13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული სხდომა 16 ივლისისთვის გადაიდო, რადგან დესმონდის ოჯახი ჯერ ისევ აგროვებს ჯარიმისთვის გადასახდელ 100 ათას ლარს [28 ათასი ფუნტი სტერლინგი].
მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები მეთიუ როი დესმონდს უდანაშაულოდ თვლიან, თავად დაკავებულისთვის გათავისუფლება სიმართლისთვის ბრძოლაზე დიდი პრიორიტეტია.
მეთიუ როი დესმონდს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ასამართლებენ, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანას გულისხმობს და რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-2 დარბაზში გამართულ სხდომაზე, რომელსაც თავად დაკავებულიც ესწრებოდა, ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს დამატებით მოსთხოვა ორი დღე - საპროცესო შეთანხმებისთვის საჭირო საკითხების მოსაგვარებლად.
“ვაგროვებთ ჯარიმის თანხას, რომელზეც შეთანხმებული ვართ ბრალდების მხარესთან. ეს აღარ არის დასამალი - 100 ათას ლარზე შევთანხმდით ბრალდების მხარესთან… არ არის პატარა თანხა და ოჯახი აგროვებს. პლუს, გადარიცხვა-გადმორიცხვებსაც გარკვეული დრო სჭირდება. ამხელა თანხები ასე მარტივად აღარ ირიცხება. ჩვენი გათვლებით, ზეგ ჩვენ უკვე მზად ვიქნებით ჯარიმის გადასახდელად”, - განაცხადა ადვოკატმა კოჭლამაზაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
მოსამართლე გალუსტაშვილმა სხდომა 16 ივლისს 12 საათისთვის დანიშნა.
ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ, დიდი ალბათობით, სწორედ 16 ივლისს გაფორმდება საპროცესო შეთანხმებაც და ბრიტანული არმიის ყოფილ სამხედროს სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლებენ.
თუმცა სასამართლოს ეზოდან მას უკვე მიგრაციის დეპარტამენტი წაიყვანს - დეპორტაციის მიზნით.
წინასწარი ინფორმაციით, მეთიუ როი დესმონდი პირდაპირ ბრიტანეთში გაფრინდება, ხოლო მის კუთვნილ მოტოციკლს, რომლითაც ის საქართველოში შემოსვლასა და მოგზაურობას ცდილობდა, თბილისში საგანგებოდ ჩამოსული ნათესავები უპატრონებენ.
13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-2 დარბაზში გამართულ სხდომაზე, მეთიუ როი დესმონდი დაკავების შემდეგ პირველად ნახა მისი დის მეუღლემ - ჯეიმს სოიერმა. საქმესთან დაკავშირებული კომენტარისგან მან თავის შეიკავა, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ პროცესი სათანადოდ წარიმართება და მეთიუ მალე შინ დაბრუნდება.
ამ ადამიანისთვის მთავარია თავისუფლება
ადვოკატები კვლავ თვლიან, რომ დესმონდს დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ სიმართლის დადგენა მისთვის პრიორიტეტი აღარ არის - რადგან საპატიმროში ის “ძალიან ცუდად” გრძნობს თავს და ხერხემლის ტრავმით გამოწვეული ტკივილი აწუხებს.
“დაცვის მხარე ფიქრობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა, ფორმალურად, ასეთი პრაქტიკა სასამართლოს არა აქვს… ჩვენ რომ ვიდავოთ, ჩვენ შეიძლება მოვიგოთ ეს საქმე, თუმცა 100 პროცენტით ამას ვერ ვიტყვით.
ამიტომ, ვინაიდან მას [დაკავებულს] აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ვინაიდან 8-დან 12 წლამდე პასუხისმგებლობა ელოდება, აღარ ვრისკავთ. პირობები, რომლებიც ბრალდების მხარემ შემოგვთავაზა, მისაღებია. ამ ადამიანისთვის მთავარია თავისუფლება, ამიტომ ვეღარ გავიგებთ, რა მოხდებოდა, რომ გვედავა ამ საკითხთან დაკავშირებით”, - ადვოკატ ჯაბა კოჭლამაზაშვილის თქმით, საქმის არსებით განხილვას კიდევ საკმაო დრო დასჭირდებოდა - მოწმეების დაკითხვა, მტკიცებულებების გამოკვლევა - რისთვისაც დაკავებული არ არის მზად.
თავისუფლების სანაცვლოდ აღიარებისთვის მეთიუ როი დესმონდი უკვე დიდი ხანია მზად არის - თუმცა პროცესი ჭიანურდებოდა. საპროცესო შეთანხმების საკითხი მას შემდეგ დაიძრა, რაც დაკავებულის ქართველმა ადვოკატებმა დუმილი დაარღვიეს და საქმის დეტალები გაახმოვანეს.
მეთიუ რეი დესმონდი, საქართველოში შემოსვლის დროს, იმ მედიკამენტების გამო დააკავეს, რომლებითაც ხერხემლის ტკივილს იყუჩებდა. "პრეგაბალინი", "ბუპრენორფინი" და "კოდეინი", ადვოკატების თანახმად, მას სწორედ ექიმის მიერ ჰქონდა გამოწერილი; ხერხემლის ტრავმის გამო - რომელიც დამსახურებულმა ვეტერანმა სადესანტო ბრიგადაში საქმიანობის დროს მიიღო - რადგან ხშირად უწევდა პარაშუტიდან ხტომა.
ადვოკატების თანახმად, საზღვარზე პრობლემა მხოლოდ იმან წარმოშვა, რომ “ფორმალობები არ ჰქონდა დაცული” და მაგალითად, დესმონდის მიერ საზღვარზე წარდგენილი ცნობა [ფორმა 100] არ იყო დამოწმებული აპოსტილით, რასაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება მოითხოვს.
ადვოკატების თანახმად, მართალია, საჭირო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები პროკურატურასა და სასამართლოს მალევე უჩვენეს, ხოლო რამდენიმე კვირაში ხელში ეჭირათ ყველა საჭირო დოკუმენტის დედანიც - ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული - თუმცა საქმე თვეების განმავლობაში არ დაძრულა.
49 წლის მეთიუ როი დესმონდს, ბრიტანეთის არმიის მრავალი მედლით დაჯილდოებულ, დამსახურებულ ვეტერანს, თავისი მოტოციკლით 25 ქვეყანა აქვს მოვლილი და საქართველოში შემოსვლასაც, ასევე თავისი მოტოციკლით, აპრილის ბოლოს გეგმავდა - საბერძნეთსა და თურქეთში მოგზაურობის შემდეგ. ის 23 აპრილს საზღვარზე დააკავეს. ოჯახთან და ახლობლებთან მისი კავშირი 23 აპრილს 16:14 საათის შემდეგ გაწყდა, რის შესახებაც ფეისბუკში მისი და წერდა.
სისხლის სამართლის საქმეშია მეთიუ როი დესმონდის სამხედრო დამსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაცია - მიღებული ჯილდოები - გლობალური მშვიდობის ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში - ერაყსა და ავღანეთში მსახურებისთვის.
მას საუკეთესო მებრძოლად და პიროვნებად ახასიათებენ მისი ყოფილი მეთაურები, თანამებრძოლები - რომელთა მიერ გამოგზავნილი დახასიათებები, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული, თბილისშიც გამოიგზავნა.
მეთიუ როი დესმონდი განსაკუთრებული სიმამაცის გამო მოხვდა სემ კაილის წიგნშიც - „სასოწარკვეთილი დიდება“ [Desperate Glory] - რომელიც ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ბრიტანეთის საჰაერო-სადესანტო ბრიგადის საქმიანობას და ბრიტანელი სამხედროს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს ასახავს.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ მეთიუ როი დესმონდის წინააღმდეგ საქართველოში საქმე ადმინისტრაციული წესითაც იყო დაწყებული - ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში მოხმარების ფაქტზე, რადგან მის შარდში აღმოჩენილ იქნა ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატების კვალი. ეს დავა ადვოკატებმა ივნისში მოიგეს - ბრალდებას გაუჭირდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანმა პრეპარატები მოიხმარა საქართველოშიც - მაშინ, როცა ის ქვეყანაში შემოსვლამდე, საზღვარზე დააკავეს.
ფორუმი