Accessibility links

"ბერლინალე". 5 დღიური - 1. “დავეხმაროთ სუსტებს!”


თებერვალი წელიწადის საუკეთესო თვეა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის. უკვე ძალიან რეალურია შანსი დასრულდეს ზამთარი და დაიწყოს ახალი ცხოვრება. ამიტომ ვერასდროს გავუგებ იმ ხალხს, ვისაც ბერლინის კინოფესტივალის ხსენებაზე სახე უცნაურად მოეღრიცება ხოლმე. “გაყინულ ბერლინში, ყველგან ორპირი ქარი რომ უბერავს, ძაღლს რომ არ გაუშვებ გარეთ, კინოში სიარულისგან როგორ უნდა მიიღო სიამოვნება?..” - არაერთხელ უკითხავთ ჩემთვის.

რამდენიმე წელია, აქ სულაც არ ცივა თებერვალში. რაც ძალიანაც მომწონს და სულაც არ ვიხსენებ ნოსტალგიით ჩემს პირველ ფესტივალს, რომელიც თოვლით დაფარულ, ახლად გაერთიანებულ ქალაქში ჩატარდა.

1991 წელს მე და ჟურნალ “ოგონიოკის” (იმხანად ძალიან პროგრესულის) კინომიმომხილველი დიმიტრი პოპოვი ერთად ჩავედით მოსკოვიდან ბერლინში ისე, რომ ჯიბეში არც ერთი მარკა არ გვქონდა. ფესტივალი გვაძლევდა ჯიბის ფულს, თუმცა ვინაიდან “ბერლინალეს” მაშინდელ დირექციას ვერ წარმოედგინა, რომ ამხელა ქვეყნიდან ამხელა ქვეყანაში ორი ზრდასრული ადამიანი “უმარკოდ” კი არა, მთლად “უფენინგოდ” იმოგზაურებდა, აეროპორტში არავინ დაგვხვდა და ჩვენც უბილეთოდ მოვახერხეთ ფესტივალის ოფისამდე ავტობუსით მისვლა.

აეროპორტის ავტობუსში ვუთხარი პოპოვს, არ დაგავიწყდეს უკანა გზის ფული დავიტოვოთ-მეთქი და გაოცებული სახე მიიღო: “რაო? შენ დაბრუნებას აპირებ? გაგიჟებულხარ!”

1991 წლის თებერვალში ძალიან ადვილი იყო დარჩენა. გამოცხადდებოდი პოლიციაში, ეტყოდი, რომ აღარ გინდა საბჭოთა კავშირი და ეგრევე დაგტოვებდნენ. დიმა იმავე ღამეს, როგორც კი ჯიბის ფული მისცეს, ჩაჯდა მატარებელში და მიუნხენში გაემგზავრა, საიდანაც ჯერ კიდევ მაუწყებლობდა “რადიო თავისუფლება”... როგორც ჩანს, წინასწარ მოლაპარაკებული იყო, რომ იქ დაიწყებდა მუშაობას

ამ ისტორიაში სასაცილო ისაა, რომ პოპოვი გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ რადიოში აღარ მუშაობს. მე - საქართველოს მოქალაქე და “რადიო თავისუფლების” თანამშრომელი.

საქართველოდან ევროპასა თუ ამერიკაში გადაბარგების სურვილი, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, არასდროს მქონია. როგორც ჟულიეტ ბინოშის გმირი ამბობს ფილმში “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” (ბინოშზე ბოლო დღიურში გიამბობთ. ჟულიეტი დაგვირგვინება უნდა იყოს!): “მე სუსტი ვარ და მინდა ვიცხოვრო იქ, სადაც ცხოვრობენ ჩემნაირი სუსტი ადამიანები”.

მაგრამ სისუსტე და პატრიოტიზმი იქით იყოს. რამდენიმე დღეში “ბერლინალეს” მაშინდელი დირექტორი, სხვათა შორის ჰოლანდიის მოქალაქე მორიც დე ჰადელნი, სასტუმროში გვეახლა საუზმეზე ჯერ კიდევ საბჭოთა მოქალაქეებს. გვითხრა, რომ ბერლინის კინოფესტივალს თავისებური ღვაწლი მიუძღვის გერმანიის გაერთიანებაში, რადგან ტოტალიტარული სისტემების ნგრევა და ამავე დროს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაახლოების იდეა დასავლეთ ბერლინის კინოფესტივალის მთავარი იდეა იყო ჯერ კიდევ 1951 წელს, როცა აქ პირველი “ბერლინალე” ჩატარდა. ისიც გაგვახსენა, რომ საბჭოთა ბლოკის ქვეყნები 70-იანი წლების მეორე ნახევრამდე ბოიკოტს უცხადებდნენ “ბერლინალეს”, ხოლო მაშინ, როცა აქ მაიკლ ჩიმინოს “ირმებზე ნადირობის” პრემიერა გაიმართა, პროტესტის ნიშნად კინაღამ საერთოდ ჩაშალეს ბერლინის კინოფორუმი.

ამეებს გვეუბნებოდა და ჩვენ, უფეშენებელურეს სასტუმროში მცხოვრებ ზინტლიან ჯერ კიდევ საბჭოელებს გული გვისკდებოდა ჯიბეებიდან არ ამოყრილიყო მუქთა საუზმის “შვედური მაგიდიდან” შეგროვებული გემრიელი რაღაც-რუღაცები, რომლებსაც მთელი დღის მანძილზე ვანაწილებდით საბჭოეთიდან წამოღებულ “მინუტკაში” მოდუღებულ ყავასთან ერთად (ერთხელ ჩემმა “მინუტკამ” ისე დაიქუხა, რომ სასტუმროს ელექტროგაყვანილობა მთლიანად მწყობრიდან გამოიყვანა).

“პოპოვი სადაა, სად გაუჩინარდა? მე მითხრეს, რომ მიუნხენში წავიდა”, - მოულოდნელად მე მომმართა დეჰადელნმა.

გული ამიჩქარდა, ვიფიქრე ისტერიკა ეწყება, მაგრამ არა, არც დაელოდა ჩემს პასუხს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დიმა პაპოვისა არ იყოს, მორიც დე ჰადლენსაც უკვირდა, რომ ზინტლიანი კინოკრიტიკოსები გერმანიაში დარჩენას არ ვაპირებდით.

იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგი კაცი იყო. და ძალიან, ძალიან უსამართლოდ გაუშვეს. 2001 წელს, როცა დეჰადელმა დაასრულა ბერლინის ფესტივალის კომპლექსის მშენებლობა პოტსტამის მოედანზე, “ბერლინალეს” სამეურვეო საბჭომ გამოუცხადა, რომ ხსნიან თანამდებობიდან. უკმაყოფილების მიზეზთა შორის იყო გერმანული კინოს სუსტი პოპულარიზაცია და ჰოლივუდის სიჭარბე ბერლინის ფესტივალის პროგრამებში. თავისი უკანასკნელი ფესტივალის პროგრამას როცა ადგენდა, მორიცმა უკვე იცოდა, რომ "ბერლინალე" უნდა დაეტოვებინა. ეს ის წელია, როცა კონკურსში პატრის შეროს “ინტიმი” ჩართეს - რადიკალურზე რადიკალური ეროტიკა, რომელსაც პორნომდე არც არაფერი უკლია, ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დრამა სექსუალური ვნების დაუმორჩილებლობაზე. სეანსის მსვლელობის დროს ისმოდა უკმაყოფილო შეძახილები დარბაზში, თუმცა მორიც დე ჰადელნსაც ეს უნდოდა - ხმაურით წასვლა უნდოდა; “ინტიმი” ფესტივალის “ოქროს დათვით” დაჯილდოვდა.

ამის შემდეგ ფესტივალის დირექტორი გახდა კაცი, რომელსაც “ბერლინალეს” ძველმა გვარდიამ “მიკი-მაუსი” შეარქვა - დიტერ კოსლიკი, იმ დროს უკვე წარმატებული შოუმენი, რომელიც სამეურვეო საბჭოს დაჰპირდა, რომ "ბერლინალე" მაყურებელსაც დაიბრუნებდა და გერმანული კინოს მიმართ ნდობასაც... 18 წელი ხელმძღვანელობდა ეს კაცი ბერლინის ფესტივალს და ყოველწლიურად ეცემოდა და ეცემოდა მისი დონე. თუკი 70-80-იან წლებში ბერლინის ფესტივალი ახერხებდა დაეცვა ბალანსი სოციალურად მძაფრ კინოსა და “კარგ კინოს” შორის, კოსლიკმა საერთოდ აურია ყველანაირი; ვეღარ გაიგებდი, რა განსაზღვრავდა ბერლინის ფესტივალის სახეს - პოლიტიკური სიმწვავე? “საავტორო კინოს” უპირატესობა? ახალი ქვეყნების და ახალი სახელების აღმოჩენა? მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, "ბერლინალეს" კინოსეანსებს მაყურებელი არ აკლდა (ხალხი აქ წლიდან წლამდე ელოდება ფესტივალის დაწყებას), ბერლინის კინოფორუმის კონკურსში ხვდებოდნენ სუსტი ფილმები, რომლებიც არანაირ ამინდს არ ქმნიდნენ კინოპროცესებში

მიუხედავად ამისა კოსლიკმა 18 წელი გაძლო. წელს მისი ბოლო “ბერლინალეა”. ფესტივალის მრჩეველთა საბჭომ არა თუ არ გაუგრძელა კონტრაქტი, არამედ გაიზიარა გერმანელი კინემატოგრაფისტების წუხილი, რომელიც მათ შარშან გამოქვეყნებულ ღია წერილში გამოხატეს - ბერლინის ფესტივალი კარგავს ავტორიტეტსო, ამტკიცებდნენ ისინი და დირექტორის შეცვლას მოითხოვდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი ხელმომწერის, ფატიხ აკინის ახალი ფილმი წლევანდელი "ბერლინალეს" კონკურსშია ჩართული.

ამის შემდეგ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, კოსლიკმა “ეტყობა “დაიკიდა ყველაფერი”; ფესტივალი 7 თებერვალს გაიხსნა, მაგრამ ჯერჯერობით პროგრამაში ჭარბობს ცუდი და ძალიან ცუდი ფილმები (ერთის გამოკლებით). ისიც სიმბოლურია, რომ წლევანდელი “ბერლინალე” გაიხსნა ფილმით, რომლის ავტორი, დანიელი რეჟისორი ლონე შერფიგნი მსოფლიომ სწორედ კოსლიკის პირველ ფესტივალზე გაიცნო (“იტალიური დამწყებებისთვის” მაშინ ბერლინის კინოფორუმის “ვერცხლის დათვით” დაჯილდოვდა). ფილმის სათაურიც მრავალმნიშვნელოვანია - “უცნობი ხალხის სიკეთე”. რა ვიცი, მე პირადად მეცინება ამ სათაურზე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ჟანრს შეესაბამება - ოდესღაც თამამმა და შეუპოვარმა რეჟისორმა ახლა თანამედროვე ზღაპარი გადაიღო, კორპროდუქცია, რომლის მოქმედება ნიუ-იორკში ხდება.

ეგაა, რომ ფილმის სათაური ძალიან უხდება “ბერლინალეს” დევიზს “დავეხმაროთ სუსტებს!” წლების წინ ბერლინის ფესტივალის პროგრამებში ეს დევიზი სულაც არ იყო მთავარი. მაგრამ დრო გავიდა და დარჩა მხოლოდ დევიზი, რომლის მიმართ ირონიას უკვე, მგონი, თავად “ბერლინალეს” ადმინისტრაციაში არ მალავენ. მაგრამ რა ქნან? სხვა რა მოიგონონ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG