Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუ საქართველოს ეს უნდა" - ელჩი დეგნანი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე


აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი.
აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარების შემდეგ, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ბევრი ქვეყანა თავს ანებებს“ ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა სახით ურთიერთობა სურს ჩინეთთან. [მაგრამ] ბევრი ქვეყანა თავს ანებებს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას, რადგან რამდენიმე წელიწადში გამოჩნდა, რომ ასეთი სასარგებლოც არ არის სხვა ქვეყნებისათვის. თუ საქართველოს ეს უნდა, იმედია, კარგ შედეგებამდე მიიყვანს“, - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.

ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტისას, 29 ივლისს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და მასთან ერთად გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამავე შეხვედრაზე მხარდაჭერა გამოუცხადა ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივას“. „სარტყელი და გზა“ არის ტრანსკონტინენტური ქსელი, - ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი, რომელიც ძველთაძველ „აბრეშუმის დიდ გზას“ ჰგავს, - რომელიც მჭიდროდ აკავშირებს აზიას, ევროპასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკას.

ელჩი დეგნანის შეფასებით, „ჩანდა, რომ ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო საქართველოსთვის და საქართველოს არჩევანია, თუ ვინ იქნებიან მისი პარტნიორები“. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარდამჭერად რჩება:

„შეერთებული შტატები, როგორც გასული 30 წლის განმავლობაში, დარჩება საქართველოს ძლიერ მხარდამჭერად. და, ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება ძალიან პოზიტიურია და ძალიან მკაფიოდ აჩვენებს იმ კონკრეტულ სარგებელს, რაც მოჰყვა აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობას“, - განაცხადა ელჩმა 31 ივლისს ქუთაისში.

2017 წელს საქართველო ევრაზიის რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

XS
SM
MD
LG