Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესს გაზის ტარიფი ეზრდება


საქართველოში ბუნებრივი აირის ბირჟა არ არსებობს და კომერციული სექტორისთვის ტარიფი პირდაპირი კონტრაქტების საფუძველზე დგინდება, რომელიც საჯარო არ არის (საილუსტრაციო ფოტო).
საქართველოში ბუნებრივი აირის ბირჟა არ არსებობს და კომერციული სექტორისთვის ტარიფი პირდაპირი კონტრაქტების საფუძველზე დგინდება, რომელიც საჯარო არ არის (საილუსტრაციო ფოტო).

იანვრიდან ბიზნესს გაზის საფასური გაეზრდება. ტარიფის მომატების შესახებ ინფორმაცია ჯერ „სოკარ ჯორჯია გაზმა” გაავრცელა, რომელიც რეგიონების გაზმომარაგებას უზრუნველყოფს, შემდეგ კი - „თბილისი ენერჯიმ”. 

თბილისის შემთხვევაში კომერციული ტარიფი [კერძო და საჯარო იურიდიული პირებისთვის] 5 თეთრით ძვირდება და დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით (დღგ) 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 1.29 თეთრი იქნება. „სოკარის“ შემთხვევაში კი გაზი 4 თეთრით, 1.29 თეთრამდე ძვირდება.

რატომ იზრდება გაზის ტარიფი?

„თბილისი ენერჯი” აცხადებს, რომ იძულებულია 20 ათასამდე მომხმარებელს გაზი გაუძვიროს, რადგან თავად მიმწოდებელმა [მის შემთხვევაში „სოკარმა”] გაზარდა შესასყიდ გაზზე ფასი.

„თბილისი ენერჯის” კომერციული დირექტორი ედიშერ ხორავა გვეუბნება, რომ ფასს განსაზღვრავს ერთი მხრივ მიმწოდებელი, ხოლო მეორე მხრივ - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით. ამ შემთხვევაში გაძვირება სრულად უკავშირდება იმპორტირებულ გაზზე ფასის ზრდას.

„რატომ გაზარდა მიმწოდებელმა ბუნებრივი გაზის ფასი, ჩვენთვის უცნობია. გვაცნობა, რომ შესასყიდი გაზის ფასი 2024 წლის პირველი იანვრიდან გვეზრდებოდა. ეს კომპანიის მხრიდან იძულებითი ნაბიჯია და ამ ნაზარდის ტარიფში გადატანა უწევს, რათა კომპანიამ არ იზარალოს”, - ამბობს ის.

უცნობია, რამდენ ხანს დარჩება იანვრიდან გაზრდილი ტარიფი. „ეს დამოკიდებულია იმაზე, მომავალში მომწოდებელი ფასს როდის და როგორ დააკორექტირებს”. საქართველოში ბუნებრივი აირის ბირჟა არ არსებობს და კომერციული სექტორისთვის ტარიფი პირდაპირი კონტრაქტების საფუძველზე დგინდება, რომელიც საჯარო არ არის.

ამ ეტაპზე არ იცვლება საყოფაცხოვრებო, ანუ მოსახლეობისთვის მისაწოდებელი გაზის ტარიფი და, როგორც „თბილისი ენერჯის” წარმომადგენელი გვეუბნება, მიმწოდებელმა მხოლოდ ბიზნესის ნაწილში გაზარდა ფასი. მოსახლეობისთვის დადგენილ გაზის ტარიფში ნებისმიერი ცვლილება სემეკის თანხმობით ხდება და ამას რომელიმე კომპანია მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით ვერ შეძლებს.

„სოკარ ჯორჯია გაზში” კომენტარზე უარი გვითხრეს.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ტარიფის მატება პურის მწარმოებელ კომპანიებს არ შეეხებათ: „შეგვიძლია მკაფიოდ ვუთხრათ მოსახლეობას, რომ კომერციული გაზის ტარიფის ცვლილების გამო პურზე ფასი არ გაიზრდება, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს“.

თავად არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ფასის ზრდას დავითაშვილი მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივ აირზე ფასის ზრდას უკავშირებს.

„კონკრეტული სტრატეგიული ობიექტებისთვის პრეფერენცირებული პირობების შენარჩუნებაზე, დიალოგი გვაქვს “სოკართან”, რომელიც ქვეყანაში გაზის მთავარი მომწოდებელია. ის ითვალისწინებს მნიშვნელობას ამ სექტორის და ამიტომ განსხვავებული პირობებით სთავაზობს გაზის ტარიფს. შეთანხმება გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს ისევ ძალაში დარჩება. ტარიფი ზედმეტი წნეხი პურის საცხობი კომპანიებისთვის არ უნდა იყოს. არის შეთანხმება, რომ პურის მცხობელ მსხვილ კომპანიებს განსაკუთრებული პირობები აქვთ. არც სხვა წინაპირობები გვაქვს პურის ფასის გაზრდის, მათ შორის, არც გაზის ფასიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე შევაფასეთ ინფლაციაზე ეფექტი და უმნიშვნელოა”, - ამბობს დავითაშვილი.

როგორ დგინდება ბიზნესის გაზის ტარიფი?

ბიზნესის ტარიფს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანება განსაზღვრავს. ამ ბრძანებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისგან განსხვავებით, ტარიფი დერეგულირებულია და მის ზრდა/კლება სემეკთან შეთანხმებით არ ხდება. გაზის მიმწოდებელ კომპანიებს მხოლოდ ვალდებულება აქვთ, ტარიფის ცვლილების შესახებ ერთი თვით ადრე აცნობონ აბონენტებს. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მიიჩნევდა, რომ თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფსაც ისინი დაადგენენ, პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.

„დღეს კომერციული სექტორისთვის ენერგოკომპანიები თვითონ ადგენენ ტარიფებს, ერთი მხრივ, არ გააჩნიათ ღიაობის და გამჭვირვალობის ვალდებულება, მეორე მხრივ კი, ეს მათი კომერციული საიდუმლოებაა. შესაბამისად, მომხმარებელმა არ იცის, რა შედის გაზის საფასურში ანუ როგორია ტარიფის სტრუქტურა”, - აცხადებდა ნარმანია BMG-თან.

გაზის მოხმარება

გაზი ყველაზე ფართოდ მოხმარებული ენერგიაა ქვეყანაში. საქართველო თითქმის სრულად იმპორტირებულ გაზს მოიხმარს, რადგან ადგილობრივი წარმოება უმნიშვნელოა. 2022 წელს ადგილობრივად მოპოვებული გაზის წილი მთლიან მოხმარებაში 1%-ც არ იყო.

ქვეყანას გაზის ორი ძირითადი მიმწოდებელი ჰყავს: რუსეთი და აზერბაიჯანი. გასული წლის მონაცემებით, მოხმარებული გაზის 80%-ზე მეტი აზერბაიჯანზე მოდიოდა, თუმცა წელს დიდი ალბათობით ეს ვითარება შეიცვლება, რადგან საქართველომ გააორმაგა გაზის იმპორტი რუსეთიდან, ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტი შემცირდა (2023 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით).

2023 წლის აგვისტოს ჩათვლით ქვეყანამ გაზის მოხმარება თითქმის 5%-ით, 2.1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა. გაზის მოხმარების ზრდა მეტწილად თბოსადგურებს უკავშირდება, რადგან ისინიც იმპორტირებულ გაზზე მუშაობენ და წელს დენის იმპორტის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ აქტიურად ამუშავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG