Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ბინძური საწვავის” ციებ-ცხელება. პუტინის ომი პლანეტას გადახურებით ემუქრება


20 ნოემბერს ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში კლიმატის ცვლილების 27-ე სამიტი დასრულდა. გაეროს წევრი 195 ქვეყანა ვერ შეთანხმდა მთავარზე - უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე, რომელიც პლანეტას გადახურებით ემუქრება.

ყველა “სიკეთესთან” ერთად, პუტინის ომმა უკრაინაში გლობალური დათბობის შეჩერება კიდევ უფრო გაართულა.

პლანეტა რეანიმაციაში

“პლანეტა კვლავ რეანიმაციაშია. ემისიები საგრძნობლად უნდა შევამციროთ, ამის შესახებ კი სამიტზე არაფერი გვითქვამს”, - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა სამიტის დასრულების შემდეგ.

დელეგატები საბოლოო რეზოლუციის ტექსტზე დიდხანს ვერ თანხმდებოდნენ. ბოლოს ერთი სადავო საკითხი გადაიჭრა - მდიდარმა ქვეყნებმა ითავეს, შექმნან ფონდი კლიმატური კატასტროფებით დაზარალებული ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად.

მაგრამ მეორე, ბევრის აზრით, გაცილებით მნიშვნელოვან საკითხს არაფერი ეშველა. რეზოლუციის ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები, რომ კაცობრიობა აპირებს ეტაპობრივად თქვას უარი ე.წ. წიაღისეულ საწვავზე. ანუ ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი ჩაანაცვლოს “სუფთა ენერგიით”.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

წიაღისეული საწვავის მოპოვება და წვა გამოყოფს ნახშირორჟანგს, მეთანს და სხვა სათბურის აირებს. სათბურის აირები ატმოსფეროში გროვდება, დედამიწის წასულ სითბოს ირეკლავს და ისევ პლანეტაზე აბრუნებს.

ბოლო 200 წლის მანძილზე, ანუ ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მოცულობა 50%-ით გაიზარდა, მსოფლიოში საშუალო ყოველწლიური ტემპერატურა კი 1.1 გრადუსით.

2015 წელს, პარიზში ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ამ საუკუნეში არ დაუშვებენ საშუალო ყოველწლიური ტემპერატურის ზრდას 1.5 გრადუსზე მეტად. თუმცა უკვე 7 წელია, ვერ თანხმდებიან, ამას როგორ მიაღწევენ.

“თუ არ ავჩქარდებით, ამჟამინდელი ტრაექტორია 2.4 გრადუსზე აგვიყვანს. ეს დაუშვებელია”, - თქვა სამიტის ბოლოს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანც ტიმერმანსმა.

რას დაგვმართებს კლიმატის ცვლილება?

ტემპერატურის ზრდა კლიმატის ცვლილებას იწვევს. ანუ სეზონური ტემპერატურების, ნალექების რაოდენობისა და ქარის მიმართულების ცვლილებას. მეცნიერების თქმით, ეს უფრო მეტ სტიქიურ უბედურებას ნიშნავს.

მაგალითად, აშშ-ში გამოითვალეს, რომ წინა საუკუნის 80-იან წლებთან შედარებით, ყოველწლიური სტიქიური უბედურებების რიცხვმა 3-დან 13-მდე იმატა. ევროპაში წელს სარეკორდოდ მაღალი სიცხე და გვალვა იყო. მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში ათობით ათასი ჰექტარი ტყე განადგურდა. აფრიკაში გვალვები შიმშილით 22 მილიონ ადამიანს ემუქრება. პაკისტანში კი პირიქით - ივნისის დასაწყისში დაწყებულმა წვიმებმა ქვეყნის თითქმის მესამედი დატბორა.

მეცნიერები გვაფრთხილებენ - თუ არაფერი შეიცვალა და დედამიწამ გადახურება გააგრძელა, მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გახშირდება გვალვები, წარღვნები, ღვარცოფები. გადნება მყინვარები და აიწევს ზღვებისა და ოკეანეების დონე. შედეგად, არაერთი განვითარებადი ქვეყანა-კუნძული, მაგალითად, მალდივები, ვანუატუ და ტუვალუ შეიძლება მთლიანად დაიტბოროს.

დათბობა საფრთხეს უქმნის დედამიწაზე მცხოვრებ სხვა ცოცხალ ორგანიზმებსაც. შვედეთის გოტენბურგის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, სულ ცოტა, 550 სახეობა შეიძლება დაიღუპოს.

რატომ ვერ შეთანხმდნენ?

გამოცემა “გარდიანი” წერს, რომ უფრო მკაცრ რეზოლუციას ეწინააღმდეგებოდნენ ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები, მაგალითად, საუდის არაბეთი და რუსეთი. მათ გარდა კი, მსოფლიოს უპირობო ლიდერი ნახშირორჟანგის გამოყოფაში - ჩინეთი. მასზე 2021 წელს 15,38 მილიარდი ტონა CO2 მოდიოდა, მსოფლიოში გამოყოფილი ნახშირორჟანგის 27.45%.

არის სხვა ნიუანსებიც. ჯერ კიდევ ივნისში, კვლევითმა ორგანიზაცია Climate Action Tracker-მა დაწერა, რომ რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა და ევროკავშირის გაზით დაშანტაჟება დაიწყო, ევროპული ქვეყნები სწრაფად ცდილობენ ალტერნატივების პოვნას და აღარ სცხელათ მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად. წიაღისეული საწვავის მოპოვება უკვე გაზარდეს კანადამ, აშშ-მა, ნორვეგიამ, ფინეთმა, ესტონეთმა და იაპონიამ.


“მალე გავხდებით “ოქროს-ციებ ცხელების მომსწრეები”, - ამბობს ნიკლას ჰონე, Climate Action Tracker-ის წარმომადგენელი. “წიაღისეული გაზის მოპოვება, გაზსადენებისა და თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალების მშენებლობა გამოგვკეტავს ნახშირორჟანგით მდიდარ კიდევ ერთ ათწლეულში”.

უკრაინაში მიმდინარე ომი პლანეტას გადახურებაში უშუალოდაც “ეხმარება”. შარმ ელ-შეიხში სამიტზე, უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკვე 33 მილიონი ტონა სათბურის აირი გამოიყო. შედარებისთვის, 2021 წელს საქართველოზე სულ 20 მილიონი ტონა მოდიოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG