Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბომბი თვითმფრინავში: დოკუმენტები საბჭოთა უშიშროების არქივიდან


ტუ-154, 1986 წელი.
ტუ-154, 1986 წელი.

1988 წელს ოჯახური სკანდალებისგან გაბეზრებულმა მამაკაცმა ხალხით გაძეძგილი თვითმფრინავის აფეთქება სცადა. ტუ-154 კიევიდან კუიბიშევში მიფრინავდა.

სსრკ-ის არსებობის ბოლო ათწლეულში თვითმფრინავის გატაცების რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ 1988 წლის 17 აგვისტო, შესაძლებელია, განსაკუთრებული თარიღი გამხდარიყო. ამ დღეს აფეთქებას 168 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი გადაურჩა.

Current Time აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებიც უკრაინის უშიშროების კომიტეტის საიდუმლო არქივში ინახება.

პრესა, რომელიც ამ ფაქტის შესახებ წერდა
პრესა, რომელიც ამ ფაქტის შესახებ წერდა

1988 წლის ზაფხულის ღამეს კიევის გზებზე ნაცრისფერი „ჟიგული“ მიდიოდა. საჭესთან 50 წლამდე ასაკის ახოვანი მამაკაცი იჯდა. ქალაქიდან 15 კილომეტრში მანქანა გაჩერდა. მამაკაცი ჩანთით ხელში გადმოვიდა და ტყისკენ გაემართა. სიღრმეში შესულმა, ჩანთა გახსნა და რაღაც ნივთების გადაყრა დაიწყო, შემდეგ ისევ მანქანაში დაბრუნდა. გარკვეულიმანძილის გავლის შემდეგ ისევ ნივთების გადაყრას მიჰყო ხელი. პროცედურა გაიმეორა სამჯერ. შემდეგ მანქანა მოაბრუნა და შინისკენ გაეშურა.

საქმე სახელწოდებით „იუდა“, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა.
საქმე სახელწოდებით „იუდა“, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა.

მძღოლი, როგორც ჩანს, არ ეჭვობდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მას კვალში ხუთი მანქანა ედგა, მანქანებში მსხდომთათვის მამაკაცი „ობიექტი“ იყო, მეტსახელად „გრობოვი“.

უკანა გზაზე ერთ-ერთი მანქანა სამჯერ გაჩერდა. მგზავრებმა ფარნები აანთეს და გადაყრილი ნივთები ყურადღებით დაათვალიერეს. უმი ხორცისა და კარაქის დიდი ნაჭრები იყო. ხორცი კარგი ჩანდა, უძვლო, იმ წლებში ასეთ პროდუქტში ბაზარში სამმაგ ფასს იხდიდნენ.

უშიშროების ოპერატორებს ნანახი სულაც არ გჰკვირვებიათ - ვისაც ეძებდნენ, იპოვეს.

სხვა ბარგი

ერთი დღით ადრე, 17 აგვისტოს, კუიბიშევის (ახლანდელი სამარა) აეროპორტში კიევიდან ჩამოსული თვითმფრინავი დაეშვა. მგზავრებს შორის 46 წლის ლარისა გრიბი და მისი 15 წლის გოგონა იყვნენ. ლარისა დასთან, პოლინასთან, ჩამოვიდა სტუმრად. კიეველებს აეროპორტში პოლინას და, გალია, დახვდათ.

ლარისას ნათესავებთან 15 კილოგრამი სურსათი: ხორცი, კარაქი, ძეხვი და ყველი მიჰქონდა. ხალხი კუიბიშევში, ისევე როგორც ყველა იმ ქალაქში, რომელიც დედაქალაქი არ იყო, დეფიციტისგან იტანჯებოდა. საკვების შოვნა კიევში უფრო ადვილი იყო.

სახლში ქალებმა, პირველ რიგში, ბარგის ამოლაგება დაიწყეს, რომ პროდუქტები მაცივარში შეეწყოთ. დიდი მუყაოს ყუთი რომ გახსნა, ლარისა გაოცებული დარჩა: ხორცისა და კარაქის ნაცვლად იქ ლურსმნებით დაჭედილი ყუთი იდო. სურსათი გამგზავრების წინ მისმა ქმარმა ჩააწყო, მაგრამ ეს ყუთი ლარისას არ ახსოვდა; მით უფრო გაუგებარი იყო, რატომ დასჭირდა მისი ლურსმნებით დაჭედება. ლარისამ ხრახნი აიღო და ყუთის გახსნას შეუდგა.

დაახლოებით ამავე დროს კიევში, ბორისპოლის აეროპორტში, ზარი გაისმა. მამაკაცმა იკითხა, დაჯდა თუ არა თვითმფრინავი, რომელიც კუიბიშევში მიფრინავდა. ოპერატორმა ხმა იცნო, ცოტა ხნის წინ ამ ადამიანმა იმავე კითხვით დარეკა.

- დიახ, დაეშვა. ყველაფერი რიგზეა.

- დაეშვა? შეუძლებელია! ხომ მითხარით, არ დაშვებულაო? - ხმაში გაკვირვება და გაღიზიანება ისმოდა.

- როცა დარეკეთ, მაშინ ჯერ კიდევ მიფრინავდა, ახლა დაეშვა, - უპასუხა ოპერატორმა, ყურმილის დაკიდების შემდეგ კი თავისთვის ჩაილაპარაკა: „უცნაური ვინმეა“.

როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ყუთს სახურავი ახადეს, ყველა, ვინც კი სამზარეულოში იყო, გაქვავდა. ყუთის ძირში რაღაც გაუგებარი მოწყობილობა იდო: ბალონი, მავთულები, სითხით სავსე პარკები, პარალონი. მოწყობილობა საათივით წიკწიკებდა.

- ეს, რა, ბომბია? ამისთანა კინოში ვნახე, - აღმოხდა გალიას.

კინომ თუ ინტუიციამ გალიას უკარნახა, რა უნდა გაეკეთებინა. მან მოწყობილობას გარშემო შემოხვეული მავთულები გამოაძრო.

შოკიდან გამოსვლის შემდეგ ქალები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აეროპორტში ჩანთები აერიათ. გადაწყვიტეს ტაქსი გამოეძახათ, გაურკვეველი მოწყობილობა უკანვე წაეღოთ, შინ კი თავიანთი პროდუქტებით დაბრუნებულიყვნენ. ბომბი იყო ეს, თუ არა, ამას მილიცია გაარკვევდა.

არავითარი ხორცი და კარაქი აეროპორტში არ უპოვიათ - ამისთვის უკვე აღარავის ეცალა. მორიგე მილიციონერებმა მაშინვე უშიშროების სამსახურს გამოუძახეს.

ყუთის დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა თქვეს, რომ, სავარაუდოდ, მასში მართლაც ბომბი იდო. დრო იმ პერიოდზე იყო მითითებული, როდესაც თვითმფრინავი ბარგთან ერთად ცაში მიფრინავდა. თვითნაკეთი ელექტროდეტონატორი კი ამუშავდა, მაგრამ მოწყობილობა არ აფეთქდა. მაშინ ტექნიკოსებს ეგონათ, რომ ამას ხელი ჟანგბადის ნაკლებობამ შეუშალა.

სანიმუშო საბჭოთა მოქალაქე

პირველი ეჭვმიტანილი ლარისას ქმარი და ელენეს მამა, ვასილ გრიბი, იყო, რადგან ბარგი სწორედ მან ჩაალაგა.

ვასილ გრიბი
ვასილ გრიბი

მამაკაცის ბიოგრაფიაში საეჭვო ვერაფერი ნახეს, თითქმის სანიმუშო საბჭოთა მოქალაქე იყო. 50 წლის, ომის მონაწილე.ასწავლიდა კიევის საბრძოლო სამხედრო სასაწავლებელში. მსახურობდა უკიდურეს ჩრდილოეთში. დაჯილდოებული იყო მედლით „უმწიკვლო მსახურებისთვის“. გადამდგარი პოდპოლკოვნიკი კიევის ქარხანა „გენერატორში“ მუშაობდა. მას კარგად ახასიათებდნენ. არავითარი კავშირი „ანტისაბჭთა წარმონაქმნებთან“ არ ჰქონდა, ექიმების თქმით კი, ის ფსიქიკურადაც ჯანმრთელი იყო.

რაც შეეხება ოჯახს, გრიბები 24 წელი ერთად ცხოვრობდნენ და ორი გოგონა ჰყავდათ. ლარისა ამბობდა, რომ ქმართან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამასვე იმეორებდნენ უშიშროების სამსახურის წყაროები (აგენტები), რომლებიც მეზობლად ცხოვრობდნენ ან მათთან ერთად მუშაობდნენ.

სრულიად განსხვავებული რამ თქვა ლარისას ნაცნობმა, სამოქალაქო ავიაციის თანამშრომელმა ნ. სტაროვოიტოვამ (სწორედ მისი მეშვეობით იშოვა გრიბმა კუიბიშევის ბილეთები). მას გაგონილი ჰქონდა, რომ ამას წინათ გრიბების ოჯახში მომხდარი სერიოზული კონფლიქტი ლამის განქორწინებით დასრულდა. მიზეზი საყვარელი იყო, რომელიც თითქოსდა ლარისამ გაიჩინა.

უშიშროების სამსახურში მიაჩნდათ, რომ დამნაშავე, ვინც უნდა ყოფილიყო ის, მალე ნივთმტკიცებებისგან გათავისუფლებას შეეცდებოდა - კერძოდ, იმ პროდუქტებისგან, რომლებიც ლარისას უნდა წაეღო; ასევე ბომბის აწყობის შემდეგ მორჩენილი მასალისგანაც, რა თქმა უნდა, თუკი ეს ყველაფერი უკვე თავიდან მოშორებული არ ჰქონდა. ვასილ გრიბს თვალთვალი დაუწყეს, შემდეგ კი აიყვანეს.

დანაშაულებრივი სისულელე

ეჭვმიტანილმა ყველაფერი აღიარა. დიახ, ეს მან ჩადო ბომბი ჩანთაში, რადგან ცოლ-შვილისგან „გათავისუფლება“ უნდოდა.

„მე დანაშაულებრივი სისულელე ჩავიდინე და მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი. ცოლთან რთული ურთიერთობა მქონდა. ძალიან გავწვალდი და რაღაც მომენტში გადავწყვიტე ეს გამეკეთებინა, არ მიფიქრია შედეგად რა ტრაგედია მოჰყვებოდა“, - ამ სიტყვებით სრულდებოდა მისი გულწრფელი აღიარება.

ვასილ გრიბი, ფოტოები გადაღებული უშიშროების სამსახურის მიერ, ფარული კამერით, თვითმფრინავის გაფრენიდან მეორე დღეს.
ვასილ გრიბი, ფოტოები გადაღებული უშიშროების სამსახურის მიერ, ფარული კამერით, თვითმფრინავის გაფრენიდან მეორე დღეს.

როგორც შემდეგ გაირკვა, თითქმის ორასამდე სიცოცხლე მაღვიძარასა და ბატარეას შორის კონტაქტის მოშლამ გადაარჩინა. სწორედ ამის გამო არ ამოქმედდა ბომბი. ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ კონტაქტი, შესაძლოა, ძლიერი რყევების გამო მოიშალა, ან, შესაძლოა, მტვირთავებმა უხეშად შეყარეს ბარგი თვითმფრინავში.

სასამართლომ ვასილ გრიბს 13 წელი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ მის ბედზე უკვე აღარაფერია ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG