Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტიდან დაფინანსებული მოხსენებები პიარისა და მუსიკის კავშირებზე


“აღნიშნული პრეზენტაციების შინაარსს მთავრობის აპარატის საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ფაქტობრივად ვერ დასტურდება კონკრეტულად რა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იქნა მივლინებული მთავარი სპეციალისტი” - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის სარეზერვო ფონდის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას შეეხება.

აუდიტის სამსახურის ეს შენიშვნა აფხაზეთის მთავრობის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის საზღვარგარეთ მივლინებებს ეხება.

2017 წელს ეს საჯარო მოხელე 2 კონფერენციას დაესწრო. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მან წაიკითხა მოხსენება :„საზოგადოებასთან ურთიერთობა და სახალხო მუსიკის სტილი შეერთებულ შტატებში“, იორანიაში, ქალაქ ელ-მაფრაკში კი მისი პრეზენტაციის თემა იყო: „პიარი და თანამედროვე მუსიკა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი“.

აუდიტის ანგარიში ამობს, რომ ორივე მივლინებისას მთავრობის აპარატმა ბიუჯეტის სახსრები, ჯამში 2350 ლარი კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ დახარჯა.

“მიუხედავად იმისა, რომ თემა პირდაპირ კავშირში არ არის აფხაზეთის მთავრობის საქმიანობასთან და პოლიტიკასთან, ამგვარი კონფერენციები მნიშვნელოვანია აფხაზეთიდან დევნილების სამეცნიერო წრეებთან კომუნიკაციისთვის და რაც მეტ საერთაშორისო ფორუმსა და კონფერენციაზე გაჟღერდება მათი ხმა, მით უკეთესია აღიარების პოლიტიკისთვის.” - პასუხობს რადიო თავისუფლებას აფხაზეთის მთავრობის იურისტი, ნოდარ ჯალაღონია, რომელიც აზუსტებს, რომ ორივე კონფერენციაზე მათი თანამშრომელი კონფერენციების ორგანიზატორებმა ოფიციალურად მოიწვიეს.

ასეთ შეკრებებში აფხაზეთის მთავრობის წევრების მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ აფხაზ მეცნიერებთან და ფართო საზოგადოებასთან შეხვედრის შესაძლებლობას აძლევს და ხელს უწყობს აღიარების პოლიტიკის წარმოებას - თვლიან აფხაზეთის მთავრობაში.

2017 წელს აფხაზეთის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან მივლინებზე თითქმის 35 ათასი ლარი დახარჯა, მათ შორის, 7000 ლარი ქვეყნის შიგნით, და ის 28 000 ლარამდე კი − ქვეყნის გარეთ. ეს თანხა მუსიკის შესახებ მოხსენებებისთვის წასული სპეციალისტის ვიზიტების გარდა მოიცავს მთავრობის თავმჯდომარის 4 ვიზიტს ჟენევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG