პოპულარულმა რუსმა ბლოგერმა, ვიქტორია ბონიამ, სოციალური ქსელით გამოაქვეყნა ვლადიმირ პუტინისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტს „ხალხის სახელით“ ელაპარაკება, რადგან თავად ხალხს პუტინის ეშინია. ბონიამ პუტინს დაუსახელა რუსეთის ხუთი პრობლემა, რომლებიც, მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია და რომელთა შესახებაც პუტინს არც ერთი გუბერნატორი არ ეტყვის“. ვიდეომ გამოქვეყნებიდან 24 საათში 11 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
რა თქვა ბონიამ?
„თქვენი ეშინიათ, მე კი გეტყვით“ - ყველა „არაგულგრილი რუსის” სახელით ბლოგერი პუტინს ეუბნება, რომ ის „სხვა განზომილებაში ცხოვრობს“ და „ბევრი რამ არ იცის“. ვიდეოში ბონია ჩამოთვლის პრობლემებს, რომელთა შესახებაც, მისი თქმით, პუტინს „არც ერთი გუბერნატორი არ ეტყვის“. ესენია: დაღესტანში მომხდარი წყალდიდობა, ანაპასთან ზღვაში მაზუთის ჩაღვრა, „წითელ წიგნში“ შეტანილი ცხოველების დახოცვა, პირუტყვის მასობრივი დაკვლა ნოვოსიბირსკის ოლქში და სოციალური ქსელების ბლოკირება.
ვიქტორია ბონიამ ვიდეომიმართვაში ასევე ახსენა ინტერნეტთაღლითები და მესენჯერი MAX-ი: „თქვენ გატყუებენ — შექმნეს რაღაც, რაც არ მუშაობს“. ზოგიერთ თემაზე საუბრისას ბლოგერმა დაამატა, რომ არავინ არის სულელი და რომ ყველას ესმის, რატომ კეთდება ეს ყველაფერიო.
თავის ვიდეოში ვიქტორია ბონიამ არაერთხელ გამოთქვა ეჭვი, რომ თვითონ ვლადიმირ პუტინი ინტერნეტს ან სოციალურ ქსელებს საერთოდ არ იყენებს და გამოთქვა ვარაუდი, რომ პუტინი „სხვა განზომილებაში ცხოვრობს“.
„ადამიანები google-ში ეძებენ, როგორ დატოვონ რუსეთი. <…> ყველაზე საშინელი ის არის, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ თქვენ, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, არ იცით, რა ხდება ქვეყანაში“, — განაცხადა ტელეწამყვანმა.
თავად ვიქტორია ბონია რუსეთში არ ცხოვრობს, თუმცა, მისი თქმით, „აღელვებს ქვეყნისა და ხალხის ბედი, რომელიც იტანჯება“. ბლოგერი რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. მეტიც, ვიდეოში ბონია ამბობს, რომ მხარს უჭერს პუტინს და მას „ძლიერ პოლიტიკოსად“ მიიჩნევს.
ვიდეომიმართვის ბოლოს ის კორუმპირებულ გუბერნატორებს უწოდებს „არარაობებს, რომლებიც ქვეყანასა და ხალხს ვნებენ“. ვიქტორია ბონიას თქმით, უნდა დაისაჯონ ისინი და არა ბლოგერები.
პუტინისათვის “ხმის მიწვდომას“ ცდილობენ პროპაგანდისტებიც. ტელეარხ „ცარგრადის“ წამყვანმა იური პრონკომ ხელისუფლება გააფრთხილა მოსალოდნელი „მარცხის“ შესახებ. პრონკოს თქმით, ცენზურის გამკაცრება მხოლოდ აუარესებს რუსეთის მდგომარეობას:
„რუსეთის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, მაღალი ფასებისა და ქვეყნიდან გასვლის შეუძლებლობის გამო მოკლებულია შედარების შესაძლებლობას. ახლა კი წარმოიდგინეთ, ჩვენ დამატებით ვთიშავთ მესენჯერებს და სოციალურ ქსელებს. ანუ რად ვიქცევით? სწორია — ჩვენ ვიქცევით არა ალყაში მოქცეულ ციხესიმაგრედ, არამედ პატარა ჭაობად. ეს არის ჭაობი, გესმით? რით განსხვავდება ჭაობი ტბისგან? ტბაში გამდინარე წყალია, ჭაობში კი არა — დამდგარი და დამპალია წყალია. და როცა მეკითხებიან მაცივრისა და ტელევიზორის შესახებ, ასე გეტყვით: მაცივარი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ტელევიზორი აუცილებლად წააგებს.“
სოლოვიოვიც კი...
ხელისუფლების კრიტიკის უფლებას აძლევს საკუთარ თავს რუსეთის მთავარი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვიც, რომელმაც პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ეკონომიკის ვარდნის გამო რუსეთში სამხედრო წარმოებაც სულს ღაფავს და მალე რუსეთს საბრძოლველად აღარაფერი დარჩება.
„ყველამ, ვისაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან აქვს საქმე, იცის: ფული არ არის! (…) ეკონომიკა დასვეს საჯდომზე. რით გვთავაზობთ ომის წარმოებას? გვითხარით თუ შეიძლება. არაფერი დაგვრჩება, რითაც ბრძოლა შეიძლება“, — განაცხადა სოლოვიოვმა.
მისი თქმით, იარაღის მწარმოებლები მასობრივად უჩივიან ხელისუფლებას, რომ მთავრობას არ სურს სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთების დაფინანსება. შედეგად, საწარმოები იძულებულნი არიან, შეამცირონ წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ ომი გრძელდება და მოთხოვნა „გიჟურად მაღალია“.
„და როგორ უნდა ვაწარმოოთ? როგორ შევისყიდოთ? ფრონტიდან ყველა ყვირის: საჭიროა „მავიკები“ (დრონები). მაგრამ მათი წარმოება ხომ უნდა დაფინანსდეს. რით? რა ფულით? არადა, მოთხოვნა უზარმაზარია, ფული კი არ არის… ფრონტი ამბობს: „მომეცი“, მაგრამ ფული არ არის… რით ვიბრძოლოთ? უკვე „მოსინის” შაშხანებიც კი გამოილია!“ — განაცხადა თავის ერთ-ერთ გადაცემაში ვლადიმირ სოლოვიოვმა.
რუსეთის არმიაში არსებულ პრობლემებზე რეგულარულად წერენ ე.წ. Z-ბლოგერებიც, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებენ ომის მართვასა და სამხედრო ხელმძღვანელობას, თუმცა მცირეხნიანი წაყრუების შემდეგ კრემლმა მათ წინააღმდეგაც დაიწყო მოქმედება. პეტერბურგში რამდენიმე დღის წინ „არმიის დისკრედიტაციის“ ბრალდებით დააკავეს ბლოგერი ალექსანდრ ვასკოვსკი.
ვასკოვსკის დაკავების შესახებ პოსტი გამოქვეყნდა მისივე Telegram-არხზე «Из Донецка разгорится пламя» („დონეცკიდან ალი აინთება“), საიდანაც გაირკვა, რომ ვასკოვსკი დააკავეს 2024 წლის 5 იანვარს გამოქვეყნებული ორი პოსტის გამო: ერთში საუბარია „დნრ-ის სახალხო საბჭოს“ რიგებში კორუფციაზე, მეორეში - ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვზე.
14 აპრილს Telegram-არხზე გამოქვეყნდა კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ვასკოვსკიმ დაწერა, რომ ის გარეთაა და რომ სასამართლო პროცესი ელოდა. პროპაგანდისტის თქმით, მის წინააღმდეგ ბრალდება ეფუძნება „ვიღაც ა.მ. პრილუცკის, ფილოსოფიის დოქტორისა და გერცენის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლის ექსპერტიზას“.
ვასკოვსკის თქმით, ამ „ექსპერტიზამ“ დაასკვნა, რომ პუშილინის „დონეცკის რესპუბლიკა“ არის „ადამიანთა ერთობა, რომელიც მე შეურაცხვყავი, თითქოსდა ეროვნულ ან რელიგიურ ნიადაგზე“. გარდა ამისა, მისი თქმით, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მან უპატივცემულობა გამოავლინა არმიის მეთაურების მიმართ, რადგან გააზიარა კადიროვთან დაკავშირებული სიახლე, რომლის თანახმადაც, ჩეჩნეთის ლიდერი დედამისისთვის ამერიკული სანქციების მოხსნას ითხოვდა.
53 წლის ალექსანდრ ვასკოვსკი დონეცკის მკვიდრია. 2014 წლის დასაწყისიდან პრორუსი სეპარატისტების რიგებშია, იყო თვითგამოცხადებული „დნრ-ის“ „დროებითი მთავრობის“ თანათავმჯდომარე. ვასკოვსკიმ დაწერა წიგნი „დონეცკიდან ალი აინთება“ (ასევე ჰქვია მის ტელეგრამ-არხსაც). წიგნის აღწერაში მოხსენიებულია, როგორც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პირველი მთავრობის წევრი და „დნრ-ის უმაღლესი საბჭოს“ დეპუტატი.
თუმცა პუტინის რეიტინგის კლების ფონზე, კრემლი იძულებულია, ყური დაუგდოს საზოგადოებრივ აზრს. როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთში ინტერნეტშეზღუდვებზე, განსაკუთრებით Telegram-ის დაბლოკვაზე საზოგადოებრივმა პროტესტმა შესაძლოა ხელისუფლებას კურსის შერბილება აიძულოს.
ვინ და რატომ გახადა პუტინის რეიტინგის ვარდნა თვალსაჩინო?
სოციოლოგი იგორ ეიდმანი მიიჩნევს, რომ მიუხედავად პროსახელისუფლებო ბლოგერებში Telegram-ის დაბლოკვის გამო გახშირებული კრიტიკისა, ვლადიმირ პუტინი მათ წუხილს არ გაითვალისწინებს:
„თუ რაიმე უკან დახევა იქნება, მხოლოდ დროებით და ისიც პიარ-ხასიათისა, - ეუბნება სოციოლოგი რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას, - მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთისა და რუსი მომხმარებლების გლობალური ინტერნეტისგან იზოლაციის შესახებ. კურსი აღებულია ჩინური თუ ირანული მოდელისკენ. ეს კურსი გაგრძელდება, რადგან მის უკან დგანან გავლენიანი სპეცსამსახურები, პირველ რიგში, ФСБ. პირობითად რომ ვთქვათ, ეს მათი გაკეთებულია. ისღა დარჩენიათ, რომ შიში თესონ და ამტკიცონ, რომ ყველგან ჯაშუშები და მტრები არიან, რომ საჭიროა მათგან იზოლირება, მათ შორის საინფორმაციო სივრცეშიც. აშკარაა, რომ ისინი დიდი ხანია ლობირებდნენ გადაწყვეტილებას ინტერნეტის შეზღუდვის, Telegram-ისა და სხვა დასავლური მესენჯერების აკრძალვის შესახებ. მათ ეშინიათ ყველაფრის, რასაც ვერ აკონტროლებენ. ჩეკისტები ვერ იტანენ იმას, რომ სრულად ვერ აკონტროლებენ Telegram-ს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ძალიან ბევრი რუსი პროპაგანდისტია და მისი აკრძალვა ფინანსურადაც არ აწყობთ.“
რუსეთის სპეცსამსახურები სრულად აკონტროლებენ Max-ს, VK-ს („ვკონტაქტეს“) და Mail.Ru-ს. რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები დიდი ხანია ცდილობენ Telegram-ის დაბლოკვასაც, მაგრამ, როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ამ სურვილს აბალანსებდა ხელისუფლების ე.წ. იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული ფლანგი პუტინის ადმინისტრაციის სახით.
„თუმცა იმის გამო, რომ პუტინი სულ უფრო კარგავს რეალობასთან კავშირს და სულ უფრო ემხრობა ძალოვნებს, რაღაც მომენტში ბოლომდე გაიზიარა ე.წ. ქორების პოზიცია. არადა, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურდა, სულ მცირე, Telegram-ი მაინც შეენარჩუნებინა, რადგან იქ გარდა იმისა, რომ უზარმაზარი ფინანსური რესურსია ჩადებული, ასევე ფუნქციონირებს იდეოლოგიური, პოლიტიკური და პროპაგანდისტული არხების ფართო ქსელი. ამის დაკარგვა მათ ნამდვილად არ სურდათ. მაგრამ ახლა აშკარაა, რომ კრემლში ყველაზე გავლენიანი ფიგურები სწორედ ФСБ-ს წარმომადგენლები არიან და პუტინი ამ დაპირისპირებაში მათ მხარეს დადგა“, - ამბობს იგორ ეიდმანი.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ФОМ-მა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე მუშაობს, პუტინის ნდობის რეიტინგის კლების მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო, მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაცია ცდილობს გარკვეული მესიჯი გადასცეს პუტინს.
რუსეთის „საზოგადოებრივი აზრის ფონდმა“(ФОМ), რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, ბოლო ანგარიშში (3 აპრილი) ვლადიმირ პუტინის რეიტინგების ვარდნა დააფიქსირა. კვლევის თანახმად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პუტინის მიმართ ნდობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს (71%) მიაღწია მაშინ, როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 80% იყო, 2024 წელს - 81–82%, 2025 წელს კი – 78%. ამასთან, 13%-დან 17%-მდე გაიზარდა იმათი წილი, ვინც არ ენდობა პუტინს.
ФОМ-მა ასევე დააფიქსირა პუტინის მუშაობის შეფასების რეიტინგის (რამდენად კარგად მუშაობს თავის თანამდებობაზე) 74%-მდე ვარდნა. დაახლოებით ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა პუტინს 2022 წლის 25 სექტემბერს, როცა მობილიზაცია ახალი გამოცხადებული იყო.
სოციოლოგიურ სამსახურებს პუტინის რეიტინგის ვარდნის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ. თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის ომის მომხრე წრეებში, ინტერნეტისა და მესენჯერების დაბლოკვამ. ჯერ რეგიონებში დაიწყო მობილური ინტერნეტის რეგულარული გათიშვა, 2026 წლის გაზაფხულისთვის ეს სიახლე მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგსაც შეეხო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განმარტებით, ეს ზომები „აუცილებელია მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან უკრაინა თავდასხმებისთვის სულ უფრო დახვეწილ ტექნოლოგიურ მეთოდებს იყენებს“.
„როსკომნადზორმა“ გაამკაცრა Telegram-ის - პოპულარული მესენჯერის მუშაობის შეზღუდვები, ხოლო ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტრომ VPN-ების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. ხელისუფლებამ რუსეთის ათობით ქალაქში აკრძალა ბლოკირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები და, სულ მცირე, 25 ადამიანი დააკავა.
იგორ ეიდმანის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო ФОМ-ის მონაცემების საშუალებით ცდილობს დაანახოს პრეზიდენტ პუტინს, რომ ინტერნეტშეზღუდვებთან დაკავშირებული პოლიტიკა უარყოფითად მოქმედებს მის პოპულარობაზე.
„თეორიულად, პუტინისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს პოპულარობის რეიტინგს, რადგან მას თავისუფალი არჩევნები არ ემუქრება და ნებისმიერ შემთხვევაში მისი „გამარჯვება“ გარანტირებულია. თუმცა ВЦИОМ-ში მრავალწლიანი მუშაობის გამო ზუსტად ვიცი, რომ პუტინს ყოველთვის ძალიან აინტერესებდა საკუთარი რეიტინგები. პუტინი თავის რეიტინგებს რაღაც სპორტული ინტერესითაც კი აკვირდება — როგორც ჩანს, უბრალოდ უნდა, რომ პოპულარული იყოს. მას მოსწონს პოპულარობა და ძალიან მგრძნობიარედ ეკიდება საკუთარ რეიტინგებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიანიშნებს, რომ კარგი იქნებოდა ტემპის შემცირება, განსაკუთრებით ინტერნეტზე ზეწოლის მიმართულებით — არა იმიტომ, რომ ისინი თავისუფლებისმოყვარეები არიან, ხოლო ჩეკისტები - ცუდები. ისინიც ბოლომდე კორუფციასა და ომის დანაშაულში არიან ჩაფლული. არამედ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული „საქონელი“ აქვთ გასაყიდი. ჩეკისტები პუტინს სთავაზობენ ძალოვან რესურსს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია — მანიპულაციებს. ისინი ეუბნებიან: „ჩვენ ძალიან ჭკვიანები ვართ, გვაქვს უამრავი გზა, რომ ხალხი მოვატყუოთ ისე, რომ შენი, მეფევ და მამავ, არა მხოლოდ ეშინოდეთ, არამედ სიყვარულიც ჰქონდეთ, ჩვენ კი ამისთვის უნდა გვაჭამო.. მაგრამ ამ ეტაპზე, რეპრესიებისა და მკაცრი აკრძალვითი ზომების ზრდით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად ФСБ-ს ბლოკი იმარჯვებს“, — მიიჩნევს იგორ ეიდმანი.
დაიწყება „წმენდა“ Z-საზოგადოებაში?
პოლიტოლოგი დენის გრეკოვი რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან საუბარში მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობა რუსეთის ე.წ. Z-საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან რუსეთის ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს როგორც ომში წარუმატებლობების მიზეზების, ასევე იმ მიზნების ახსნა, რომელთა მიღწევასაც რუსეთი ომის მეხუთე წელს ცდილობს:
„ცოტა ხნის წინ დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიული უთანხმოება რამდენიმე კილომეტრს შეადგენსო. არადა რუსეთის ხელისუფლების ეს პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, არსებითად განსხვავდება 2022 წლის რიტორიკისგან. აშკარაა, რომ რადიკალი Z-პატრიოტები სრულიად განსხვავებული პოლიტიკური იდენტობის მატარებლები არიან, ვიდრე რუსეთის დღევანდელი ელიტა, რადგან ელიტამ ეს Z-პატრიოტიზმი ინსტრუმენტად, იარაღად გამოიყენა“.
დენის გრეკოვის თქმით, ამ წ წინააღმდეგობის გამო ყველაზე რადიკალი „ზეტნიკებიც“ კი, რომლებიც პუტინზე ლოცულობდნენ, რეჟიმის კრიტიკოსებად გადაიქცნენ, თუმცა სადამდე მივა ეს კრიტიკა, ძნელი სათქმელია.
„ეს ყველაფერი ბევრ უცნობ ფაქტორზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე მონოპოლია სერიოზულად არის შერყეული. ქვეყანაში არსებობს მრავალი პარამილიტარული ფორმირება და ფაქტობრივად დამოუკიდებელი არმიებიც კი. ფორმალურად თითქოს რუსულია, მაგრამ რეალურად დამოუკიდებლად მოქმედებენ. მაგალითად, ვის ემორჩილება ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალები — რუსეთის პრეზიდენტს თუ სხვა ადამიანს? აქ უკვე დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება. გარდა ამისა, ბევრი ქმნის საკუთარ კერძო შეიარაღებულ ფორმირებებს. არსებობს მთელი ფენა ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ ახალ ელიტად ჩამოყალიბებას, თუმცა ელიტაში არ უშვებენ. ამიტომ ეს წინააღმდეგობები მხოლოდ გაიზრდება. როგორ გაუმკლავდებიან ამას — ეს უკვე სხვა საკითხია. მოსალოდნელია შიდა რეპრესიებიც, რადგან ლიბერალები ფაქტობრივად “გამოილია”, ხოლო პატრიოტულ საზოგადოებაში წმენდა ჯერ არ ჩატარებულა. ამ ველზე ზოგჯერ ცდილობენ საკუთარი ინიციატივის გამოვლენას. ამიტომ, სავარაუდოდ, ბევრი გაიზიარებს ან ევგენი პრიგოჟინის, არ იგორ სტრელკოვის ბედს“, — მიიჩნევს პოლიტოლოგი დენის გრეკოვი.
ფორუმი