Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბერკუტი“ მოსკოველი დემონსტრანტების წინააღმდეგ


სერგეი კუსიუკი, "ბერკუტის" მეთაურის ყოფილი მოადგილე.
სერგეი კუსიუკი, "ბერკუტის" მეთაურის ყოფილი მოადგილე.

3 აგვისტოს მოსკოვში გამართულ საპროტესტო სეირნობაზე კვლავ იქნა შემჩნეული ავადსახსენებელი სერგეი კუსიუკი - უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს რაზმ „ბერკუტის“ მეთაურის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2013-2014 წლის ზამთარში კიევის ცენტრში, „მაიდანზე“ შეკრებილ დემონსტრანტთა დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობის შემდეგ სამშობლოში საერთაშორისოდ ძებნილი კუსიუკი ჯერ ყირიმში გაიქცა, მერე მოსკოვში, სადაც უკრაინელმა ოფიცერმა მაღალი თანამდებობა მიიღო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმში და ახლა უკვე რუს სტუდენტებს არბევს.

დევნილი „ბერკუტელი“ რადიო თავისუფლების ტრანსლიაციის დროს გამოჩნდა ახალ არბატზე, სადაც ძალოვნები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ძველ არბატზე საპროტესტო მსვლელობის დაშლა, სასტიკად აკავებდნენ ყველას, ვინც ხელში მოხვდებოდათ - როგორც აქციის მონაწილეებს, ისე უბრალო გამვლელებს. ამ პროცესს, როგორც ვიდეოს მიხედვით შეიძლება მსჯელობა, სწორედ კუსიუკი ხელმძღვანელობდა.

მშვიდობიანი მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით პოლკოვნიკმა ადრევე მიიპყრო ყურადღება, როდესაც ორი წლის წინ, 2017 წლის 12 ივნისს, რუსეთის დღის აღსანიშნავი ოფიციალური ზეიმის პარალელურად მიმდინარე ალექსეი ნავალნის მომხრეთა ანტიკორუფციული აქციის სასტიკი დარბევისას, ძალოვან უწყებათა მოქმედების კოორდინაციას ახდენდა.

„ბერკუტელები“ კრემლის პატივში

რუსეთის სამართალდამცველთა ფორმაში გამოწყობილი უკრაინიდან გაქცეული სხვა „ბერკუტელებიც“ არაერთხელ არიან შემჩნეული მოსკოვში მიმდინარე კიდევ უფრო ადრინდელ აქციებზე. ეს არავისთვისაა საიდუმლო: ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა პასპორტები, სამხრეები და სამსახურებრივი მოწმობები დაურიგა „ბერკუტის“ 10 ყოფილ მებრძოლს, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ოფიციალურ ცნობებში კუსიუკის გვარი არასოდეს ყოფილა ნახსენები. სამაგიეროდ, ძებნილი პოლკოვნიკის გვარი ნახსენები იყო უკრაინის გენერალური პროკურატურის 2014 წლის 28 დეკემბრის განკარგულებაში „კიევის ცენტრში აქტივისტების მასობრივ დახოცვასთან დაკავშირებულ პირთა“ დაუყოვნებლივ დაპატიმრების შესახებ.

დემონსტრანტების დარბევის დროს ტვერის მოედანზე სერგეი კუსიუკი ვიდეოკადრებში მოხვდა. ოფიცერი ბრძანებებს გასცემდა რუსულად, თუმცა ჯერ კიდევ „მაიდნის“ მოვლენებიდან არის ცნობილი, რომ კუსიუკი ფლობს უკრაინულ ენასაც. ერთ-ერთი პოლიციელი კუსიუკს მიმართავს წოდებით: „ამხანაგო პოლკოვნიკო“. ასეთივე წოდება ჰქონდა კუსიუკს მაშინ, როდესაც უკრაინაში სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ მეთაურის მოადგილედ მუშაობდა.

კუსიუკი „მაიდნისათვის“ კარგად ცნობილი პიროვნებაა. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, სწორედ ის ხელმძღვანელობდა 2013 წლის 30 ნოემბრის ღამით სტუდენტების პირველ სასტიკ დარბევას, რის შედეგადაც დემონსტრანტების რაოდენობამ კიევის ცენტრში ერთი-ორად იმატა. თავად კუსიუკმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ხალხის ცემის ბრძანება გაეცეს.

კუსიუკის როლი „ზეციური ასეულის“ დახოცვაში

როგორც 2014 წელს ამტკიცებდა გენადი მოსკალი, იმხანად უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი (მოგვიანებით ლუგანსკისა და კარპატისპირეთის საოლქო ადმინისტრაციების თავმჯდომარე), სწორედ კუსიუკმა ჩაიტანა კიევიდან ყირიმში ის იარაღი, რომლითაც „ბერკუტის“ რაზმის მებრძოლები ესროდნენ დემონსტრანტებს კიევის ცენტრში „ზეციური ასეულის“ დახვრეტის დღეს.

გრაფიტი წარწერით „კუსიუკი ნეხვია“, გრუშევსკის ქუჩის მახლობლად, კიევში, 2014 წლის თებერვალი
გრაფიტი წარწერით „კუსიუკი ნეხვია“, გრუშევსკის ქუჩის მახლობლად, კიევში, 2014 წლის თებერვალი

​ამის შემდეგ კუსიუკის შესახებ კარგა ხანს არაფერი იყო ცნობილი, ვიდრე ძებნილი პოლკოვნიკი, ორი წლის წინ რუსულ ტელეარხ „დოჟდის“ ჟურნალისტის, მარია კარპუხინას, ფოტოობიექტივში არ მოხვდა.

ფოტოზე გამოსახულ კუსიუკს ხელში უჭირავს რაცია, სახელურის შევრონზე კი რუსულად წერია СОБР, რაც ნიშნავს სწრაფი რეაგირების სპეციალურ ბრიგადას, რომელიც ამჟამად რუსეთის გვარდიის ერთ-ერთი ქვედანაყოფია.

საინტერესოა, რომ კუსიუკი არაა ყოფილი „ბერკუტის“ ერთადერთი მეთაური, რომელიც ალექსეი ნავალნის მომხრეების აქციაზე შეამჩნიეს 2017 წლის 12 ივნისს.

დაუდასტურებელი ცნობებით, აქციის დაშლის კიდევ ერთი მონაწილე იყო „ბერკუტის“ ყოფილი თანამშრომელი ლუგანსკიდან: pic.twitter.com/s4HtTuAVsH

„ბერკუტის“ მებრძოლების მონაწილეობას „მაიდნის“ აქტივისტების დაღუპვის საქმეში კიევის სვიატოშინის სასამართლო განიხილავს. ამ საქმეზე დაიკითხა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი.

2014 წლის ოქტომბერში უკრაინიდან გაიქცა „მაიდნის“ დახვრეტის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მეთაური, „ბერკუტის“ ე.წ. „შავი ასეულის“ მეთაური, დმიტრი სადოვნიკოვი.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შეუცვალა. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ სადოვნიკოვი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იმყოფება.

ბოლო ცნობებით, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში გამართულ ანტიკორუფციულ აქციებზე 1600 კაცზე მეტი დააკავეს. ამ ვიდეოს ნახვით შეგიძლიათ შეადაროთ, თუ როგორ მოქმედებდა პოლიცია მომიტინგეთა დაკავების დროს კიევში 2012 წლის შემოდგომაზე და შემდეგ - 2017 წლის ზაფხულში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG