Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გადმოცემით ვიცი ყველაფერი“ - ომში დაბადებული ქეთი


ქეთი დოიჯაშვილი 2008 წლის 7 აგვისტოს დაიბადა
ქეთი დოიჯაშვილი 2008 წლის 7 აგვისტოს დაიბადა

7 აგვისტოს გორის სამშობიარო სახლში შეიყვანეს. თორმეტს აკლდა 15 წუთი რომ იმშობიარა. გოგო დაიბადა, მაგრამ მას ნორმალურად არავინ მიფერებია. ცოტა ხნით ადრე ომი დაიწყო.

ომი პირველად მის სოფელში, ერგნეთში მივიდა. სახლი, რომელიც ცხოვრობდნენ განადგურდა. ომი ცხინვალთან და ერგნეთთან არ გაჩერებულა. 9 აგვისტოს, გორის სამშობიაროსთან ახლოს, ქართული სატანკო ნაწილი რუსულმა ავიაციამ დაბომბა. სამშობიაროში ფანჯრები ჩაიმსხვრა. დედა-შვილი გადარჩა.

გაქცევა სამშობიაროდან

მაგული ოქროპირიძე 5 შვილის დედაა. 15 წლის წინ სამშობიარო სახლში, ახალშობილის გარდა, ნათესავებისთვის მიბარებულ 4 შვილზე და ოჯახის სხვა წევრებზე ფიქრობდა.

„2 ბავშვი დედასთან მყავდა გორში დატოვებული და 2 პატარა დედამთილთან და მამამთილთან მეზობელ სოფელ ტირძნისში, ვითომ სამშვიდობოს გავიყვანეთ. გორში სატანკო ნაწილში ბომბი რომ ჩამოაგდეს, სამშობიაროს მინებიც ჩაიმსხვრა. ყველაფერი გადამეკეტა, ვერ ვაზროვნებდი, მხოლოდ ბავშვს მოვკიდე ხელი და გავრბოდი დაბლა. დეფორმაციამ კარი გაჭედა და ვეღარ ვაღებდით. ერთი რაც მომაფიქრდა გავაღე ფანჯარა და გადმოვხტი თოთო ბავშვით ხელში. სამშობიაროს მაღალი პირველი სართული აქვს. არაფერი მტკენია, ან შეიძლება მეტკინა კიდეც, მაგრამ ვერ ვიგრძენი.“

მაგულიმ, ახალშობილთან ერთად იქვე ახლოს, უცნობის მანქანა გააჩერა და დახმარება სთხოვა. მძღოლმა თავისი საქმე გვერდით გადადო და დედა-შვილი სამშვიდობოს გაიყვანა. მაგულიმ დღემდე ამ კაცის არც სახელი იცის და არც გვარი. სახეზეც არ ახსოვს, მაგრამ მისი მადლიერი მთელი ცხოვრება იქნება.

რა იცის ქეთიმ?

ქეთი დოიჯაშვილი ახლა 15 წლისაა. ქეთი დაიბადა 2008 წლის 7 აგვისტოს გორის სამშობიარო სახლში. ახლა სოფელ ერგნეთში ცხოვრობს, იმ სახლში, რომელიც 15 წლის წინ ომის პირველივე დღეებში დაწვეს.

ქეთი დოიჯაშვილი 2008 წლის ომის შედეგებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:53 0:00

„გადმოცემით ვიცი ყველაფერი. დედა მიამბობს ხოლმე იმდროინდელ ამბებს. ვიცი, რომ ომის დასრულების შემდეგ, როცა სახლში დაბრუნდნენ, აქ კედლების გარდა აღარაფერი იყო. ომის შემდეგ ჩვენს სოფელში ნახევარზე მეტი აღარც დაბრუნდა. ვიცი, რომ გაუსაძლისი პირობები იყო და ჩემმა მშობლებმა ახლიდან დაიწყეს ცხოვრება.“

7 აგვისტოს გადარჩენილი დედა-შვილი, ქეთი და მაგული ერგნეთში, აღდგენილ სალში, 2023 წლის აგვისტო
7 აგვისტოს გადარჩენილი დედა-შვილი, ქეთი და მაგული ერგნეთში, აღდგენილ სალში, 2023 წლის აგვისტო

მოგონებები

სახლში დაბრუნება ქეთის მშობლებმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც საოკუპაციო ძალებმა ცხინვალისკენ დაიხიეს, თუმცა სათვალთვალო საგუშაგოების მეშვეობით მთელ სოფელს აკონტროლებდნენ. დაბრუნება სახიფათო იყო.

”სოფელში რომ დავბრუნდით, უკვე წარმოვიდგინე რანაირი იქნებოდა ჯოჯოხეთი. სახურავიდან აყრილი და ჩამოკიდებული თუნუქი, ნიავის დროს დანგრეულ კედელს ეჯახებოდა და საშინელი ხმა ჰქონდა. სანამ ცოცხალი ვარ, ეს ხმა არ დამავიწყდება.

[სახლისაკენ] გზაზე გვაფრთხილებდნენ, შუაში არ იაროთ, შეიძლება სნაიპერი გიყურებდეთო და როგორია მაინც რომ მოდიხარ, რადგან სახლში გინდა დაბრუნება.

ქეთის დედა 2008 წლის ომის დროს მშობიარობის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:55 0:00

მოვედით და ნანგრევები დაგვხვდა, ყველაფერი გაუბედურებული იყო. ერთადერთი ამ ნანგრევებში ბავშვობის დროინდელი პიანინო გადარჩა. როგორც ჩანს, ვერ გაიტანეს და სიმები დაწყვიტეს. წიგნები იყო დაფხრეწილი, რამდენიმე რუსული წიგნი მქონდა და ის წაიღეს“, - იხსენებს მაგული ოქროპირიძე.

15 წლის სამოქალაქო აქტივისტი

ერგნეთის ცენტრში, ახალგაზრდები ხშირად რიტუალების სახლში იკრიბებიან. „მეტი შეგვიძლია“- ასე ჰქვია ახალგაზრდულ ცენტრს, რომელშიც ქეთი თანასოფლელ ბავშვებთან ერთად გაწევრიანდა.

სოფელში ბავშვებთან სტუმრად ხან ვინ ჩადის და ხან ვინ: ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო აქტივიზმზე, მშვიდობის მშენებლობაზე, დეზინფორმაციის და პროპაგანდის მავნებლობაზე ესაუბრებიან.

„ომთან დაკავშირებით ვმართავთ შეხვედრებს, ვაკეთებთ გამოფენებს. გავდივართ ხოლმე და სოფლის გზაზე სამშვიდობო თემატიკაზე ასფალტზე ვხატავთ. მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც ვიღებთ. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენ შესახებ.“ - ამბობს ქეთი დოიჯაშვილი.

მაგული ოქროპირიძემ თავისი მე-4 შვილი - ქეთი გორში 2008 წლის 7 აგვისტოს გააჩინა
მაგული ოქროპირიძემ თავისი მე-4 შვილი - ქეთი გორში 2008 წლის 7 აგვისტოს გააჩინა

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალიდან წამოსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პირველად სოფელ ერგნეთში შევიდნენ, სახლების 80 პროცენტი გაძარცვეს და დაწვეს.

ერთი წლის შემდეგ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, განადგურებული სახლების მფლობელებს ეზოებში კოტეჯები აუშენეს, სადაც რამდენიმე წელი გაატარეს. მოგვიანებით მათი სახლების აღდგენა დაიწყეს.

ახლა ერგნეთი ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკების ადგილია, რომელშიც საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სევდიანი დაბადების დღე

ყოველი წლის აგვისტოს მოახლოებასთან ერთად, დოიჯაშვილების 7-სულიან ოჯახში იმ დღეებს იხსენებენ, როცა ოჯახი უსახლკაროდ და უყველაფროდ დარჩა. 15 წლის განმავლობაში ოჯახმა სახლის აღდგენა მოხერხდა, ქეთიც გაიზარდა და კიდევ ერთი, მე-5 შვილი დაიბადა.

„ქეთის დაბადების დღე როცა მოდის, იმ მოგონებებთან ერთად ჯერ უნდა ვიტირო და მერე მივულოცო ბავშვს. იმდენად მაქვს შიში გამჯდარი, რომ იმ მილოცვისაც მეშინია, თუმცა მთელი ცხოვრება ვიამაყებ. პირველმა ქეთიმ თქვა უარი სიკვდილზე და დაამარცხა. რუსების ომი ალბათ პირველმა ქეთიმ დაამარცხა თავისი დაბადებით და სიცოცხლით“.

XS
SM
MD
LG