Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოსახლეობის აზრის შემოტრიალება ძირეულად, რომ 23% გააორმაგონ, დემოკრატიული არჩევნებით ძალიან გაჭირდება"


ბიძინა ლებანიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
ბიძინა ლებანიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, იენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი, ბიძინა ლებანიძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ მოკლევადიან მიზანზე გათვლილ პრაგმატულ თამაშს თამაშობს. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ გარკვეული გათვლის საფუძველზე ხელისუფლებამ თავისთვის საზიანოდ ჩათვალა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, გაცილებით დამაზიანებლად, ვიდრე დაპირების შეუსრულებლობა იქნებო და მიიღო კიდეც გადაწყვეტილება:

„ამიტომ, წავიდნენ ვა ბანკზე - დატოვეს საარჩევნო სისტემა და უყურებენ საზოგადოების რეაქციას. თუ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის და გაატარებს საზოგადოება ამ ნაბიჯს, მაშინ ჩაატარებენ დღევანდელი სისტემით. თუ მოჰყვება ამას კრიზისი, კრიტიკული მასის გამოსვლა, მაშინ შეიძლება წამოვიდნენ დათმობაზე“.

პოლიტიკის მკვლევარი თვლის, რომ საქართველოში არსებული პოლარიზაციის პირობებში არჩევნებში დამარცხება მეტია, ვიდრე უბრალოდ წაგება:

„პოლიტიკური კლასის კულტურა ასე ჩამოყალიბდა, რომ როცა ერთი ძალა მოდის ხელისუფლებაში, აღარ უნდა ხელიდან გაშვება. ესეც პოლარიზაციის ნიშანია, რომ არჩევნების წაგება არ არის მხოლოდ არჩევნების წაგება - მმართველი ძალა ან ქრება ან განიცდის რეპრესიებს. ქართულ რეალობაში წაგება მეტია, ვიდრე წაგება და ესეც პოლარიზაციის შედეგია. შესაძლოა, პროპორციულ სისტემაში არ იყოს ასეთი რადიკალური პოლიტიკური თამაში.

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ, გარკვეული თვალსაზრისით, მოსახლეობამ გაასწრო პოლიტიკურ ელიტას პოლიტიკური აზროვნების ჭრილში. ჯერ ერთი, წამოვიდა მთელი რიგი ახალი მოძრაობები, ძირითადად ახალგაზრდობის, სხვადასხვა თემებზე, რომლებიც არ არიან მაინცდამაინც პოლიტიკურად აჟიტირებული.

მოსახლეობას აქვს გაცილებით მომწიფებული მოთხოვნები პოლიტიკური დინამიკის მხრივ, ვიდრე პარტიებს. იგივე ის, რომ მოსახლეობას სურს კოალიციური მთავრობის ხილვა, უფრო კონსნესუსზე დამყარებული პოლიტიკური პროცესების ხილვა, ახალი სახეების ხილვა პოლიტიკაში. ესაა სწორი განვითარების დინამიკა, მაგრამა მას ხელს ვერ უწყობს ვერც მთავრობა და ვერც ოპოზიცია“.

მთავარი კითხვა - რა გაარღვევდა 30-წლიან ჯადოსნურ წრეს, სადაც ერთპარტიული მმართველობის ათწლიანი ფაზები ენაცვლება ერთმანეთს? ბიძინა ლებანიძის თქმით, „ქართულ კონტექსტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იქნებოდა სწორედ გამოსავალი“.

ყველაფრის გარდა, პროპორციული სისტემით მიღებული შედეგები აიძულებდა პარტიებს ერთმანეთთან თანამშრომლობას:

„კოჰაბიტაცია არ აღიქმება ხშირად დადებით სიტყვად ქართულ რეალობაში, მაგრამ დემოკრატიაში საჭიროა თანამშრომლობა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის“.

ბიძინა ლებანიძე ლაპარაკობს დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებულ კანონზომიერებაზე:

„ქართულ პოლიტიკაში ერთი დაუწერელი კანონი არსებობს, რომ ხელისუფლებები იცვლებიან ორი ვადის შემდეგ. საქართველოს მოსახლეობა ორ ვადაზე მეტს ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აჩერებს.

„ქართულ ოცნებას“ ორი ვადა გასდის გაისად, 2020-ში. მმართველ ძალას ალბათ ამ სცენარის პრევენციაც სურს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში მესამე ვადით და ალბათ სწორედ ამიტომ არის ის ნაკლებად კომპრომისული და პრინციპში, ძალიან პრაგმატულ თამაშს თამაშობს: სანამ არ იგრძნობენ საკმარის რეაქციას, ალბათ დათმობაზე არ წავლენ“.

„დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ წინასაარჩევნო წელს ხელისუფლებას რეალურად ძალიან გაუჭირდება ამომრჩევლის საჭიროებების რეალურად გათვალისწინება:

„მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა სოციალურ-ეკონომიკური პირობებით. IRI-ს ბოლო გამოკვლევაში პრობლემათა ჩამონათვალის პირველ ექვსეულში 5 სოციალური საკითხია. ამის ერთ წელიწადში შეცვლა ძალიან გაუჭირდებათ. მოსახლეობის აზრის შემოტრიალება ძირეულად, რომ 23% გააორმაგონ, დემოკრატიული არჩევნებით ძალიან გაჭირდება“.

ვინ იღებს პასუხისმგებლობას მრავალრიცხოვანი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წინაშე?

„პრაგმატულად თუ შევხედავთ, ეს არ არის ხელისუფლების პრობლემა. ეს ოპოზიციის პრობლემაა...

ნორმალურია, რომ ხელისუფლების რეიტინგი ეცემა მერვე წელიწადს, მაგრამ პრობლემა ისაა, ოპოზიცია რომ ვერ ახერხებს საპროტესტო ელექტორატის მობილიზებას.

გვყავს ძალიან დიდი ნიჰილისტურად განწყობილი მასა, რომელიც არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას უჭერს მხარს. ეს ხელს აძლევს მთავრობას, რადგან ის ყოველთვის იხეირებს, თუ მოსახლეობა არ მივა არჩევნებზე, ან არავის მისცემს ხმას. ეს ხელს არ აძლევს ოპოზიციას. ანუ, ეს არის ოპოზიციის ამოცანა, რომ როგორმე მოიზიდოს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“.

რამდენად სწორია ხელისუფლების მიდგომა, როცა ის ითვლის ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეების რაოდენობას?

„კი, დღეს შეიძლება ქუჩაში არ დგას საქართველოს მოსახლეობის 3,5%, მაგრამ რეალურად ეს მასა და უფრო მეტი ჩართულია პროცესებში თუნდაც იმით, რომ უკმაყოფილოა ხელისუფლების გადაწყვეტილებით და როდის გამოვა ქუჩაში, კაცმა არ იცის. ანუ, ხელისუფლება ასე მშვიდადაც ვერ იქნება. შეიძლება ძალიან დრამატულად შეიცვალოს ყველაფერი.

ასე მოხდა სხვათაშორის 2012 წელსაც. ბოლო ორ წელიწადში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და ბოლო ორ წელიწადში შეიცვალა ყველაფერი“.

გადმოწერა


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG