ აღარ იყიდა. ბაზარში ძირითადად მარნეულიდან და ლაგოდეხიდან ჩამოტანილ კიტრს ყიდიან. ფასი ერთნაირია - 2 ლარი და 50 თეთრი. ძვირია პომიდორი. ქართული 4-დან 5 ლარამდე ღირს, თურქული - 3 ლარი და 50 თეთრი.

ნამიდისგან განსხვავებით, ადგილობრივი პროდუქტით ვაჭრობს გიორგი, რომელსაც შარშანდელი კარტოფილი ახალქალაქიდან ჩამოაქვს და კილოგრამს ერთ ლარად და 70 თეთრად ყიდის:

„გუშინ და გუშინწინაც ამ ფასად ვყიდდი. ახალქალაქიდან მე თვითონ ჩამოვიტანე. ზოგან ორი ლარი ღირს, მე იაფად ვიყიდე“.

რადიო თავისუფლების რესპონდენტის თქმით, ახალი კარტოფილის ჩამოტანა არ უღირს, რადგან ძვირია და ბაზარშიც ბევრი მყიდველისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ახალი კარტოფილის ფასი 3-დან 4 ლარამდე მერყეობს. ნარგიზ მგელაძე, რომელმაც პროდუქტები იყიდა, გვეუბნება, რომ სიძვირეა, თუმცა პროდუქტი უფრო ხარისხიანი და იაფია, ვიდრე სუპერმარკეტებში:

„სასურსათო ვაუჩერები დაგვირიგეს და იქიდან [მაღაზიიდან] რომ გამოვიტანე, არ მომეწონა. მხოლოდ მითითებული მაღაზიიდან უნდა გამომეტანა. მაგას ჯობდა ფული მოეცათ, უფრო ხარისხიანს ვიყიდდი და ბევრიც მომივიდოდა“.

ბაზარში მცირე რაოდენობით იყიდება ახალი კომბოსტო -კილოგრამი 80 თეთრად. მოვაჭრეები ამბობენ, რომ კომბოსტო გარდაბნიდან შემოიტანეს. 5 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა და კომბოსტოს რეალიზებაში დახმარება ითხოვა. გლეხებს დახმარებას მარნეულის მერი ზაურ დარგალი დაჰპირდა.

მარნეულის მერმა ისიც თქვა, რომ მუნიციპალიტეტიდან ადრე გატანილი კომბოსტოს ნაწილი სადისტრიბუციო კომპანია „ჯიბეს“ ჯერ კიდევ გასაყიდი აქვს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG