Accessibility links

site logo site logo

ბოლო ებრაელი ტოვებს ავღანეთს, თალიბანის შიშით უმცირესობები ქვეყნიდან გადიან  


ზაბულონ სიმანტოვი, ბოლო ებრაელი, რომელმაც ქაბული დატოვა, ტრადიციულ შოფარზე უკრავს ქაბულის სინაგოგაში. 2013 წელი

ებრაული თემი, რომელიც ერთ დროს ყვაოდა ავღანეთში, დღეს აღარ არსებობს: ბოლო ებრაელმა, ზაბლონ სიმინტოვმა ქაბული ამ თვეში დატოვა. თალიბების მიერ ძალაუფლების აღების შემდეგ რელიგიური უმცირესობების ათასობით წარმომადგენელი წავიდა ქვეყნიდან.  

ზაბლონ სიმინტოვს თავისი სამშობლოს - ავღანეთის - დატოვება არ სურდა. მიუხედავად განშორების სევდისა ოჯახთან, რომელიც ისრაელშია, ზაბლონმა გაუძლო სამოქალაქო ომს და ჩაგვრას თალიბანისგან 1996-2001 წლებში.

სიმინტოვი და მისი 29 მეზობელი გადაიყვანეს მეზობელ ქვეყანაში - ამის თაობაზე ცნობა AP-მ გაავრცელა. სიმინტოვის თანმხლები ავღანელები უმეტესად ქალები და ბავშვები იყვნენ.

სიმინტოვი ქაბულის დატოვებამდე ნახევრად დანგრეულ სინაგოგაში ცხოვრობდა. მარტში მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ თუ დასავლეთის ჯარების გასვლის შემდეგ თალიბანი დაიბრუნებდა ძალაუფლებას, ის ავღანეთს დატოვებდა.

„სექტემბერში ჩვენი მნიშვნელოვანი დღესასწაულების - როშ ჰაშანას და იომ-ქიფურის აღნიშვნის შემდეგ, ავღანეთს დავტოვებ“, თქვა მან მაშინ. „ძნელია დარჩენა. თუ თალიბები დაბრუნდებიან, ალიყურით გაგვაგდებენ“.

ბოლო ორი წლის განმავლობაში თალიბების გაძლიერებასთან ერთად, სიმინტოვის შეშფოთება ღრმავდებოდა, და ბოლოს დარწმუნდა, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა დარჩენილიყო ავღანეთში მანამ, სანამ ქოშერული საკვების მიღებას და ებრაულად ლოცვას შეძლებდა.

ზაბულონ სიმანტოვი ქაბულის ებრაულ სასაფლაოზე ლოცვის დროს. 2013 წელი
ზაბულონ სიმანტოვი ქაბულის ებრაულ სასაფლაოზე ლოცვის დროს. 2013 წელი

მას შემდეგ, რაც ცოლი და ორი შვილი ოცი წლის წინ ისრაელში გადასახლდნენ, ამბობდა ხოლმე, რომ ავღანეთში მისი ცხოვრება „ღვთის ნება“ იყო. პირველად მომავალმა 2018 წელს შეაშინა - მაშინ, როდესაც ვაშინგტონმა თალიბანთან მოლაპარაკება დაიწყო.

„სამშვიდობო მოლაპარაკება ხალხს აშფოთებს. თუ თალიბანი დაბრუნდა და ისევე მოიქცა, როგორც მათი მმართველობის დროს, 1990-იან წლებში, ეს იწვევს ხალხის შეშფოთებას“, - უთხრა მან 2019 წელს ბი-ბი-სის.

სიმინტოვი ერთადერთი არაა, ვინც ტოვებს სამშობლოს, სადაც 1990-იან წლებში ებრაული თემი 40 ათას წევრს ითვლიდა.

ძალიან შემცირდა ინდუისტების და სიქჰების უმცირესობა ავღანეთში. მათი რიცხვი 1980-იან წლებში 200 ათასს უდრიდა და ახლა კი მხოლოდ რამდენიმე ასეული ოჯახიღაა დარჩენილი.

შეიარაღებული პირები თავს ესხმოდნენ მათ ტაძრებს, ბევრი დახოცეს, დანაშაულებრივი ჯგუფები კი იტაცებდნენ მათ, გამოსასყიდის მიღების მიზნით. ავღანეთში ამ თემების წევრთა უმეტესობამ უკვე დატოვა ქვეყანა. იქ დარჩენილები ახლა აპირებენ შეუერთდნენ მათი თემის დევნილ წევრებს ინდოეთში.

ახლა გაჩნდა საფრთხე, რომ ზოგიერთი არამაჰმადიანი უმცირესობა ავღანეთში, რომელთა უმრავლესობა 1978 წელს კომუნისტური გადატრიალების და საბჭოთა არმიის შეჭრის შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან, შეიძლება საერთოდ გაქრეს ავღანეთში თალიბანის დაბრუნების შედეგად.

ავღანელი ინდუისტების და სიქჰების პატარა თემი ახალ წელს ზეიმობს.
ავღანელი ინდუისტების და სიქჰების პატარა თემი ახალ წელს ზეიმობს.

თალიბანი, ერთი მხრივ, შეეცადა გაექარწყლებინა არამაჰმადიანების შიში. თალიბები ესტუმრნენ სიქჰების ტაძრებს და თემის დარჩენილ წევრებს არწმუნებდნენ, რომ უსაფრთხოდ იქნებოდნენ.

„ისლამური საამირო სერიოზულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს ადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებების, ასევე გარიყული თემების დაცვის მიზნით ისლამის წმინდა რელიგიის ჩარჩოებში“, - იტყობინებოდა თალიბანის მეთაურობით მოქმედი მთავრობა 7 სექტემბერს.

უმცირესობების ამ სიტყვებით დარწმუნება ძნელია.

20 წლის სანდიპ სინგჰი ინდოეთში წლის დასაწყისში გადასახლდა. მან რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ თემი იყო სისტემატური დისკრიმინაციის და მუქარის სამიზნე ავღანეთში. ის იხსენებს, როცა სკოლაში დადიოდა ქაბულში, „მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც დამცინოდნენ, თმასა და ჩალმაზე მქაჩავდნენ“. სიქჰებს ჩვეულებრივ თმა დაფარული აქვთ ჩალმის ქვეშ.

17 წლის დურშაც სკოლაში ქაბულში დადიოდა და ისიც დაცინვის სამიზნე იყო გარეგნობის და ჩაცმულობის გამო.

სონი სინგჰი, ავღანელი სიქჰი, ქვეყნის დატოვების შემდეგ ინდოეთში გადასახლდა, ნიუ-დელიშია, მაგრამ, როგორც ამბობს, იქ ძნელია ინტეგრირება, თუმცა უკან დაბრუნება - შეუძლებელი.

ოჯახის წევრები გლოვობენ 2020 წლის 25 მარტს სიქჰების ტაძარზე „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის დროს დაღუპულებს.
ოჯახის წევრები გლოვობენ 2020 წლის 25 მარტს სიქჰების ტაძარზე „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის დროს დაღუპულებს.

გადამწყვეტი ცვლილება

რელიგიური უმცირესობები ავღანეთში დისკრიმინირებული იყვნენ ადრეც, თუმცა მათ უფლებებს ქვეყნის კონსტიტუცია იცავდა.

ახლა მათი არსებობა ბეწვზე ჰკიდია, რადგან თალიბანის მეთაურობით მოქმედი მთავრობა მხოლოდ სუნიტი სასულიერო პირებისგან შედგება.

2001 წელს, მათი რეჟიმის დაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა თალიბანის განცხადებას, რომ ქვეყანაში ყველა ინდუისტს უნდა ეტარებინა ყვითელი ნიშანი.

ისლამური სამართლის თალიბანისეული გაგება გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკაში.

„მანკიერებისა და სათნოების“ სამინისტროს შექმნა იმას მოასწავებს, რომ თალიბანი აპირებს ისლამური სამართლის პირდაპირ ინტერპრეტაციას მიმართოს.

ავღანელი სასულიერო პირები და ისლამის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ისლამში არამაჰმადიანების დისკრიმინაცია არ ხდება. რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს ქაბულელმა რელიგიათმცოდნემ, მუფტი ბილალ აჰმედ საფინმა, უთხრა, რომ ისლამის წარმოდგენით, არამაჰმადიანის „სიცოცხლე და საკუთრება უნდა იქნეს დაცული და მათ უნდა ჰქონდეთ ყველა უფლება, რომელიც ალაჰისგანაა მონიჭებული“.

ინდუისტების სალოცავი ქაბულში.
ინდუისტების სალოცავი ქაბულში.

1990-იანი წლების დასაწყისში, თალიბებმა და სხვა ისლამისტურმა ჯგუფებმა პირობა დადეს, რომ უმცირესობებს დაიცავენ, მაგრამ ინდუისტების და სიქჰების უმრავლესობა ავღანეთიდან გაიქცა.

აშშ-ის კომისიამ რელიგიური თავისუფლების შესახებ მსოფლიოში, მოუწოდა ავღანეთის რელიგიურ უმცირესობებს, დატოვონ ავღანეთი, რადგან თალიბანის მხრიდან მათი დევნის საფრთხე მაღალი იყო. კომისიის ხელმძღვანელმა, ნადინ მაენზამ, განაცხადა, რომ რადგან ავღანელები იძულებული არიან დატოვონ ქვეყანა აღმსარებლობის გამო, აშშ-მა, „განსაკუთრებით დაუცველებს თავშესაფარი უნდა მისცეს“.

კიდევ ერთმა სიქჰმა, სარდარ გურბაჩანმა ყველაფერი გააკეთა, ავღანეთში რომ დარჩენილიყო.

ღაზნიში ბიზნესის და საკუთრების დაკარგვის შემდეგ ქაბულში სიქჰების ტაძარში ცხოვრობდა წლების განმავლობაში.

მაგრამ მას მერე, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თავს დაესხნენ ტაძარს და 25 სიქჰი მოკლეს, მათ შორის მისი ცხრა ნათესავი, გურბაჩანმა გადაწყვიტა ინდოეთში გადასახლება.

„ჩემი თანამემამულე ავღანელები, როცა კი ტაქსიში ან ავტობუსით მიმგზავრია, მეკითხებოდნენ, ხომ ინდოეთიდან ხარო“... მიუხედავად იმისა, რომ ის ავღანეთის ორივე უდიდეს ენაზე, პუშტუსა და დარიზე თავისუფლად ლაპარაკობს, მაინც არ თვლიან ავღანელები, რომ ის მათიანია. „ის რომ, თავისუფლად ვლაპარაკობ პუშტუსა და დარიზე, არ აკმაყოფილებთ და არ მთვლიან თანასწორუფლებიან მოქალაქედ“, ამბობს სარდარ გურბაჩანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG