Accessibility links

ბრუნო ლეტე: სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი არ არიან ქვეყნები, არ არიან სახელმწიფოები


ბრუნო ლეტე

დასავლეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან სირიის დაგმობა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის, დამაიმედებელია საქართველოსათვის. მაგრამ რამდენად არის სიტყვიერი განცხადებები საკმარისი მომავალში მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად და, საბოლოო ჯამში, რამდენად აქვს ასეთ ერთსულოვნებას მნიშვნელობა რეალობაში. ჩვენს შეკითხვებს ბრიუსელიდან უპასუხებს ბრუნო ლეტე, "გერმანიის მარშალის ფონდის" ანალიტიკოსი.

ბრუნო ლეტე: „ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამაზე რეაგირებს - არ შეიძლება დავუშვათ, რომ ასეთი რამ მომავალში რეგულარულად ხდებოდეს. პირველ რიგში, სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი არ არიან ქვეყნები, არ არიან სახელმწიფოები - ისინი არიან სეპარატისტული რეგიონები. და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ რეგიონებს აღიარებს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად. ამდენად, ამ რეგიონების აღიარება - რაც სირიამ გააკეთა - ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. (არადა, საერთაშორისო სამართლის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.) ამიტომაა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საჯაროდ განაცხადეს: დიდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველყოფას, რომ ეს პრეცედენტად არ იქცეს.

პირველ რიგში - საქართველო სწორად მოიქცა, როცა, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესმა ნაწილმა, შეშფოთება გამოთქვა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. ეს იყო ძალიან სერიოზული ინციდენტი..
ბრუნო ლეტე

რადიო თავისუფლება: „ამასთან ნათელია ისიც, რომ სირიის მიერ დამოუკიდებლობის აღიარება ჯდება რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული „თვალი თვალის წილ“ პოლიტიკურ შაბლონში. მაგრამ რა არის მისი ნამდვილი მიზანი?

ბრუნო ლეტე: „ცნობილია, რომ რუსეთი ძალიან აქტიურად მოქმედებს სირიაში ბოლო წლებში. სირიის კონფლიქტში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ვითარება აშკარად შეიცვალა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის სასარგებლოდ, გაძლიერდა მისი პოზიცია სირიის ომში. უნდა გვესმოდეს, რომ სირიის პრეზიდენტისათვის ეს (საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება) იყო იოლი გადაწყვეტილება, იოლად გადასადგმელი დიპლომატიური ნაბიჯი თავისი მოსკოველი პატრონის გულის მოსაგებად. ნათელია, რომ სირია ხდება რუსეთის ვასალი სახელმწიფო. ამდენად, ალბათ, სულაც არ იყო მოულოდნელი ის, რაც სირიამ გააკეთა. წარმომიდგენია, რომ ამ საკითხზე დისკუსიისას მჭიდროდ თანამშრომლობდნენ მოსკოვთან და, პრინციპში, ეს არის რუსეთის მორიგი ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოს დასაჩაგრად და მისი დესტაბილიზაციის მისაღწევად.

რადიო თავისუფლება: ხომ არ ფიქრობთ, რომ დამასკის ეს ქმედება ნაწილობრივ პროვოცირებული იყოს საქართველოს მხრიდან სირიის ქიმიური იარაღის ობიექტებზე განხორციელებული საავიაციო იერიშის მხარდაჭერის გამო?

ბრუნო ლეტე: პირველ რიგში - საქართველო სწორად მოიქცა, როცა, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესმა ნაწილმა, შეშფოთება გამოთქვა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. ეს იყო ძალიან სერიოზული ინციდენტი! შეიძლება, ეს მართლაც ჩაითვალოს ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რაც სირიამ გააკეთა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, (ეს ასევე იყო სირიის ნაბიჯი მოსკოვთან ურთიერთობის გასაძლიერებლად.) სირია ხდება რუსეთის ერთგვარი, ვასალი სახელმწიფო, ამიტომ, სირიის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება რომ ყოფილიყო კიდეც ერთგვარი პასუხი ქიმიური იარაღის საკითხში (საქართველოს პოზიციაზე) - პირველ რიგში, მომხდარი უნდა განვიხილოთ სირიის მიერ რუსეთთან ურთიერთობის გაძლიერებად და, აშკარად, ამ ბანაკის არჩევად - საერთაშორისო თანამეგობრობისაგან დაშორებასთან ერთად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა, ნატომ და მთლიანად, საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავინდებურად გამოხატონ მხარდაჭერა სუვერენული არჩევანის მიმართ, რომელიც გააკეთეს საქართველომ და უკრაინამ, თუ სხვა ქვეყნებმა. მათ არჩევანს პატივი უნდა სცენ ქვეყნებმა, როგორიცაა რუსეთი, როგორიცაა სირია - მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ასე არ ხდება....
ბრუნო ლეტე

რადიო თავისუფლება: მოუგვარებელი კონფლიქტი არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. უკრაინასა და მოლდავეთშიც სახეზეა გეოპოლიტიკური დაპირისპირება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გარშემო, რომლებიც უახლოვდებიან დასავლეთის ალიანსებს. იმ სამწუხარო ჩიხური ვითარების ფონზე, რაც ახასიათებს პოსტსაბჭოთა კონფლიქტებს, აქვს თუ არა დასავლეთს რაიმე კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც შეიძლებოდეს ამ პრობლემების გადაჭრა?

ბრუნო ლეტე: საქართველომ, ისევე როგორც რამდენიმე სხვა სახელმწიფომ, რომელიც საბჭოთა კავშირის წევრი იყო, მიიღეს სუვერენული გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობასთან ურთიერთობის გამყარების შესახებ. საპასუხოდ რუსეთი მათ არჩევანს დაუპირისპირდა ზომებით, რომლებითაც ცდილობს ამ ქვეყნების დესტაბილიზაციას. ვხედავთ, რომ სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის მდგომარეობა ასეთი პოლიტიკის შედეგია. ახლა იგივე სქემას ვხედავთ დონბასში, უკრაინაში, ვხედავთ რა ხდება დნესტრისპირეთში - მოლდავეთში. ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს არის თბილი, გაცხელებული კონფლიქტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს საიმისოდ, რომ ქვეყნებს როგორიცაა საქართველო, როგორიცაა უკრაინა, ხელი შეუშალოს ევროკავშირთან, ან ნატოსთან დაახლოებაში. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა, ნატომ და მთლიანად, საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავინდებურად გამოხატონ მხარდაჭერა სუვერენული არჩევანის მიმართ, რომელიც გააკეთეს საქართველომ და უკრაინამ, თუ სხვა ქვეყნებმა. მათ არჩევანს პატივი უნდა სცენ ქვეყნებმა, როგორიცაა რუსეთი, როგორიცაა სირია - მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ასე არ ხდება. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ძალიან, ძალიან ბევრჯერ გამოვიდნენ ასეთი მოწოდებით - მაგრამ რუსეთი უარს ამბობს ამ სეპარატისტული რეგიონებიდან თავისი ჯარების გაყვანაზე, უარს ამბობს ჯარების გაყვანაზე საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიიდან. სანამ ეს არ ხდება, ცხადია, პრობლემა არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG